საქმე N 010100121004382424
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №25აპ.-22 24 თებერვალი, 2022 წელი
ა-ე თ., 25აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2021 წლის 13 იანვარს თ. ა–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ორი ეპიზოდი).
1.2. თ. ა–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ფ–ს ქ. N.., ბინა N..-ში, თ. ა–მ იძალადა თავის ოჯახის წევრზე, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ლ. ბ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, თმის მოქაჩვითა და იატაკზე თრევით, ასევე ფეხების მუცელში ჩარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ფ–ს ქ. N.., ბინა N..-ში, თ. ა–მ იძალადა თავის ოჯახის წევრზე, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ლ. ბ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ლ. ბ–ს არასრულწლოვანი შვილი - მ. ი–ი.
- 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ფ–ს ქ. N.., ბინა N..-ში, თ. ა–მ იძალადა თავის ოჯახის წევრზე, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ლ. ბ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. ბ–ში, ფ–ს ქ. N.., ბინა N..-ში, თ. ა–მ იძალადა თავის ოჯახის წევრზე, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. ბ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, თმის მოქაჩვით, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებითა და ბოთლის თავში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ლ. ბ–ს არასრულწლოვანი შვილი -მ. ი–ი.
- 2020 წლის 23 ოქტომბერს, დღის საათებში, ქალაქ ბ–ში, ფ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, თ. ა–ემ იძალადა თავის ოჯახის წევრზე, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ლ. ბ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 23 ოქტომბერს ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში თ. ა–ე დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. ბ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2021 წლის 3 იანვარს თ. ა–ე ტელეფონის საშუალებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. ბ–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენით თ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენი თ. ა–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 11 ნოემბერს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: თ. ა–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია თ. ა–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
4.3. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებები, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველია დაზარალებულის განცხადება, რომელმაც გამოკითხვის ოქმში დეტალურად აღწერა მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები, თანხმობა განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
4.4. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის - მოწმეების - ს. ბ–სა და ე. მ–ს ჩვენებების მხედველობაში მიღებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თ. ა–ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
5. შესაგებელი:
5.1. გამართლებულ თ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ–მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებელია, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა თ. ა–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
6.2. დაზარალებულმა ლ. ბ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა მეუღლის - თ. ა–ს წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა თ. ა–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
6.3. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა შემთხვევის თვითმხილველი მოწმე - მ. ი–ი, რადგან არასრულწლოვანმა უარი განაცხადა სასამართლო სხდომის დარბაზში შესვლაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა, მათ შორის: მოწმეების - ე. მ–სა და ს. ბ–ს ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება თ. ა–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი, ვინაიდან ისინი, ძირითადად, გადმოსცემენ დაზარალებულისგან მიწოდებულ ინფორმაციას, რაც ვერ გახდება გამამტყუნებელი განჩენის გამოტანის საფუძველი. გარდა ამისა, მართალია, მოწმე ე. მ–ეინფორმაციას ფლობს მაისში ან ივნისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც მისი გადმოცემით, თ. ა–ემ თმა მოქაჩა ლ. ბ–ს და მუქარაზე, მაგრამ მისი ჩვენება არ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ძალადობისა და მუქარის ყველა ელემენტის მტკიცებისთვის, კერძოდ, ვერ უთითებს ძალადობის ჩადენის კონკრეტულ თარიღს; ასევე თმის მოქაჩვის შედეგად განიცდიდა თუ არა დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს; დაზარალებულმა მუქარა აღიქვა თუ არა რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღსანიშნავია, რომ ეს გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც, რაც გამორიცხავს თ. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
6.4. რაც შეეხება ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნას, იგი არ მიუთითებს თ. ა–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაზე, ვინაიდან ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნით ირკვევა, რომ თ. ა–ს ქმედებებიდან გამომდინარე, ლ. ბ–ე განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას, თუმცა ბრალდების მხარე განსახილველ შემთხვევაში თ. ა–ეს ედავება ძალადობისა და მუქარის ჩადენას და არა - სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას.
6.5. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. ა–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
6.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
6.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე