საქმე N 160100120003466738
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1058აპ.-21 18 თებერვალი, 2022 წელი
ბ–ი ა., 1058აპ.-21 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ა. ბ–ი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 5 თებერვლიდან.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ა. ბ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.3. 2020 წლის 4 თებერვალს დაახლოებით 21:50 საათზე, ქ.მ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე შპს ,,ბ-ს“ შენობაში, ეჭვიანობის ნიადაგზე ა. ბ–მ, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისათვის სახიფათო კისრის და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა ქ. ბ–ს, რის შედეგადაც მან მიიღო ზედა და ქვედა ტუჩების, ცხვირის და მარცხენა ყურის ღია ჭრილობები. ა. ბ–ი კვლავ აპირებდა ქ. ბ–სთვის დანის დარტყმას, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან შპს ,,ბ-ს“ დაცვის თანამშრომელმა მ. ქ-მ არ მისცა ამის საშუალება და ძალის გამოყენებით გაიყვანა შენობის შიდა პერიმეტრიდან.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულ ა. ბ–ს მიმართ შეიცვალა.
2.2. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
2.3. მსჯავრდებულ ა. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 5 თებერვლიდან.
2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. მ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე შპს ,,ბ......ს“ შენობაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ა. ბ–მ, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისათვის სახიფათო სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა ქ. ბ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ზედა და ქვედა ტუჩების, ცხვირისა და მარცხენა ყურის ღია ჭრილობები. ა. ბ–ი კვლავ აპირებდა ქ. ბ–სთვის დანის დარტყმას, თუმცა გადაწყვეტილება ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან შპს ,,ბ.....ის“ დაცვის თანამშრომელმა მ. ქ–მ არ მისცა ამის საშუალება და ძალის გამოყენებით გაიყვანა შენობის შიდა ტერიტორიიდან.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 7 დეკემბერს ადვოკატმა მ. ხ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა მსჯავრდებულ ა. ბ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის, ადვოკატ მ. ხ–ს პოზიციით თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო:
- ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ა. ბ–მ ეჭვიანობის საფუძველზე ჩაიდინა დანაშაული. აღნიშნულ ნაწილში ბრალის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო და არასარწმუნოა.
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებულისთვის სახეზე მიყენებული დაზიანება გადასმით არის ჩადენილი, რაც ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს სასამართლოებმა.
- ა. ბ–ს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, რაც დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ, სათანადო პირობების არსებობის მიუხედავად, მსჯავრდებულმა დაზარალებულს არ მიაყენა დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილას, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილი ნახევრად ჩაბნელებული იყო, ქ. ი–ი თამაშით იყო გართული, ბრალდებულთან იჯდა ზურგით და არ არსებობდა არანაირი ხელშემშლელი გარემოება, ა. ბ–ი სურვილის შემთხვევაში შეძლებდა მკვლელობის ჩადენას.
- მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ა. ბ–ს დაზარალებულის განზრახ მოკვლა სურდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
3.3. დაცვის მხარის პოზიციით, განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
4. შესაგებელი
4.1. 2021 წლის 14 დეკემბერს პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ბ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც ა. ბ–ს ქმედება კანონიერად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ა. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ა. ბ–ს არ ჰქონდა დაზარალებულ ქ. ი–ის მოკვლის განზრახვა, ვინაიდან დაცვის მხარის ამ ვერსიას ცალსახად გამორიცხავს დაზარალებულ ქ. ი–ისა და მოწმე მ. ქ–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაცია, ასევე დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ: დაზარალებულ ი–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2020 წლის 4 თებერვალს ა. ბ–მ დანა დაარტყა სახეში, ყურის, ტუჩის, ცხვირისა და ყელის არეში, დარტყმისას კი ემუქრებოდა მოკვლით. დაზარალებულის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი მოწმე მ. ქ–ს ჩვენებასთან, რომელმაც ა. ბ–ი ძალის გამოყენებით გაიყვანა შენობის შიდა პერიმეტრიდან.
5.3. მკვლელობის განზრახვაზე ასევე მეტყველებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ 21:51:52 საათზე ა. ბ–ი აფიქსირებს ქ. ბ–ს, რა დროსაც ჯიბიდან მარჯვენა ხელით იღებს რაღაც საგანს და სწრაფი ნაბიჯებით მიდის თამაშში გართულ ქ. ი–სთან, რომელსაც მარჯვენა ხელს სწრაფად უქნევს სახესთან, რის შემდეგაც მარცხენა ხელით იჭერს მას კისრით, ხოლო მარჯვენა ხელით გამეტებით აგრძელებს დარტყმებს. ამ დროს ქ. ი–ი უკვე ფეხზეა და თავდამსხმელ ა. ბ–ს უწევს აქტიურ წინააღმდეგობას. 21:51:55 საათზე მათთან მირბის დაცვის თანამშრომელი, რომელიც ხელებით უკან ქაჩავს ა. ბ–ს და ა. ბ–იც და ქ. ი–იც ეცემიან ძირს, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომელი მაშინვე წამოაყენებს ფეხზე ა. ბ–ს და გარეთ გაჰყავს.
5.4. მკვლელობის განზრახვის დადგენის თვალზარისით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა - დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ხასიათი და ლოკალიზაცია, კერძოდ, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ დაზარალებულს დაუდგინდა: ცხვირის, ზედა და ქვედა ტუჩის, მარცხენა ყურის ნაკვეთი ჭრილობები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით.
5.5. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა. ბ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა. მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ხ–ს საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე