Facebook Twitter

საქმე N 330100120003563608

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1057აპ.-21 17 თებერვალი, 2022 წელი, გ–ე ტ., 1057აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია თათიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2020 წლის 21 თებერვალს ტ. გ–ე (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).

1.2.ტარიელ გურგებიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 23:40 საათზე, თ–ი, ........ უბნის დასახლება, მე-.. კვარტალი, ,,..“ კორპუსი, ბინა N..-ში, ტ. გ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - ე. გ–ს, კერძოდ, მოუღერა სამზარეულოს დანა და დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა, მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის შედეგად ე. გ–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

- 2020 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 23:40 საათზე, თ–ში, .....ს უბნის დასახლება, მე-.. კვარტალი, ,,..“ კორპუსი, ბინა N..-ში, ტ. გ–მ იძალადა მეუღლეზე - ე. გ–ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალბუდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

- ტ. გ–ე წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, 2020 წლის 19 თებერვლამდე, თ–ში, ........ის უბნის დასახლება, მე-.. კვარტალი, ,,..“ კორპუსი, ბინა N..-ში, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ე. გ–ს, ლანძღავდა, აგინებდა, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით ტ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

2.2. ამავე განაჩენით ტ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 19 თებერვლის ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 19 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, ....ს უბნის დასახლება, მე.. კვარტალი, ,,..“ კორპუსი, ბინა N..-ში, ტ. გ–მ იძალადა მეუღლეზე - ე. გ–ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალბუდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

3.2. ტ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.3. ტ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

3.4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ტ. გ–ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.5. მსჯავრდებული ტ. გ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 19 თებერვლიდან 2020 წლის 8 აპრილის ჩათვლით, ასევე, თავისუფლების აღკვეთის ადგილას მოხდილი სასჯელი - 2021 წლის 9 ივნისიდან 2021 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 24 ნოემბერს პროკურორმა ნათია თათიაშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ტ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და თითოეული დანაშაულისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით. ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: პატრულ-ინსპექტორების - გ. მ–სა და შ. მ–ს ჩვენებებით, გამომძიებელ ლ. ი–ს ჩვენებით, ექსპერტ გ. ტ–ს ჩვენებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ტ. გ–ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაული.

4.3. კასატორის პოზიციით, გამომძიებლებმა, პატრულ-ინსპექტორებმა და ექსპერტმა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებლებმა, რომლებსაც დანაშაულის ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შეხება, დეტალურად გადმოსცეს დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობა, რის გამოც მათი ჩვენებები განხილულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება.

4.4. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონმდებლობის შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვებგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები. ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არასაჯარო საკითხად მიიჩნევა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ძალადობრივი ფაქტის შემსწრეებმა - მინადორა გურგენიძემ და დაზარალებულმა ე. გ–მ სასამართლოში განაცხადეს, რომ არ მისცემდნენ მამის და მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებას.

4.5. კასატორი საჩივარში უთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საგამონაკლისო წესით უშვებს სისხლის სამართლის საქმეზე ირიბ მტკიცებულებებზე მსჯავრდების დაფუძნების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებები გამოყენებულ იქნეს იმის უტყუარად დასადგენად, რომ ირიბი მტკიცებულებების გამოყენება აუცილებელია, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

4.6. პროკურორი ასევე აღნიშნავს, რომ ტ. გ–სთვის დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ვერ იქნება ეფექტური, შემაკავებელი მექანიზმი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

4.7. კასატორი საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, კერძოდ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

5. შესაგებელი საკასაციო საჩივარზე:

5.1. 2021 წლის 3 დეკემბერს ტ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ–მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ტ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

6.2. ტ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე, 2020 წლის 19 თებერვლის მუქარის ნაწილში ძირითადად ეყრდნობოდა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულ ე. გ–ს გამოკითხვის ოქმი, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა მეუღლის - ტ. გ–ს წინააღმდეგ.

6.3. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

6.4. საკასაციო სასამართლოს აზრით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ეპიზოდებში პირის ბრალდება „მთლიანად დამოკიდებული“ იყო დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე და კასატორის მიერ მითითებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა (პატრულ-ინსპექტორების - გ. მ–სა და შ. მ–ს ჩვენებები, გამომძიებელ ლ. ი–ს ჩვენება, ექსპერტ გ. ტ–ს ჩვენება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) ბრალდების ამ ნაწილში ვერ ადგენენ ობიექტურ გარემოებებს და ვერ უზრუნველყოფენ საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულია 2020 წლის 19 თებერვალს ტ. გ–ს მიერ მეუღლეზე - ე. გ–ზე ძალადობის ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს.

6.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას ტ. გ–სთვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით და აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

6.6. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (,,სტამბოლის კონვენციას“) 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით.

6.7. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ტ. გ–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ე. გ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ითხოვს ტ. გ–სთვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. ამდენად ტ. გ–სთვის განსაზღვრული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ.

6.8. საკასაციო პალატის აზრით, ტ. გ–ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით მიიღწევა სასჯელის მიზნები, ვინაიდან პირობითი მსჯავრის გამოყენებისას პირი არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ პირი რეალურად არ იხდის დანიშნულ სასჯელს, თუმცა გამოსაცდელი ვადის პერიოდში მის სათანადო ქცევაზე ზედამხედველობით გრძელდება ზემოქმედება ისეთი მიზნების განსახორციელებლად, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

6.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია თათიაშვილის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე