Facebook Twitter

საქმე N 330802222005449458

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4I-22 ქ. თბილისი

ს–ა ა., 4I-22 18 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–სა და ა. შ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ს–ს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2021 წლის 29 ივლისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის სასამართლომ გამოსცა ა. ს–ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, ა. ს–ს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, 263a-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილთ, 52-ე და 53-ე მუხლებით (დაჯგუფების მიერ კომერციულ სფეროში ჩადენილი თაღლითობა და კომპიუტერული თაღლითობა - 10 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული დანაშაულებისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, 1-დან 10 წლამდე და 5 წლამდე.

2021 წლის 18 ოქტომბრიდან ა. ს–ა იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. ა. ს–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2021 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს–ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ა. ს–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ა. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 14 იანვრის განჩინებით ა. ს–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 19 აპრილამდე. ამჟამად ა. ს–ა მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ს–ს ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2018 წლიდან 2021 წლამდე, ჩენ მალკას და ნადავ გოვერის მიერ 2014 წელს შექმნილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ა. ს–ა, რომელიც 2018 წლის 12 სექტემბრიდან შეუერთდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში მოქმედ კომპანია - შპს “.......”-ს და 2020 წლის 27 ივლისიდან წარმოადგენდა აღნიშნული კომპანიის ერთადერთ მეწილესა და დირექტორს, თაღლითური სქემის გამოყენებით - ინტერნეტ და სატელეფონო კომუნიკაციის არხების მეშვეობით დაზარალებულების მოტყუებით, რომ თითქოს, მათ მიერ გადარიცხული თანხებით მათ სასარგებლოდ ივაჭრებდნენ სხვადასხვა აქციებითა და კრიპტოვალუტებით, მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და მაცხოვრებლების ქონების უკანონო დაუფლებაში.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით უკანონოდ დაუფლებულმა თანხამ შეადგინა, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ათასი ევრო, რაც წარმოადგენს ასეულობით დაზარალებული პირისათვის თაღლითური სქემის მეშვეობით მიყენებული ზიანის ოდენობას. დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებისათვის, მათ შორის ა. ს–სათვის, ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი გეგმების შესახებ და ისინი აღნიშნულ ორგანიზაციას შეუერთდნენ დანაშაულთა ჩადენის შედეგად განგრძობადი უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით.

4. 2022 წლის 1 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა - თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ა. ს–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

5. სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ა. ს–ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - ა. შ–ი და მ. ს–ა არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ს–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

7. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ს–მ და ა. შ–მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინების გაუქმება.

8. კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ა. ს–ს აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება, სავარაუდო დანაშაული ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ა. ს–ს მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს იურისდიქცია, საქართველოში .........ოს მოქალაქეების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იმავე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია. ამასთან, ვინაიდან ა. ს–ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ......ს მოქალაქესთან, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი.

9. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ა. ს–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს–ა 2021 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ა. ს–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ა. ს–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ). აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე.

7. ამასთან, შუამდგომლობაში მითითებული ა. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, 263a-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილთ, 52-ე და 53-ე მუხლებით (დაჯგუფების მიერ კომერციულ სფეროში ჩადენილი თაღლითობა და კომპიუტერული თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 1-დან 10 წლამდე და 5 წლამდე.

8. ამდენად, მოცემულ საქმეში ა. ს–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.

9. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

10. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ა. ს–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

11. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ჩადენის თარიღების (2018 -2021 წლები) მხედველობაში მიღებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის.

12. ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები.

13. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

14. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

15. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა Non bis in idem პრინციპი.

16. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ა. ს–ს მიმართ საქართველოს იურისდიქცია უნდა გავრცელებულიყო და რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სწორედ ექსტრადიციის მიზნით არ დაიწყო, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უარი თქვას პირის გადაცემაზე, თუ ამ მხარის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ მიმდინარეობს სამართალწარმოება შესაბამისი პირის წინააღმდეგ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია“. ამასთან, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ სამართალწარმოებას იმავე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა.“ ამდენად, თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება არ წარმოადგენს ექსტრადიციის სავალდებულოდ დამაბრკოლებელ გარემოებას. ასეთ გარემოებას არ წარმოადგენს არც იმავე დანაშაულთან დაკავშირებით სხვა პირთა მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება, რაზეც ასევე მიუთითებს დაცვის მხარე.

17. გარდა ამისა, კასატორების მტკიცებით, ა. ს–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან სავარაუდო დანაშაული ჩადენილია ..........ოს ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს უფლება აქვს, უარი თქვას პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებაზე, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე.“ ანალოგიურ წესს ადგენს „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიც, რომლის თანახმად, „თხოვნის მიმღებ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის გადაცემაზე, როდესაც მისი სამართლის მიხედვით მიიჩნევა, რომ დანაშაული ჩადენილია მთლიანად ან ნაწილობრივ მის ტერიტორიაზე ან იმ ადგილას, რომელიც განიხილება მის ტერიტორიად.“ ამდენად, დანაშაულის თხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ზემოაღნიშნული ნორმები არ შეიცავს პირის ექსტრადიციაზე უარის თქმის იმპერატიულ მოთხოვნას.

18. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი თქვას თავისი მოქალაქის გადაცემაზე. აღნიშნულ საკითხს შეეხება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლიც, რომლის შესაბამისად, „დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

19. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ა. ს–ა არ ითვლება ..........ს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე ..........ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ა. ს–ა არის .......ის ფედერაციის მოქალაქე.

20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ...........ში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

21. ა. ს–ა არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას ...........ში თავშესაფარი არ გააჩნია. გარდა ამისა, იგი არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე და ითვლება .....ს ფედერაციის მოქალაქედ, რაც .........ში თავშესაფრის ძიებისა და საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაშიც კი (მითუფრო - მუდმივი ბინადრობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას), არ აბრკოლებს ექსტრადიციას მოცემულ შემთხვევაში. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

22. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

23. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ა. ს–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის ან სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის ან ამგვარი საფრთხის არსებობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

24. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no. 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

26. ადვოკატების მტკიცებით, ვინაიდან ა. ს–ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ........ს მოქალაქესთან, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევის საფრთხე.

27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany, no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

28. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმეს და აღნიშნავს, რომ ა. ს–ს ექსტრადიცია მოთხოვნილია მძიმე კატეგორიის ორგანიზებული ხასიათის დანაშაულებისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი საქმის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის შესაძლო შეზღუდვა პროპორციული იქნება ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს უფლებაში ჩარევის ინტენსივობას და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მუდმივი რეჟიმით ხორციელდება, მათ შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ...........ს მოქალაქე არ საჭიროებს ვიზას აღნიშნულ სახელმწიფოში 90 დღემდე ვიზიტისათვის.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ა. ს–ს ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არ დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება.

30. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

31. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ს–ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–სა და ა. შ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე