ბს-1412-1148-კ-04 29 სექტემბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: თანადაფინანსების, კრედიტის მომსახურების, სესხით სარგებლობის პროცენტის თანხების დაბრუნება, საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
06.08.03წ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ფინანსთა სამინისტრომ მოპასუხის _ ქ. თბილისის მენიციპალიტეტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დღისთვის არსებული კურსის შესაბამისად 1599870 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადასახადის დაკისრება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 25.11.95წ. ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების დადების საფუძველს წარმოადგენდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს შორის 10.11.94წ. გაფორმებული საბაზისო ხელშეკრულება, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს შორის 18.11.1994წ. დადებული “პროექტის განხორციელების ხელშეკრულება" და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და კომუნალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის 14.11.94წ. ხელმოწერილი “კომპონენტის განხორციელების" ხელშეკრულება. მოსარჩელემ განმარტა, რომ 10.11.94წ. საბაზისო ხელშეკრულების თანახმად, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ საქართველოს რესპუბლიკას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით გამოუყო უპროცენტო სესხი 18.1 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს 13197000 აშშ დოლარი გამოეყო. 25.11.95წ. ხელშეკრულების თანახმადბ თბილისის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეხადა 13.197000 აშშ დოლარის 1.25 პროცენტის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში 1997 წლის ჩათვლით ყოველი წლის 15 ივნისსა და 15 დეკემბერს და ჩაერიცხა იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ანგარიშზე. იმავდროულად თბილისის მუნიციპალიტეტს ფინანსთა სამინისტროსათვის 1995 წლიდან 1997 წლის ჩათვლით უნდა გადაერიცხა 13197000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების წლიური 0.25% ყოველი წლის 10 დეკემბერს. თბილისის მუნიციპალიტეტი კისრულობდა ვალდებულებას, თანადაფინანსების თანხა 1006000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დაებრუნებინა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში 1995-1997 წლების განმავლობაში. მოსარჩელემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მისი დავალიანება 01.08.03წ. მდგომარეობით შეადგენს 1006000 აშშ დოლარს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საპროცენტო თანხა _ 98980 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტი სესხით სარგებლობისათვის _ 494890 დოლარს.
სასამართლო კოლეგიის 11.08.03წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის საკრებულო. 31.10.03წ. ქ. თბილისის მთავრობამ მიმართა სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მოპასუხე ფინანსთა სამინისტროსა და მესამე პირის მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობა. შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იქნა, რომ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას და ფინასთა სამინისტროს შორის დადებული 10.11.94წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის გაფორმებული 14.11.94წ. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სადავო 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულების დადების აუცილებლობას. გამოყოფილი კრედიტი იყო მიზნობრივი და თანხა, რომლითაც ფინანსდებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების დაწესებულებები, მუნიციპალიტეტის მხრიდან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულება ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. თბილისის მუნიციპალიტეტს (მერიას) შემდგომში არ გამოუხატავს საკუთარი ნება და მოწონება ხელშეკრულების დადების თაობაზე. სარჩელში ასევე აღინიშნა, რომ თავის მხრივ ფინანსთა სამინისტრომ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მათ მიერ 25.11.95წ. ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული თანხები პერიოდების მიხედვით არ გადმორიცხულა. 19.04.04წ. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო კოლეგიამ საქმეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაცვლად მოპასუხედ ქ. თბილისის მერია ჩააბა.
სასამართლო კოლეგიის 30.06.04წ. განჩინებით საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩაბმულ იქნენ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, შპს “თ-ი", თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური, შპს “თ. მ.", სს “დ. კ.” “ს-ი", შპს “... ცენტრი", მერიის განათლების საქალაქო სამსახური.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.08.04წ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ფინანსთა სამინისტროს სარჩელი, დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულება. სასამართლო კოლეგიამ სრულად გაიზიარა ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ქ. თბილისის მერიის მიერ არც კრედიტის დაბრუნებას და არც ფინანსთა სამინისტროსათვის სესხის მომსახურების თანხის გადახდას. კოლეგიის აზრით, 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულება ხელმოწერილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 25.11.95წ. სახელით არაუფლებამოსილი პირის მიერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს 25.11.95წ. შემდგომ პერიოდში არ გამოუხატავს ნება სადავო საკრედიტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ, ნაწილობრივადაც არ შეასრულა 25.11.95წ. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის მიმღების ვალდებულებები. 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მოქმედებდა განსახილველ პერიოდში, სადავო ხელშეკრულება ქ. თბილისის მერიის მიმართ არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებებს. კოლეგიის აზრით, ვინაიდან 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილე მხარის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნება არ ყოფილა გამომჟღავნებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა შემდგომში არ მოიწონა გარიგების შინაარსი. ამ მიზეზით 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულება არის გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება და 1964წ. სკ-ის 48-ე მუხლის I ნაწილის თანახმად უნდა ჩაითვალოს ბათილად.
სასამართლო კოლეგიის აზრით, რადგან თბილისის მუნიციპალიტეტმა (ქ.თბილისის მერიამ) უშუალოდ თვითონ, როგორც სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტს არ მიუღია რაიმე არც ფინანსთა სამინისტროსაგან და არც მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოსაგან, ქ. თბილისის მერიას არ ეკისრება ფინანსთა სამინისტროსათვის რაიმე ქონების ან ფულადი სახსრების დაბრუნების ვალდებულება.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიას არ ევალება სადავო თარნხის 1599870 აშშ დოლარის გადახდა, რადგან საქართველოს რესპუბლიკასა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის გაფორმებული 10.11.94წ. განვითარების პრონგრამის საკრედიტო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ქ. თბილისის თუ სხვა მუნიციპალიტეტების მიერ აღებული კრედიტის დაბრუნებას ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროსათვის სესხის მომსახურების თანხების გადახდას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.08.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ. კასატორი თვლის, რომ კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის მერიის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისას, იურიდიულად დაუსაბუთებელია.
კასატორის განცხადებით “საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის _ ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფო მეთაურის 19.12.92წ. ¹9 ბრძანებულებით ქ. თბილისის მერის ვალდებულებაა გადაწყვიტოს საქალაქო მეურნეობაში უცხოური კაპიტალის დაბანდების საკითხი. რადგან მუნიციპალური სამსახურები ანგარიშვალდებულები არიან მერიის წინაშე, კასატორის აზრით, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ ქ. თბილისის მერიამ იცოდა ხელშეკრულების შესახებ, მოიწონა იგი და მიიღო შესრულება მისი სამსახურების მეშვეობით, რაც წარმოშობს საპასუხო ვალდებულების შესრულების აუცილებლობას. კასატორი განმარტავს, რომ ქ. თბილისის მერიას არც სესხის აღების მომენტში და არც მოგვიანებით არ გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება სადავო ხელშეკრულების მიმართ. პირიქით - 08.02.99წ. ¹4-14/62 წერილით თბილისის პრემიერი თხოვნით მიმართავდა ფინანსთა მინისტრს ქ. თბილისისათვის გამოყოფილი მუნიციპალური კრედიტის მომსახურების საფასური 1294153 აშშ დოლარი დაეფარათ წინა წელს ცენტრალურ ბიუჯეტში დარჩენილი ქ. თბილისის შემოსავლების ხარჯზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 05.08.04წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე ქ. თბილისის მერიამ, საკრებულომ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა, შპს “ ... ცენტრმა”, შპს “თ. მ-მა" წარმოადგინეს შესაგებლები, რომლითაც საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.08.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის განსჯადობით გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ სადავო 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულება 1964წ. სკ-ის 48-ე და 62-ე მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი. კოლეგიამ მიუთითა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელს აწერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის, პრემიერის მოადგილე. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებული არ არის კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის პრემიერის მოადგილეს სადავო ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილება არ გააჩნდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დროს ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას განსაზღვრავდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის _ სახელმწიფო მეთაურის 19.12.92წ. ¹9 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება “საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის _ ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ”. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის უფლებამოსილებათა ფარგლები უნდა დადგინდეს ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი მითითებული დებულების ნორმების საფუძველზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვისას კოლეგიას სხდომაზე მოწმის სახით არ მოუწვევია ქ. თბილისის პრემიერის მოადგილე, რომლის მიერაც ხელმოწერილ იქნა სადავო ხელშეკრულება. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევის მიზნით საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა მოისმინოს ხსენებული პირის ახსნა-განმარტება, რომლის გათვალისწინებითაც უნდა დადგინდეს სადავო ხელშეკრულების ხელმომწერი პირის უფლებამოსილება.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ბათილად ცნო რა 25.11.95წ. ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული საკრედიტო თანხის, აგრეთვე, მისი მომსახურების თანხის და საურავების დაბრუნებისაგან მთლიანად გაათავისუფლა ქ. თბილისის მერია იმ მოტივით, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე თავად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს, არაფერი მიუღია. ამასთან, კოლეგის აზრით, მუნიციპალური მომსახურების დამოუკიდებელი სააგენტოსგან მესამე პირებს ქონება უსასყიდლოდ გადაეცათ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავაში მონაწილე მესამე პირები სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს ან მის მიერვე დაფუძნებულ სახაზინო საწარმოებს წარმოადგენდნენ და მათ ქონება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად გადაეცათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს სადავო ხელშეკრულებით არაფერი მიუღია. კრედიტის თანხის დაბრუნებისაგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს აგრეთვე მუნიციპალური განვითარების სააგენტოს 25.06.2000წ. წერილი და საოლქო სასამართლოს კოლეგიის მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს რესპუბლიკასა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 10.11.94წ. გაფორმებული განვითარების პროგრამის საკრედიტო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ქ. თბილისის თუ სხვა მუნიციპალიტეტების მიერ აღებული კრედიტის დაბრუნებას, სესხის მომსახურების თანხის გადახდას, ვინაიდან ხსენებული ვალდებულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა იკისრა ფინანსთა სამინისტროსთან 25.11.95წ. დადებული ¹0010/1 საკრედიტო ხელშეკრულებით, ხსენებულ ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს შორის 10.11.94წ. დადებული საბაზისო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ძირითადი ნაწილი _ “განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულების ძირითადი პირობები” საქმის მასალებში არ მოიპოვება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო კოლეგიას უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე არ უმსჯელია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტრო სასარჩელო განცხადებით, ითხოვდა მუნიციპალიტეტისათვის 1599970 აშშ დოლარის დაკისრებას. სარჩელის მიხედვით, სადავო ხელშეკრულების “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების “ა" ქვეპუნქტიდან გამომდინარე 1997წ. ჩათვლით უნდა გადაეხადა 13197000 აშშ დოლარის 1.25%-ის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების “თ" პუნქტის შესაბამისად 1997წ. ჩათვლით უნდა გადაეხადა 13197000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების წლიური 0.25%. მოსარჩელის განცხადებით ხელშეკრულების “ი" პუნქტის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტს 1997 წლამდე საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა დაებრუნებინა თანადაფინანსების თანხა 1006000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ამდენად, თანხა რომლის დაკისრებასაც მოსარჩელე ითხოვდა, მუნიციპალიტეტს 1997 წლის ბოლომდე უნდა გადაეხადა. სკ-ის 129-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენდა სამ წელს. ფინანსთა სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი 06.08.03წ აღძრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა ასევე ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
“საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში 23.06.05წ. კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად საოლქო სასამართლოში საქმის პირველი ინსტანციით განმხილველი კოლეგიები გაუქმებულია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნეოს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.08.04წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.