¹ბს-1412-987(2კ-05) 18 იანვარი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია
კასატორები (მოპასუხეები):
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი _ მ. ნ.-ი
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, წარმომადგენელი _ ქ. გ.-ი
კასატორის მხარეზე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): მ. და რ. დ.-ები, ა. ჯ.-ა, ბ. ჩ.-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 2 ნოემბერს მ. და რ. დ.-ებმა მარტვილის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1997 წლის 15 აპრილს სოფელ ...-ს საკრებულოში მიწის აზომვასთან დაკავშირებით მათთან გაფორმდა ხელშეკრულება და მათ მიწის აზომვა დაევალათ. მიწა აზომილ იქნა შეთანხმებულ დროში. თითო მიწის მზომელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ერთი ოჯახისთვის განხორციელებული მიწის აზომვისთვის ერთი ლარი. სულ აზომილ იქნა 860 კომლის მიწა, ამდენად, მოსარჩლეთა მითითებით, მოპასუხეს თითოეულისთვის 860 ლარი ჰქონდა გადასახდელი.
მ. და რ. დ.-ებმა აღნიშნეს, რომ მოპასუხემ თანხის ნაწილი გადაიხადა, რის შემდეგაც მ. დ.-ასთვის 650 ლარი დარჩა გადასახდელი, რ. დ.-ასთვის კი _ 587 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოპასუხისთვის 1237 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
2004 წლის 9 ნოემბერს ა. ჯ.-ამ სარჩელი აღძრა მარტვილის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იგი მუშაობდა მარტვილის მიწის მართვის სამმართველოში, რომელსაც ...-ის საკრებულოს ტერიტორიაზე კომლების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკონტროლო აზომვების ჩატარება ევალებოდა. ხსნებული ხელშეკრულების თანახმად, იგი ახორციელებდა ...-ის საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრები კომლების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკონტროლო აზომვას, ხოლო მიწის მართვის სამმართველო ვალდებული იყო, აენაზღაურებინა თითოეული კომლის მიწის ნაკვეთის აზომვისთვის 50 თეთრი.
ა. ჯ.-ს განმარტებით, მან აზომვითი სამუშაოები 1100 კომლის მიწის ნაკვეთზე შეასრულა, რის შედეგადაც ასანაზღაურებელმა თანხამ 550 ლარი შეადგინა, რაც მოსარჩელეს არ მიუღია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ თანხის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. ამდენად, ა. ჯ.-მ აღნიშნული თანხის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისთვის დაკისრება მოითხოვა.
2004 წლის 8 დეკემბერს ბ. ჩ.-მ ანალოგიური სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ მარტვილის მიწის მართვის სამმართველოში მუშაობდა მიწის მომწყობად. 2000 წელს გათავისუფლდა სამუშაოდან, თუმცა 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანება არ მიუღია, რამაც 956 ლარი შეადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისთვის აღნიშნული თანხის დაკისრება მოითხოვა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის განჩინებით აღნიშნული სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ ბ. ჩ.-ს, ა. ჯ.-ს, მ. და რ. დ.-ების სარჩელები დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს ბ. ჩ.-ს სასარგებლოდ 956 ლარის; ა. ჯ.-ს სასარგებლოდ 550 ლარის; მ. დ.-ს სასარგებლოდ _ 650 ლარის, ხოლო რ. დ.-ს სასარგებლოდ 587 ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული თანხა მათ ხელშეკრულების შესაბამისად, ნამდვილად ეკუთვნოდათ, ვინაიდან მოსარჩელეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულეს ჯეროვნად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურმა კი მათი კუთვნილი თანხა არ აანაზღაურა. სასამართლომ აქვე განმარტა, რომ, მართალია, ხელშეკრულება გაფორმდა მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსთან, მაგრამ მისი ლიკვიდაცია განხორციელდა და მის უფლებამონაცვლედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რაიონის სარეგისტრაციო სამსახურები განისაზღვრა, სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია სარჩელის თანხის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დაკისრება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენდა.
აპელანტმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მიერ მიწის მართვის სამმართველოსთვის მოსარჩელეებთან 1997 წლის 15 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის დაკისრება. მან აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 მაისის განჩინებით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ვადის გაშვების გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩაება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს ბ. ჩ.-ს სასარგებლოდ 956 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ა. ჯ.-ს სასარგებლოდ 550 ლარის, მ. დ.-ს სასარგებლოდ 650 ლარის, რ. დ.-ს სასარგებლოდ კი 547 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებს შორის არსებობდა თანხის ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, რამდენადაც მოსარჩელეებს თანხის ნაწილი მიღებული ჰქონდათ, ამით თანხის გამცემი მხარე აღიარებდა მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას და ე.წ. სამუშაოს დამკვეთი მხარე ვალდებული იყო, შესრულებული სამუშაოს საფასური აენაზღაურებინა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე» საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის დადგენილების პირველი პუნქტით, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ მიწათმოწყობის, სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი «საქსახმიწპროექტი» გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჯ.-ს, მ. და რ. დ.-ების მიერ გაწეული სამუშაოსათვის კუთვნილი თანხა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უნდა აენაზღაურებინა. ხოლო, რაც შეეხება ბ. ჩ.-ს, იგი მიწის მართვის მარტვილის სამმართველოს თანამშრომელი იყო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ ბ. ჩ.-ს მიმართ სახელფასო დავალიანება არსებობდა, რომელიც, შრომის კანონთა კოდექსის მე-16 და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლების თანახმად, ამ სამსახურის მიერ უნდა ანაზღაურებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მტკიცება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტა, რომ მოსარჩელეებთან დადებულ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ვალდებულების შესრულების ვადა და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვეოდა, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, მათი მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო. გარდა ამისა, მოსარჩელეებმა 2004 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს თანხის ანაზღაურების შესახებ და 2004 წლის აპრილში მიიღეს პასუხი, რომ თანხას მიიღებდნენ, როდესაც იგი ბიუჯეტში იქნებოდა გათვალისწინებული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ დავალიანება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის არსებობის პერიოდში წარმოიშვა, კერძოდ, 1999, 2000, 2003 წლებში. ამასთან, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენდა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შესაბამისად, დავალიანებები, რომლებიც დასახელებულ წლებში წარმოიშვა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილების საფუძველზე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაცია განხორციელდა. «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნის საკითხი და მისი ფუნქციები. შესაბამისად, ეროვნული სააგენტო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს საბიუჯეტო დავალიანებების კუთხით არ წარმოადგენდა, ვინაიდან «საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მუშაობის შედეგებისა და დასკვნის დამტკიცების შესახებ» საქართველის იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1633 ბრძანების მე-7 პუნქტით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სახელფასო და სხვა საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვა ეთხოვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბ. ჩ.-ს სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომაც გაასაჩივრა.
კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონი, რომელიც მიუთითებდა, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი საქვეუწყებო დაწესებულების სახით მმართველობის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაეცა. სააპელაციო სასამართლომ, კასატორის მოსაზრებით, აგრეთვე არასწორად განმარტა «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე» 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილება, რომელიც სამართლებრივად აწესრიგებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის (მისი ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, ნაკისრი ვალდებულებების ჩათვლით და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა-მოწერიგებას.
კასატორის მითითებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქვეუწყებო დაწესებულების სახით მმართველობის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაეცა, ხოლო «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, უნდა შექმნილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისად, სამინისტრო და ტერიტორიული ორგანოები კომპეტენციის ურთიერთგამიჯვნის საფუძველზე აწარმოებდნენ ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრს. ამასთან, კანონით დადგენილი იყო, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა გადასცემოდა, ხოლო ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მიღებული «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე» საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილებით ლიკვიდირებულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მისი ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება იუსტიციის სამინისტროს დაევალა. კანონმდებლობის შესაბამისად კი დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი ამ დაწესებულების მიმდინარე საქმეების (ნაკისრი ვალდებულებების ჩათვლით) შესრულებასა და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა-მოწერიგებას მოიცავდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ იგი არ წარმოადგენდა მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ჩატარებული, მიწის ნაკვეთებზე ჩასატარებელი აზომვის ფუნქციების და აქედან გამომდინარე, ფინანსური საკითხების სამართლმემკვიდრეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მას ა. ჯ.-ას, მ. დ.-ასა და რ. დ.-ას სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის და ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1997 წლის 15 აპრილს სოფელ ...-ს საკრებულოს მიერ მ. და რ. დ.-ასთან გაფორმდა ხელშეკრულება და მათ მიწის აზომვა დაევალათ. მიწა აზომილ იქნა შეთანხმებულ დროში. თითო მიწის მზომელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ერთი ოჯახისთვის განხორციელებული მიწის აზომვისთვის ერთი ლარი. სულ აზომილ იქნა 860 კომლის მიწა, ამდენად, დავალიანების თანხამ თითოეულისთვის 860 ლარი შეადგინა. მოპასუხემ თანხის ნაწილი გადაიხადა, რის შემდეგაც მ. დ.-ასთვის 650 ლარი დარჩა გადასახდელი, რ. დ.-ასთვის კი _ 587 ლარი.
ა. ჯ.-ამ, ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელა ...-ის საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრები 1100 კომლის აზომვა. თვითოეული კომლის მიწის ნაკვეთის აზომვისათვის 50 თეთრი იყო გათვალისწინებული და დავალიანების თანხამ 550 ლარი შეადგინა.
ბ. ჩ.-ია მუშაობდა მარტვილის მიწის მართვის სამმართველოში მიწათმომწყობად და 1998-1999 წლებში მიუღებელი ჰქონდა ხელფასი 956 ლარის ოდენობით.
ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული დავალიანებების ნამდვილობა დასტურდება თვით მარტვილის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურმა აღიარა მ. და რ. დ.-ების, ა. ჯ.-აა და ბ. ჩ.-ის მიმართ არსებული ვალდებულებები და დაპირდა გადახდას. საქმის მასალებით უდავოდაა ასევე დადგენილი, რომ მოსარჩელეებთან დადებული იყო ხელშეკრულებები მიწის აზომვასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების შესახებ და ხელშეკრულებითვე იყო გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულებისათვის გადასახდელი თანხები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ხელშეკრულებების მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, მხარემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს, თუ რომელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ _ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უნდა აანაზღაუროს დავალიანებები მიწის მართვის დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შემდგომ, ანუ ვინ გახდა ამ უწყების სამართალმემკვიდრე.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონს, რომლის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა მომხდარიყო სახელმწიფო დეპარტამენტების რეორგანიზაცია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. კერძოდ, ისინი გარდაიქმნენ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და განხორციელდა მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემა. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ხოლო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვისა და გამოყენების წესების შემუშავებას, დაბინძურებული და დეგრადირებული მიწის კონსერვაციის ღონისძიებების მომზადებასა და მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, ასევე ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე სახელმწიფო კონტროლს, მიწის ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადაყვანას, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთების გამოყოფაში, საზღვრების დადგენასა და გამიჯვნაში მონაწილეობის მიღებას _ გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
სასამართლო მოიხმობს ასევე «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, დადგინდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
«სახელმწიფო რეესტრის შესახებ» კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე» საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი ფუნქციები:
a) მიწის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, აგერთვე შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
b) მიწის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებათა განხორციელება;
g) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა დს დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი;
d) მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა;
e) მიწის რეფორმის, გამოყოფის, გასხვისების, დანიშნულების შეცვლის საქმიანობაში მონაწილება თავისი კომპეტენიის ფარგლებში.
ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ მიწათმოწყობის, სახელმწიფო, საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი «საქსახმიწპროექტი» გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (მე-3 პუნქტი). ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უნდა მოემზადებინა «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებიდან სამი თვის სახელფასო ფონდის დეპარტამენტისათვის დაბრუნება (მე-5 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან მიწათმოწყობისა და სხვა ფუნქციები, რომლებიც ა. ჯ.-მ, მ. და რ. დ.-ებმა განახორციელეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა, ამდენად, მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის დავალიანება სწორედ ამ უკანასკნელს უნდა დაკისრებოდა, რადგან ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციების სამ სამინისტროს _ იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და სურსათისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებს შორის განაწილებით, ისინი გახდნენ ლიკვიდირებული დეპარტამენტის უფლებამონაცვლეები გადაცემულ სფეროებში და ამ კუთხით მიიღეს მისი ყველა უფლება-მოვალეობა.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ბ. ჩ.-ია მიწის მართვის მარტვილის რაიონის სამმართველოს თანამშრომელი იყო, ამდენად, მის მიმართ არსებული დავალიანება სახელფასო დავალიანებას წარმოადგენდა და აღნიშნული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს «შრომის კანონთა კოდექსის» მე-16 და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლების საფუძველზე უნდა დაკისრებოდა. ამასთან, «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» კანონით განსაზღვრულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მის ტერიტორიულ ორგანოებს უნდა გადასცემოდათ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. ამდენად, არ არსებობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.