ა-1300-ა-22-04 11 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 აპრილის განჩინებით „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, ცნობილ იქნა და დაექვემდებარა საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას ლონდონის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2003წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „.. ..-ს“ შპს „რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 750100 აშშ დოლარი აღნიშნულ თანხაზე დარიცხულ სარგებელთან ერთად.
2004წ. 17 მაისს სს „ .. ..-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კ. კ-მ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად განცხადების ავტორი მიუთითებს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ 2004წ. 20 თებერვლიდან საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მას _ კ. კ-ს. 2004წ. 25 თებერვლის ბრძანებით მან გააუქმა საზოგადოების ხელმძღვანელთა მიერ 2004წ. 20 თებერვლამდე გაცემული ყველა მინდობილობა, მათ შორის ის მინდობილობაც, რომელიც წარდგენილი იყო ამ საქმის განხილვისას. აქედან გამომდინარე, განცხადების ავტორი თვლის, რომ გ. კ-ე არ იყო უფლებამოსილი, 2004წ. 2 აპრილს წარმოედგინა „.. .. “. შესაბამისად „.. ..“ არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში, რაც წარმოადგენს განჩინების ბათილობის უდავო საფუძველს.
განცხადების ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს „.. ..-ის“ გენერალური დირექტორის მიმართ გამოტანილ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბრის განაჩენს, რომლითაც გენერალური დირექტორი ვ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საზოგადოების ქონების მითვისების მცდელობაში (სსკ-ის 19,182-ე მუხლი) და მიესაჯა ჯარიმის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადება აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის _ „რ-ის“ შუამდგომლობის ასლი და თანდართული მასალები გაეგზავნა მხარეს _ სს „.. ..ას“, საქმის განხილვის შესახებ შეტყობინებებიც უშუალოდ ეგზავნებოდა მას, მაგრამ გენერალური დირექტორი პირადად არ იღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში და სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის _ გ. კ-ის მეშვეობით, რისი უფლებაც მხარეებს აქვთ სსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საქმე განხილული იქნა რამდენიმე სხდომაზე, ბოლოს სხდომა გაგრძელდა 2004წ. 2 აპრილს, იმავე დღეს დამთავრდა საქმის განხილვა.
განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ 2004წ. 25 თებერვალს გააუქმა გ. კ-ის მინდობილობა, შესაბამისად, ის არ იყო უფლებამოსილი, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში 2 აპრილის სხდომაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი. სსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით, წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. კანონის შესაბამისად უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
მოცემულ შემთხვევაში „.. ..ის“ დირექტორს წარმომადგენლის _ გ. კ-ის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის. გ. კ-ე მოქმედებდა კანონის შესაბამისად და მის მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 422-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რადგან მხარეს შეეძლო ამ საფუძვლის წამოყენება საქმის განხილვისას, კერძოდ, შეეძლო 2004წ. 25 თებერვლიდან 2 აპრილამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის მისი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განცხადების ავტორი აღნიშნული ნორმების საფუძველზე მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას და ახოლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს საზოგადოების დირექტორის მიმართ გამოტანილ განაჩენს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოება ასევე ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან, ჯერ ერთი, დადგენილი უნდა იყოს მხარის დანაშაულებრივი ქმედება ამ საქმესთან დაკავშირებით („გ“ ქვეპუნქტი) და მეორეც, ამ მტკიცებულების წარმოდგენით უნდა გამოტანილიყო მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება („ვ“ ქვეპუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენელი განაჩენით არ დგინდება ამ საქმეზე მხარეთა დანაშაულებრივი ქმედება, განაჩენი გამოტანილია სულ სხვა საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ განაჩენის საქმის განხილვისას წარდგენა ვერ გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, მითითებული გარემოება კიდეც რომ დასტურდებოდეს, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობის არსებობისას, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (სსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ 2003წ. 24 ნოემბრის განაჩენი მოცემული საქმის განხილვისას ცნობილი იყო მხარისათვის, ამ ფაქტის შესახებ მხარეს შეეძლო მიეთითებინა, მაგრამ მან თავისი ბრალით არ მიუთითა და არც წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. უფრო მეტიც, წარმოდგენილი განაჩენით ირკვევა, რომ „.. ..ის“ ხელმძღვანელობა მონაწილეობდა ნ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, მათი ჩვენებით ნ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედება დარჩა მცდელობის სტადიაზე და საზოგადოებისათვის ფაქტობრივად ზიანი არ მიუყენებია. საზოგადოებამ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რათა გათვალისწინებულ იქნას განსასჯელის წარსული დამსახურება საზოგადოების წინაშე და მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო სასჯელის ისეთი ზომა, რაც არ მოწყვეტდა მას სააქციო საზოგადოების სამეურნეო საქმიანობას, რაც დაკმაყოფილდა.
ამდენად, აღნიშნული განაჩენით ამ საქმეზე არ დგინდება მხარის დანაშაულებრივი ქმედება, კიდეც რომ დასტურდებოდეს მხარის საქმის განხილვისას თავისი ბრალით არ მიუთითებია აღნიშნულ მტკიცებულებაზე. მხარე მიუთითებდა მხოლოდ დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვაზე, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა, რადგან საქართველოს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობს იურიდიული პირი, მას არ შეუძლია მიუთითოს თავისი ორგანოების ან წარმომადგენლების იმ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების შეზღუდვაზე, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის საქმიანობის ადგილას, ან ჩვეულებრივ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ არსებობს და რომელთა შესახებაც ხელშეკრულების მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.
აღნიშნულის გარდა, საკასაციო სასამართლო განცხადების ავტორს განუმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის განჩინებით „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ კონვენციის, საქართველოს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მხოლოდ ცნობილ იქნა კანონიერ ძალაში შესული ლონდონის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებას დაეკისრა სადავო თანხა. მხარეთა შეთანხმების თანახმად, საქმე არსებითად განიხილა ლონდონის არბიტრაჟმა. საზოგადოებას თავისი ინტერესები უნდა დაეცვა ლონდონის არბიტრაჟში და იქ საქმის განხილვისას უნდა მიეთითებინა მხარეთა დანაშაულებრივ ქმედებებზე (თუ ასეთი დასტურდებოდა), ხოლო უზენაეს სასამართლოს უფლება არა აქვს, შეამოწმოს უცხოეთის არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება „.. ..-ის“ დირექტორის _ კ. კ-ს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.