Facebook Twitter

საქმე N 010100121004418257

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №27აპ.-22 24 თებერვალი, 2022 წელი

გ–ე რ., 27აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2021 წლის 23 იანვარს რ. გ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი).

1.2. რ. გ–სთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 21 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ–ი, ა–ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. გ–ე ოჯახის წევრს, დედას - ნ. გ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნ. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2021 წლის 22 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. გ–ე ოჯახის წევრს, დედას - ნ. გ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნ. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენით რ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 14 დეკემბერს პროკურორმა აკაკი მოქერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: რ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (ორი ეპიზოდი) და ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი აკაკი მოქერია აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია რ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

4.3. კასატორის პოზიციით, მოვლენათა ქრონოლოგიური განვითარება მიუთითებს რ. გ–ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ: გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა დაზარალებულის შეტყობინება დანაშაულის შესახებ; გამოძიების დაწყებისთანავე გამოიკითხა ნ. გ–ე, რომელმაც დაადასტურა, რომ 2021 წლის 21 და 22 იანვარს რ. გ–ე დაემუქრა, რომ დაჩეხავდა და არ აცოცხლებდა. პოლიციელები მყისიერად გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ქალბატონი, რომელიც ტიროდა და განმარტავდა, რომ შვილმა - რ. გ–მ აზარტული თამაშების გამო სიცოცხლე გაუმწარა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

4.4. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ.-19 გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება გასაჩივრებულ განაჩენში მოყვანილი დასაბუთება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, კერძოდ:

5.2. შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა, დაზარალებულმა ნ. გ–მ და მოწმე ნ. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცეს რ. გ–ს წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა და მოწმემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს რ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.3. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მოწმეები - გ. კ–ი და ზ. ხ–ი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. რაც შეეხება დანაშაულის თაობაზე შეტყობინების ოქმს, მასში მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. გ–ემ ოჯახური კონფლიქტის გამო მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის თაობაზე შეტყობინებას სასამართლო ვერ განიხილავს დამოუკიდებელ მტკიცებულებად, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.4. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა/რ დეპარტამენტის ქ. ბ–ს პოლიციის ... განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, თ. ნ–ს მიერ 2021 წლის 22 იანვარს გამოცემული №.... შემაკავებელი ორდერი.

5.5. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. გ–ს მიერ მისთვის წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

5.6. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ.-19 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე