Facebook Twitter

საქმე N 330100120003957220

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1054აპ.-21 17 თებერვალი, 2022 წელი

ლ–ე ა., 1054აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენით ა. ლ–ე (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა. ლ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 14 აგვისტოდან.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ლ–მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.

1.4. 2020 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ა. ლ–მ ფარულად შეაღწია თ–ში, ვ–ს მე-. მ/რ, ..... კვარტალი, კორპუსი N..., ბინა N..-ში მდებარე ე. ა–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ე. ა–ს კუთვნილ, 30 ლარად ღირებულ შავი ფერის ხელჩანთას, მასში მოთავსებულ, ე. ა–ს სახელზე გაცემულ, „........ ბანკის“ პლასტიკურ ბარათსა და სხვადასხვა ნივთს. 2020 წლის 14 აგვისტოს 18:09 საათიდან 18:27 საათის პერიოდში ა. ლ–მ ვ–ს ტერიტორიაზე მდებარე „მადაგონის“, „LTD IBERIKA“-ს და „.....ს“ სუპერმარკეტებში უნებართვოდ გამოიყენა ე. ა–ს კუთვნილი პლასტიკური ბარათი, უკანონოდ შეაღწია „....... ბანკში“ ე. ა–ს ანგარიშზე და სავაჭრო ობიექტებზე ჯამურად შეიძინა 96 ლარად და 80 თეთრად ღირებული პროდუქტი. ა. ლ–ს ქმედების შედეგად ე. ა–ს მიადგა 126 ლარისა და 80 თეთრის ქონებრივი ზიანი.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 3 ნოემბერს ადვოკატმა ნ. პ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ა. ლ–სთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ა. ლ–მ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აანაზღაურა ზიანი, არ არის ნასამართლევი, ჩადენილ დანაშაულს - ქურდობასა და მსჯავრდებულის დაკავებას შორის არის დიდი ინტერვალი, შესაბამისად, არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, რის გამოც სასჯელის შემსუბუქება იქნება სამართლიანი და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“.

4.2. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ა. ლ–სთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის აუცილებელი წინაპირობა - გამოძიებასთან თანამშრომლობა, კერძოდ: ე. ა–ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე 2020 წლის 14 აგვისტოს დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს ა. ლ–ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით წარმოედგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, თუმცა მსჯავრდებულმა როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ასევე ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარდგენაზე განაცხადა უარი (ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ე. ა–ს სახელზე გაცემული „....... ბანკის“ პლასტიკურ ბარათი). გარდა ამისა, ა. ლ–ემ პირადი ჩხრეკის ოქმზე, დაკავების ოქმსა და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე ხელის მოწერაზე, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი განაცხადა. ამდენად, სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.

4.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. პ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე