საქმე N 020100121004400155
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1066აპ.-21 18 თებერველი, 2022 წელი
მ–ა თ., 1066აპ.-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2021 წლის 1 თებერვალს თ. მ–ა (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).
1.2. თ. მ–ასთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის იანვრის ბოლოს ზ–ს რაიონის სოფელ ო–ში, თ. ქ–ს საცხოვრებელ სახლში, თ. მ–ა, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - თ. ქ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც თ. ქ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განაჩენით თ. მ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 2 ნოემბერს პროკურორმა მაია ჯაბუამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: თ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი მაია ჯაბუა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია თ. მ–ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
4.3. კასატორის პოზიციით, სასამართლოებს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ დაზარალებულის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კერძოდ, მან დანაშაულის შესახებ თავად შეატყობინა 112-ს, თანხმობა განაცხადა გამოკითხვაზე, მაგრამ სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. პროკურორის აზრით, დაზარალებულის ქცევა ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის კლასიკურ ქცევას, რომელიც ძალადობის შემდეგ მუდმივ შიშს განიცდის, დაძაბული განაგრძობს ცხოვრებას და ცდილობს მომავალი საფრთხის თავიდან აცილებას, რასაც მოძალადის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განსახილველ შემთხვევაში განაპირობა კიდეც დაზარალებულის მხრიდან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
4.4. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის N626აპ.-17 გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება გასაჩივრებულ განაჩენში მოყვანილი დასაბუთება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, კერძოდ:
5.2. შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა თ. ქ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა ყოფილი მეუღლის - თ. მ–ას წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა თ. მ–ას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.3. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მოწმეები, მათ შორის - ჯ. თ–ა და შ. ფ–ა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას. უფრო მეტიც, მოწმე ჯ. თ–ა აღნიშნავს, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, დაზარალებულს შეეშინდა თუ არა, ხოლო მოწმე შ. ფ–ა მიუთითებს, რომ თ. მ–ა თ. ქ–ს მანქანაში არ დამუქრებია, ამასთან, დაზარალებულს მისთვის არ უთქვამს, რომ მეუღლე ემუქრებოდა.
5.4. რაც შეეხება დანაშაულის თაობაზე შეტყობინების ოქმს, მასში მითითებულია, მხოლოდ ის გარემოება, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის გამო თ. ქ–მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ოქმში არაფერია ნათქვამი მუქარზე, მისი ჩადენის დროსა და ხერხზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის თაობაზე შეტყობინებას სასამართლო ვერ განიხილავს დამოუკიდებელ მტკიცებულებად, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა, სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებაში.
5.6. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ. მ–ას მიერ მისთვის წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
5.7. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის N626აპ.-17 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე