Facebook Twitter

საქმე N 020100121004822413

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №22აპ.-22 24 თებერვალი, 2022 წელი

ჯ–ა მ., 22აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2021 წლის 5 ივნისს მ. ჯ–ა (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

1.2. მ. ჯ–ასთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 3 ივნისს, საღამოს საათებში, ქ.ზ–ში, ჩ–ს ქუჩის №....-ში მცხოვრებმა მ. ჯ–ამ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი სიტყვიერი შელაპარაკებისას, იძალადა არასრულწლოვან გერზე - 13 წლის თ. ქ–ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში. ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა თ. ქ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით მ. ჯ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 30 დეკემბერს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: მ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი დიმიტრი ხვიტია აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, დაზარალებულ თ. ქ–ს გამოკითხვის ოქმი, აგრეთვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, მოწმეების - დ. ქ–სა გ. ბ–ს ჩვენებები.

4.3. კასატორის პოზიციით, სასამართლოებს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებზე, რომლებმაც დაზარალებულისგან მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია ფიზიკური ძალადობის შესახებ.

4.4. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ.-17 გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება გასაჩივრებულ განაჩენში მოყვანილი დასაბუთება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, კერძოდ:

5.2. შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა თ. ქ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მამინაცვალს - მ. ჯ–ას მასზე არ უძალადია და გამოძიების ეტაპზე მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა იმ საფუძვლით, რომ დედის გამო ეჭვიანობდა.

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა თ. ქ–მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარყო გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, მისი მითითება, რომ ის მ. ჯ–ზე ეჭვიანობდა, დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის - მოწმე მალუზა ცხადაიას ჩვენებით.

5.4. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათი ანალიზით იკვეთება, რომ: მოწმეები - დ. ქ–ა გ. ბ–ა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო 2021 წლის 4 ივნისის სამედიცინო ბარათის თანახმად, დათვალიერების შედეგად თ. ქ–ს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

5.6. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ჯ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

5.7. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ.-17 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, ეს არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე