Facebook Twitter

საქმე N 040100121004702734

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1031აპ.-21 25 თებერვალი, 2022 წელი

ბ–ი გ., 1031აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით გ. ბ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. ბ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

1.4. ცაგერის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ–მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

1.5. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში, დილის საათებში, ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ურთიერთშელაპარაკების ნიდაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, გ. ბ–სმა თავის არეში მუშტი ჩაარტყა მეზობელს - ნ. ბ–ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

- 2020 წლის 16 სექტემბერს გ. ბ–სი მსაჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ალკოჰოლით მთვრალი და პირობით მსჯავრდებული გ. ბ–სი, უმიზეზოდ განაწყენებისას, მცირე ზომის ლითონის მილით, რაც დაზარალებულმა აღიქვა ცეცხლსასროლ იარაღად, მოკვლით დაემუქრა მეზობლებს - ნ. ბ–ს და ნ. ბ–ს, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- გ. ბ–სმა დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა 24 ცალი 7,62 მმ კალიბრიანი საბრძოლო ვაზნა, რაც ამოიღეს 2021 წლის 6 აპრილს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

2.2. გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. ბ–ს მიმართ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

2.5. მსჯავრდებულ გ. ბ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2021 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 24 ნოემბერს მსჯავრდებულმა გ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვეს მასში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა გამოძიების დაწყების პროცესშივე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო განსახილველ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, ასევე სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.

3.3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ბ–სისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელიდან ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

4. შესაგებელი საკასაციო საჩივარზე:

4.1. 2021 წლის 3 დეკემბერს პროკურორმა ზურაბ ლორიამ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ცვლილება შეიტანა გ. ბ–სისთვის შეფარდებულ სასჯელში, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ბ–სს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.

5.4. იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ–მ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გ. ბ–სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ბ–სისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე