საქმე N 170100120003697149
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1078აპ.-21 22 თებერვალი, 2022 წელი
ი–ი თ., №1078აპ.-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 თ. ი–ი (პირადი ნომერი ......), - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თ. ი–მა მეუღლეს - ნ. ი–ს, სახლიდან კუთვნილი სამკაულების წაღების გამო, სახის არეში ესროლა პოლიეთილენის ბოთლი და მარცხენა ლოყაში გაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თ. ი–ი თანაცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეუღლეს - ნ. ი–ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს შეესწრო თ. და ნ. ი–ების არასრულწლოვანი შვილი - მ. ი–ა.
2020 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თ. ი–ი, დაზარალებულის მიერ პოლიციის გამოძახების გამო, საკვების დასაჭყლეტი ლითონის ხელსაწყოს დემონსტრირებით და ფრაზით: „პოლიციის წასვლის შემდეგ, ნახავ, რაც დაგემართება“, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ი–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. ი. ი–ი (პასპორტის ნომერი ......), - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის ივლისის ბოლოს, დაახლოებით 17:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ი. ი–მა ნ. ი–ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვან მ. ი–ს ფეხსაცმლის გარეშე ალკოჰოლური სასმლის შესაძენად მაღაზიაში გაგზავნისათვის დაზარალებულის საყვედურის გამო, გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ი. ი–ი თანაცხოვრების ბოლო ხუთი წლის მანძილზე ნ. ი–ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს შეესწრო ი. და ნ. ი–ების არასრულწლოვანი ოჯახის წევრი - მ. ი–ა.
2020 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, წ–ს მინიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ი. ი–ი, დაზარალებულის მიერ პოლიციის გამოძახების გამო, ნ. ი–ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფრაზით: „თავს მოგაჭრი“, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
თ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
თ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების ათკვეთა 1 წლითა და 3 თვით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპით, თ. ი–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
თ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 14 აპრილიდან.
ი. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
ი. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპით, ი. ი–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
ი. ი–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 14 აპრილიდან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
თ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
თ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ი–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, ხოლო დამატებით სასჯელად - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
თ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 14 აპრილიდან (მოხდილია სრულად).
ი. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
ი. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 7 თვით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი. ი–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 7 თვით, ხოლო დამატებით სასჯელად - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
ი. ი–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 14 აპრილიდან.
3.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2020 წლის 14 აპრილამდე, ბოლო 6 თვის განმავლობაში, თ. ი–ი, არასრულწლოვანი შვილის - მ. ი–ს თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს - ნ. ი–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
2020 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, თ. ი–ი, დაზარალებულის მიერ პოლიციის გამოძახების გამო, საკვების დასაჭყლეტი ლითონის ხელსაწყოს დემონსტრირებით და ფრაზით: „პოლიციის წასვლის შემდეგ, ნახავ, რაც დაგემართება“, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ი–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის ივლისის ბოლოს, საღამოს, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ი. ი–მ ნ. ი–ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვან მ. ი–ს ფეხსაცმლის გარეშე ალკოჰოლური სასმლის შესაძენად მაღაზიაში გაგზავნისათვის დაზარალებულის საყვედურის გამო, გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, წ–ს მინიციპალიტეტის სოფელ ა–ში, ი. ი–ი, დაზარალებულის მიერ პოლიციის გამოძახების გამო, ნ. ი–ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფრაზით: „თავს მოგაჭრი“, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ყველა ბრალდებაში და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები თ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი. ი–ის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო
ი. ი–ის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ. ი–ისა და ი. ი–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. მოწმე ნ. ი–ს განმარტებით, მეუღლემ - თ. ი–მ, ოქროების გამო წარმოქმნილი კონფლიქტისას, ესროლა წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც მოხვდა მარცხენა ლოყაზე და ეტკინა. ამ ფაქტის დროს მისი ქალიშვილი მ. და ვაჟი - გ. სხვა ოთახებში იმყოფებოდნენ. აღნიშნული გარემოებები მოწმემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც აღიდგინა.
5.4. მოწმე მ. ი–ს განმარტებით, მამამ პლასტმასის ბოთლი ისროლა, რომელიც კედელს მოხვდა და ძირს დაეცა. რომ მივიდა, დედას მარცხენა ლოყა აწითლებული ჰქონდა. დედამ უთხრა, რომ ბოთლი მოხვდა.
5.5. ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ნ. ი–ს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება, რაც ასევე დაადასტურა გამომძიებელმა ნ. ლ–მ.
5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან მხოლოდ მოწმე ნ. ი–ს ჩვენება წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას. თავად ნ. ი–ც განმარტავს, რომ ძალადობის დროს მისი ქალიშვილი - მ. და ვაჟი - გ. სხვა ოთახებში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მ. ი–აც ვერ ადასტურებს, ხოლო სხვა მამხილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მ. ი–ს ჩვენების ის ნაწილი, რომელიც შეეხება ნ. ი–ს განმარტებას მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან გადმოსცემს სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.10. რაც შეეხება დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 15 აპრილის ოქმს, მასში ასახული ინფორმაცია იმეორებს დაზარალებულის ჩვენებას, წარმოადგენს ერთი წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, არ ქმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას თ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისთვის.
5.11. რაც შეეხება ი. ი–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებას, ამ ნაწილში ბრალდების მხარე საკუთარ პოზიციას აფუძნებს მოწმეების: ნ. ი–სა და მ. ი–ს ჩვენებებს.
5.12. ნ. ი–ს განმარტებით, ვინაიდან სახლიდან ორი წელია, რაც გააგდეს, კვირა დღეს მიდიოდა შვილების სანახავად, რა დროსაც თ. და ი. ი–ები აყენებდნენ შეურაცხყოფას, რასაც თითქმის ყოველ ჯერზე მ–ა ესწრებოდა. ბოლო დროს თ–ი უფრო ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას. შეურაცხყოფის ფაქტები თანაცხოვრების პერიოდში უფრო ხშირად ხდებოდა. ნ. ი–ს ჩვენება დაადასტურა მოწმე მ. მ–აც და განმარტა, რომ როდესაც დედა კვირა დღეს სახლში მიდიოდა, ძალიან ხშირად, მისი თანდასწრებით, მამა და ბიძა ცუდი სიტყვებით მიმართავდნენ დედას, მაგრამ მამა - უფრო ხშირად.
5.13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმის შესახებ, რომ მოწმეთა ჩვენებები ბუნდოვანია ი. ი–ის მიერ ნ. ი–ს შეურაცხყოფის სისტემატურობის დასადგენად. ამასთან, ბუნდოვანია შეურაცხყოფის მიყენების კონკრეტული დრო და ვითარება.
5.14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა თ. ი–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი. ი–ის მიერ - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ.
5.15.სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე