Facebook Twitter

საქმე N 330100120003740249

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1043აპ.-21 25 თებერვალი, 2022 წელი

ბ–ი ბ., 1043აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ–ი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 12 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 13 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 16 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 18 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა დანარჩენი ეპიზოდებისთვის შეფარდებული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით, 7 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

1.4. ბ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 21 მაისიდან 2020 წლის 23 მაისის ჩათვლით.

1.5. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ–მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ხუთი ეპიზოდი).

1.6. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის მაისში, გამოძიებით ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ბ. ბ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში, ო–ს დასახლება, ა–ს ქუჩა №...-ში მდებარე ავტოსახელოსნოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ. ო–ს კუთვნილ ერთ ცალ „დევალტის“ ფირმის და ერთ ცალ „ბოშის“ ფირმის ელექტროხერხს ე.წ. „ბარგალკას“, თითოს, ღირებულს 100 ლარად; ერთ ცალ ე.წ ,,კემპის“ ელექტროშემდუღებელ აპარატს, ღირებულს 300 ლარად, ერთ ცალ „ვედელკრაფტის“ ფირმის ელექტროშემდუღებელ აპარატს, ღირებულს 1000 ლარად; ერთ ცალ „შპინდელის“ ელექტროშემდუღებელ აპარატს, ღირებულს 650 ლარად; კუსტარული წესით დამზადებულ თუნუქის გასასწორებელ აპარატს, ღირებულს 800 ლარად, ორ ცალ ელექტრობურღს, ორივეს ერთად, ღირებულს 20 ლარად და ავტომანქანა „პრიუსის“ ერთ ცალ ფარს, ღირებულს 400 ლარად. ბ. ბ–ს ქმედებით დაზარალებულ ნ. ო–ს მიადგა 3370 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2020 წლის 10 მაისს, დაახლოებით, 18:25 საათიდან 18:28 საათამდე დროის მონაკვეთში, ბ. ბ–ი ქ. თ–ში, ო–ს დასახლება, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე სს ,,ე–ს“ მარკეტიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,5 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს, კონიაკ ,,ასკანელს“, ღირებულს 35,2 ლარად და 0,5 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლურ სასმელ, ვისკ ,,ჯეკ დენიელს“, ღირებულს 58,7 ლარად. ბ. ბ–ს ქმედებით დაზარალებულ ორგანიზაციას, სს ,,ე–ს“ მიადგა 93 ლარისა და 90 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.

- 2020 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 14:13 საათიდან 14:18 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, ო–ს დასახლება, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე სს ,,ე–ს“ მარკეტიდან ბ. ბ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,5 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს, კონიაკ ,,ასკანელს“, ღირებულს 35,2 ლარად. ბ. ბ–ს ქმედებით დაზარალებულ ორგანიზაციას, სს ,,ე–ს“ მიადგა 35 ლარისა და 20 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.

- 2020 წლის 13 მაისს, დაახლოებით, 16:23 საათიდან 16:34 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, ო–ს დასახლება, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე სს ,,ე–ს“ მარკეტიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,5 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს, კონიაკ ,,ასკანელს“, ღირებულს 35,2 ლარად და 0,5 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს, ვისკ ,,ბალანტაისს“, ღირებულს 35,9 ლარად. ბ. ბ–ს ქმედებით დაზარალებულ ორგანიზაციას, სს ,,ექსპრესქსელს“ მიადგა 71 ლარისა და 10 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.

- 2020 წლის 16 მაისს, დაახლოებით, 11:02 საათიდან 11:06 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, ო–ს დასახლება, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე სს ,,ე–ს“ მარკეტიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,5 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს, კონიაკ ,,ასკანელს“, ღირებულს 35,2 ლარად, ასევე ერთ პაკეტ მდნარ ყველ ,,პრეზიდენტს“, ღირებულს 5,3 ლარად. ბ. ბ–ს ქმედებით დაზარალებულ ორგანიზაციას, სს ,,ე–ს“ მიადგა 40 ლარისა და 50 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.

- 2020 წლის 18 მაისს, დაახლოებით, 11:15 საათიდან 11:23 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, ო–სდასახლება, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე სს ,,ე–ს“ მარკეტიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 0,7 ლიტრი ტევადობის ალკოჰოლურ სასმელს, ლიქიორ ,,ბეილისს“, ღირებულს 42,2 ლარად. ბ. ბ–ს ქმედებით დაზარალებულ ორგანიზაციას, სს ,,ე–ს“ მიადგა 42 ლარისა და 20 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ადვოკატ ა. შ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2.2. ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 12 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 13 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 16 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 18 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა დანარჩენი ეპიზოდებისთვის შეფარდებული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით, 7 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი და განაჩენთა ერთობლიობით ბ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

2.5. ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით შემცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.6. ბ. ბ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.7. ბ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 1 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 21 მაისიდან 2020 წლის 23 მაისის ჩათვლით.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 19 ოქტომბერს მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი და მოითხოვა მასში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე ბ. ბ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აგრეთვე ყველა დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ბ. ბ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.2. ბ. ბ–სთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით როგორც დამოუკიდებლად, ასევე განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბ. ბ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი (დანაშაულის სიმრავლე, ახალი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, დანაშაულის რეციდივი) გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

4.3. იმის გათვალისწინებით, რომ ბ. ბ–მ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - ქურდობის ექვსი ეპიზოდი ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დაკისრებული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიმართ გამოყენებული საპროცესო შეღავათები არ აღმოჩნდა ეფექტური და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. შ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე