საქმე N 060100118002404481
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1065აპ.-21 18 თებერვალი, 2022 წელი
კ–ი შ., 1065აპ.-21 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკუატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 20 მარტს შ. კ–ი (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ეპიზოდი).
1.2 შ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის ზაფხულში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), შ. კ–მ, განაწყენების საფუძველზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭოგნარში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი დის - ქ. კ–ს თანდასწრებით, მცირე ზომის ხის ჯოხის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - 2001 წლის 16 მარტს დაბადებულ იური კამიშევს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2016 წლის ზაფხულში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), შ. კ–მ, განაწყენების საფუძველზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭოგნარში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირე ზომის ხის ჯოხის სხეულის სხვადახვა არეში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს – .... წლის .. აპრილს დაბადებულ ქ. კ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2017 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, შ. კ–მ, განაწყენების საფუძველზე, ს–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირე ზომის ხის ჯოხის ფეხებისა და სახის არეში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - ... წლის .. აპრილს დაბადებულ ქ. კ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით შ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის ზაფხულის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
2.2. ამავე განაჩენით შ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი და 2017 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ შ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. კ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი).
2.5. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
- 2016 წლის ზაფხულში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) შ. კ–მ, განაწყენების საფუძველზე, ს–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირე ზომის ხის ჯოხის სხეულის სხვადახვა არეში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - .... წლის .. აპრილს დაბადებულ ქ. კ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2017 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, შ. კ–მ, განაწყენების საფუძველზე, ს–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირე ზომის ხის ჯოხის ფეხებისა და სახის არეში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - .... წლის .. აპრილს დაბადებულ ქ. კ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წის 27 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 25 ნოემბერს პროკურორმა გივი გოცაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შ. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი შ. კ–ის გამართლების ნაწილში უკანონოა და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ - ი. კ–ს გამოკითხვის ოქმითა და მოწმეების - ლ. შ–ს და ქ. კ–ს ჩვენებებით) უტყუარად დადგენილია შ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლო კასატორის - პროკურორ გივი გოცაძის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით შ. კ–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი, კერძოდ:
4.2. კასატორი ამ ნაწილში შ. კ–ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიიჩნევს მოწმეების - ლ. შ–ს და ქ. კ–ს ჩვენებებს, რომელთაგან ლ. შ–ს ჩვენება ირიბი ხასიათის მტკიცებულებაა, ხოლო მოწმე ქ. კ–ი 2015 წლის ზაფხულის ეპიზოდთან დაკავშირებით დამაჯერებლად და უტყუარად ვერ გადმოსცემს შ. კ–ის მხრიდან ი. კ–ზე ძალადობის ფაქტს.
4.3. რაც შეეხება დაზარალებულ ი. კ–ს 2018 წლის 15 მარტის გამოკითხვის ოქმს, იგი ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.4. მოწმე ი. კ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შ. კ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
4.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ გივი გოცაძის შუამდგომლობა მოწმე ი. კ–ს სააპელაციო სხდომაზე დაკითხვის შესახებ, ვინაიდან არ არსებობდა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩვენების მიცემაზე უარის თქმის საფუძველი.
4.6. მოწმე ი. კ–მ 2021 წლის 21 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას შეცდომაში შეიყვანეს და უარს აცხადებდა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე. ხსენებულ დღეს საქმის განხილვა შეწყდა ტექნიკური ხარვეზის გამო.
4.7. 2021 წლის 27 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მოწმე ი. კ–ი ვერ წარმოადგინა და სახელმწიფო ბრალმდებელმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, საჯაროდ წაიკითხა არასრულწლოვანი დაზარალებულის - ი. კ–ს 2018 წლის 15 მარტის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან ამოწურული იყო მოწმის სასამართლოში წარდგენის ყველა შესაძლებლობა.
4.8. ი. კ–ს 2018 წლის 15 მარტის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მამის მეორე ცოლი - შ. კ–ი მას და ქ. კ–ს ექცეოდა ცუდად. 2015 წლის ზაფხულში შ. კ–ი ქ–ს აძლევდა დავალებებს საოჯახო საქმეებზე, რის გამოც მოწმე და მსჯავრდებული შელაპარაკდნენ. ი. კ–ს ჩვენებით, შელაპარაკების გამო, იგი შ. კ–მ სხეულის სხვადასხვა არეში სცემა მცირე ზომის ჯოხით, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ამ კონფლიქტის შემდეგ საცხოვრებლად წავიდა ბებიასთან.
4.9. აღსანიშნავია, რომ მოწმე ი. კ–ი გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა სამჯერ - 2017 წლის 8 ივნისს, 2018 წლის 15 მარტსა (10:40-10:55 საათზე) და 2018 წლის 15 მარტს (17:40-18:00 საათზე), რა დროსაც პირველ ეტაპზე გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა უთითებდა მამის მიერ ძალადობის ჩადენაზე, რაც მოგვიანებით უარყო.
4.10. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა შ. კ–ის მიერ ი. კ–ზე ძალადობა (2015 წლის ზაფხულის ეპიზოდი).
4.11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკუატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე