Facebook Twitter

საქმე N 120100121004396292

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1056აპ.-21 17 თებერვალი, 2022 წელი,

ა–ე ი., 1056აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2021 წლის 22 თებერვალს ი. ა–ე (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

1.2.ი. ა–სთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 4 და 5 იანვარს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრისა და 2018 წლის 2 მაისის გამამტყუნებელი განაჩენით, ორჯერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ი. ა–ე ბ–ს რაიონის სოფელ დ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ზ. კ–ს კუთვნილ ,,ქსიაომის“ მოდელის, 230 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონსა და 200 ლარს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 430 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2020 წლის მაისში, ბ–ს რაიონის სოფელ დ–ში მდებარე ზ. კ–ს საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ზ. კ–ს, მისივე არასრულწლოვანი გერის - ჯ. კ–ს თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკებისას რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე თავი ჩაარტყა ცხვირის არეში. ი. ა–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2021 წლის 4 იანვარს, საღამოს საათებში, ბ-ს რაიონის სოფელ დ-ში მდებარე ზ. კ–ს საცხოვრებელ სახლში, ი. ა–მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ზ. კ–ს, მისივე არასრულწლოვანი გერის - ჯ. კ–ს თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკებისას ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისისა და 2021 წლის 4 იანვრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ი. ა–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 2 ნოემბერს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა ტენდენციურად და მიკერძოებულად შეაფასეს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები.

4.3. პროკურორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულმა ზ. კ–მ, ი. ა–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას შეცვალა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და ამ მიზეზითვე უარყო პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლოებმა არ შეაფასეს სწორად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ი. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისისა და 2021 წლის 4 იანვრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

5.2. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რომლებიც თითქმის იდენტურად მეორდება საკასაციო საჩივარშიც.

5.3. დაზარალებულმა ზ. კ–მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად უარყო ი. ა–ს მიერ მობილური ტელეფონისა და 200 ლარის ფარულად დაუფლების ფაქტი და აღნიშნა, რომ მობილური ტელეფონი წარმოადგენდა თანასაკუთრებას, ხოლო ფულადი თანხა მოგვიანებით იპოვა კარადის დალაგების დროს. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოწმე ჯ. კ–ი სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას, ხოლო რაიმე სხვა მტკიცებულება, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ი. ა–ს მიერ ქურდობის ჩადენა, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია.

5.4. რაც შეეხება ოჯახური ძალადობის ორ ეპიზოდს, ამ ნაწილშიც ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა, ვინაიდან დაზარალებული ზ. კ–ი და მოწმე ჯ. კ–ი სასამართლო დაკითხვისას უარყოფენ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შემაკავებელ ორდერში მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ 2020 წლის 5 მაისს ი. ა–მ ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლეზე - მ. კ–ზე, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რაც, დაზარალებულის პოზიციიდან გამომდინარე, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულება.

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე