Facebook Twitter

საქმე N 330100119003015531

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1079აპ.-21 18 თებერვალი, 2022 წელი

ჭ–ი გ., 1079აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–სა და ა. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის განაჩენით გ. ჭ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3200 (სამი ათას ორასი) ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 3 მაისიდან 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით), შეუმცირდა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ გ. ჭ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჭ–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც მოტივირებულია სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობით.

1.3. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 3 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ–ში, ვ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჭ–ი გადაადგილდებოდა თავისი კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის №.... ავტომობილით. ბარ „ს–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგი გამოელაპარაკა გ. ჩ–ს, რა დროსაც შეიტყო მისი სექსუალური ორიენტაციის თაობაზე. გ. ჭ–მა, სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, თავისი სამსახურებრივი საშტატო „GLOK-ის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა გ. ჩ–სკენ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 8 დეკემბერს ადვოკატებმა - მ. ს–მ და ა. შ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

- სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა დაზარალებულის ჩვენების ნაწილი, რომლითაც დადასტურებულია ის გარემოება, რომ დაზარალებულ გ. ჩ–ს არ შეშინებია, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენებით, იგი ნომრის დასამახსოვრებლად გაეკიდა მანქანას, რომელსაც გ. ჭ–ი მართავდა, თან შეიგინა, თუმცა ნომრის დამახსოვრება ვერ შეძლო. მანქანის ნომერი დაინახა დ. თ–მ, რის შემდეგაც იქვე, 50 მეტრში მყოფ პატრულს აცნობეს მომხდარი ფაქტის შესახებ.

- მსჯავრდებულ გ. ჭ–თან ურთიერთობისას შიში არ განუცდია, რაც დადასტურებულია მოწმე ს. გ–ს ჩვენებით, კერძოდ, მოწმემ ჩვენებისას მიუთითა, რომ მსჯავრდებულის მუქარაზე - საკმარისად მთვრალი რომ ვიყო, შუბლს გაგიხვრეტდიო, გ. ჩ–მ უპასუხა, თუ ვის გაუხვრეტდა.

- ავტომობილი, რომლითაც გ. ჭ–ი გადაადგილდებოდა, მარჯვენასაჭიანია. შესაბამისად, მსჯავრდებულს იარაღი რომ გადაეტენა და დაემიზნებინა გ. ჩ–სთვის, მაშინ მას იარაღი უნდა გადმოეყო ავტომობილიდან, რაც ასევე დაფიქსირდებოდა ვიდეოჩანაწერზე.

3.2. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმეთა ჩვენებები ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მუქარის ნაწილში, ვინაიდან ვერცერთი მოწმე კატეგორიულად ვერ ადასტურებს რ. ჭ–ს მიერ იარაღის ხელში ჭერას, ეს მხოლოდ მათი ვარაუდია და ემსახურება სიტუაციის უფრო მეტად გამძაფრებას, რომლითაც როგორც გ. ჩ–ე, ასევე, მისი მეგობრები ცდილობენ სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობას გაუსვან ხაზი. მოწმეთა ჩვენებები რ. ჭ–ს მიერ იარაღის გადატენის ნაწილშიც არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, 2019 წლის 21 მაისის №..... ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საკვლევად წარდგენილ იარაღში თექვსმეტივე ვაზნა სავაზნეშია და მათზე არ აღინიშნება მსგავსი მანიპულაციის კვალი.

4. შესაგებელი:

4.1. 2021 წლის 20 დეკემბერს პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა წარმოადგინა შესაგებელი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო კასატორების - მ. ს–სა და ა. შ–ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი, კერძოდ:

5.2. დაზარალებულ გიორგი ჩაჩანიძის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 3 მაისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, გ. ჭ–ი გადაადგილდებოდა „ტოიოტას“ მარკის, ვერცხლისფერი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილით. ბარ „ს–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგი გამოელაპარაკა გ. ჩ–ს, რა დროსაც შეიტყო მისი სექსუალური ორიენტაციის თაობაზე. გ. ჭ–ი დაზარალებულის სექსუალური ორიენტაციის გამო გაღიზიანდა და დაემუქრა - საკმარისად ნასვამი რომ ვიყო, შუბლს გაგიხვრეტდიო, რის შემდეგაც ამოიღო, სავარაუდოდ, ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი, გადატენა და დაუმიზნა. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5.3. დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის: მოწმე ს. გ–ს ჩვენებას, მოწმე დ. თ–ს გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და ბინის ჩხრეკის ოქმს.

5.4. საკასაციო სასამართლოს აზრით დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, ასევე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებულია და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა, შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ გ. ჭ–ს არ ჩაუდენია ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა გიორგი ჩაჩანიძის მიმართ.

5.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ საქმეში გამოკვეთილია მუქარის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი - მუქარის რეალურობის აღქმა და საფუძვლიანი შიშის განცდა. კერძოდ, თავად დაზარალებული სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მსჯავრდებულის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. გარდა ამისა, შიშის ფაქტორის არსებობაზე მეტყველებენ ობიექტური კრიტერიუმებიც, კერძოდ: მსჯავრდებული დაზარალებულს ემუქრებოდა იარაღის დემონსტრირებით, დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მუქარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. ამდენად, დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტები განსახილველ შემთხვევაში ვერ გამორიცხავს დაზარალებულისათვის მუქარის რეალობის აღქმისა და საფუძვლიანი შიშის განცდის შესაძლებლობას.

5.6. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს იარაღის გადატენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ. ჭ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღწერა არ გულისხმობს იარაღის აუცილებლად გადატენას, კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ჭ–მა, სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, თავისი სამსახურებრივი საშტატო „გლოკის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა გ. ჩ–სკენ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამდენად, ამ ფაქტის დაუდასტურებლობა, არ გამორიცხავს რ. ჭ–ს მიერ მუქარის ჩადენის ფაქტს და ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.

5.7. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–სა და ა. შ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე