Facebook Twitter

საქმე N 020100121004880100

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1067აპ.-21 18 თებერველი, 2022 წელი

თ-ა ქ., 1067აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2021 წლის 10 ივნისს ქ. თ–ა (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ).

1.2. ქ. თ–ასთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ. თ–მ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე - იმის გამო, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. კ–ს აიძულებს მისი ნათქვამის უსიტყვოდ შესრულებას, ვინაიდან თვითონ არის მამაკაცი და ის ქალი, ლ. კ–ზე გაბრაზებულმა ქ. თ–ამ თავიანთი მცირეწლოვანი შვილის - სამი წლის ე. კ–ს თანდასწრებით, მარცხენა ლოყაზე ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი ლ. კ–ს, რის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მან დანის გამოყენებით სამჯერ მიაყენა მარცხენა მკლავზე დაზიანება.

- 2021 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ქ. თ–ამ, ოჯახური კონფლიქტის დროს ხელი გაარტყა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. კ–ს, რომელიც შეეპასუხა, თუ რატომ დაარტყა, რა დაუშავა. აღნიშნულზე გაბრაზებული ქ. თ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ლ. კ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ქ. თ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 2 ნოემბერს პროკურორმა მაია ჯაბუამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: ქ. თ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი მაია ჯაბუა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ქ. თ–ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

4.3. კასატორის პოზიციით, სასამართლოებს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ დაზარალებულის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კერძოდ, მან დანაშაულის შესახებ მოუყვა დედას, რომელმაც შეატყობინა 112-ს, თანხმობა განაცხადა გამოკითხვაზე. მისი გამოკითხვის შედეგად საძინებელი ოთახის დათვალიერებისას ამოიღეს ლაქა, დაზარალებულის კაბა მოწითალო ფერის ლაქებით და დასაკეცი დანა, მაგრამ მოგვიანებით სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. პროკურორის აზრით, დაზარალებულის ქცევა ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის კლასიკურ ქცევას, რომელიც ძალადობის შემდეგ მუდმივ შიშს განიცდის, დაძაბული განაგრძობს ცხოვრებას და ცდილობს მომავალი საფრთხის თავიდან აცილებას, რასაც მოძალადის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განსახილველ შემთხვევაში განაპირობა კიდეც დაზარალებულის მხრიდან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს პირველი ქორწინებიდან ყავს შვილი, რომელიც ქ. თ–ასა და მისი ოჯახისთვის არის არასასურველი.

4.4. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის N626აპ.-17 გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მისი აზრით ეწინააღმდეგება გასაჩივრებულ განაჩენში მოყვანილი დასაბუთება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, კერძოდ:

5.2. შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა ლ. კ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა მეუღლის - ქ. თ–ას წინააღმდეგ, ხოლო მოწმე - ლ. დ–ა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემს მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, რაც დამოუკიდებლად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, მართალია, დადგენილია, რომ ლ. კ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით, მაგრამ, ვინაიდან შემთხვევის უშუალო შემსწრე პირმა ჩვენება არ მისცა ქ. თ–ას წინააღმდეგ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, თუ კონკრეტულად ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა დაზიანება ლ. კ–ს. შესაბამისად, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი ქ. თ–ას ბრალეულობის დასადასტურებლად.

5.4. ბრალდების მხარის მტკიცებას დაზარალებულის მიმართ ჩადენილ მუქარასა და ძალადობასთან დაკავშირებით, უპირისპირდება დაცვის მხარის მოწმეების, მათ შორის - ლ. თ–ს, ი. ე–ს, ს. ბ–ს, მ. კ–ს, გ. ჯ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციები, რომელთა თანახმადაც, 2021 წლის 8 ივნისს ქ. თ–ასა და ლ. კ–თან ერთად არ იმყოფებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი, ჩხუბის ხმა არ გაუგიათ და შემთხვევიდან მეორე დღეს არც დაზარალებულს მოუყოლია მათთვის ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თ–ა ბრალდებულად იქნა ცნობილი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ძალადობისთვის, რასაც გამორიცხავს მოწმეების - ლ. თ–სა და ი. ე–ს გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

5.6. პროკურორი საკასაციო საჩივარში ბრალის დამადასტურებელ არგუმენტად უთითებს დაზარალებულის შემდგომ ქცევაზე, საკასაციო სასამართლო საკითხის შეფასებისას, ზემოდასახელებულ გარემოებებთან ერთად, მხედველობაში იღებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 აპრილის განაჩენს, რომლითაც დაზარალებული მსჯავრდებულია მეუღლის ცრუ დასმენისთვის და მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული არგუმენტები განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდება ქ. თ–ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

5.7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ წარმოადგინა.

5.6. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის N626აპ.-17 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე