საქმე N 330100119003064148
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №39აპ.-22 24 თებერვალი, 2022 წელი
ტ–ე ნ., 39აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით ნ. ტ–ე (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ტ–მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
1.3. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 09:35 საათზე, თ–ში, ......... დასახლებაში, ..........ისა და ..........ს ქუჩების კვეთაზე, ავტომობილი „ნისანი“ (სახელმწიფო ნომრით ..........), რომელსაც მართავდა მ. ხ–ი, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ბ. ნ–სს, რაც გამოწვეული იყო „ჰონდა ფიტის“ ავტომობილის (სახელმწიფო ნომერი ......) მძღოლის - ნ. ტ–ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევითა და მ. ხ–ის მიერ მართული ავტომობილისათვის საფრთხის შექმნით. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ბ. ნ–სმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 20 დეკემბერს პროკურორმა იმედა გუგუშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა ნ. ტ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნ. ტ–სთვის შეფარდებული ჯარიმა არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებასთან. შეფარდებული სასჯელი ასევე ზედმეტად ლმობიერია, ვინაიდან დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, არ ეთანხმებოდა ბრალად წარდგენილ ქმედებას და პასუხისმგებლობას არ გრძნობდა დაზარალებულის მიმართ ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით.
3.3. მსჯავრდებულმა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, საბოლოო სიტყვის ეტაპზე აღიარა დანაშაული, რაც, კასატორის აზრით, სასამართლოებს არ უნდა გაეთვალისწინებინათ პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ტ–სთვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ნ. ტ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მათ შორის დანაშაულის აღიარება) გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
4.2. პროკურორის მიერ მითითებული არგუმენტები, რომ მსჯავრდებულმა სადავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მხოლოდ საბოლოო სიტყვის ეტაპზე აღიარა დანაშაული, ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან ჩამოთვლილი გარემოებები წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას, ხოლო უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ვერ მიიჩნევა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. რაც შეეხება დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
4.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე