Facebook Twitter

საქმე N 030100121004578615

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1028აპ.-21 17 თებერვალი, 2022 წელი

ქ–ი ე., 1028აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განაჩენით ე. ქ–ი - დაბადებული .... წლის 4 აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 25 მარტის 01:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 25 მარტის 11:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ე. ქ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 2 თვითა და 24 დღით) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

1.4. მსჯავრდებულ ე. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 25 მარტიდან.

1.5. ფოთის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ქ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არაერთგზის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი). აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 25 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხ.–ს მუნიციპალიტეტის ს–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ე. ქ–სა და ი. მ–ს საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ე. ქ–ი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის მეუღლეს - ი. მ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

- 2021 წლის 25 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის ს–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ე. ქ–სა და ი. მ–ს საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ე. ქ–ი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის მეუღლეს - ი. მ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 4 ნოემბერს მსჯავრდებულმა ე. ქ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა მასში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონოა, მისთვის განსაზღვრული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებსა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ვინაიდან მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენითვის.

3.3. მსჯავრდებული ე. ქ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელიდან ნაწილის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - პირობით მსჯავრად ჩათვლას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

4.3.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. ქ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.

4.4. იმის გათვალისწინებით, რომ ე. ქ–მ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ქ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე