საქმე N 110100120003905742
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1029აპ.-21 25 თებერვალი, 2022 წელი
ბ-ი მ., 1029აპ.-21 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 2020 წლის 3 სექტემბერს მ. ბ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ).
1.2 მ. ბ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 21 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ თ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ალკოჰოლის ხშირი მოხმარებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მთვრალმა მ. ბ–მ, განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განიზრახა მამის - ჯ. ბ–ს განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით მან მფლობელობაში არსებული 16 კალიბრიანი ერთლულიანი ,,იჟ-18 ემ“ მოდელის №..... სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ გასროლის შედეგად, მამას - ჯ. ბ–ს, მუცლის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის გამოც ჯ. ბ–ი იმავე დღეს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2020 წლის 23 მარტს გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მ. ბ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.2. მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 22 მარტიდან.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, მ. ბ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „........“ მოდელის, ერთლულიანი თოფი.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 24 ნოემბერს პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა მ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ამ მუხლით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეების - ჯ. კ–ს, ა. ბ–სა და ლ. ს–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა), რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა მ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
4.3. სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. ბ–ის მიერ მამის - ჯ. ბ–ს მიმართ განზრახ მოკვლის მიზნით სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლის ფაქტი, ვინაიდან შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და ჯ. ბ–ს გვამიდან ამოღებული საფანტის მარცვლები იყო სხვადასხვა ნომრის, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მარცვლები შეესაბამებოდა №.. და №.. საფანტს, ხოლო ჯ. ბ–ს გვამიდან ამოღებული მარცვლები - №.. და №.. საფანტს.
4.4. ბრალდების მხარის პოზიციით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სისხლის ლაქები, რომელიც ეკუთვნოდა ჯ. ბ–ს, აღმოჩნდა არა მ. ბ–ის მიერ მითითებულ, ღუმლის გვერდით არსებულ ავტომანქანის სავარძელთან, სადაც, მისივე განმარტებით, იჯდა ჯ. ბ–ი, არამედ მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ საწოლის ლეიბსა და საწოლის წინამდებარე იატაკზე. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ჯ. ბ–ს გვამს ჰქონდა მხოლოდ შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომელიც არ იყო გამომავალი. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ჯ. ბ–ი აღნიშნულ სავარძელზე იჯდა და მას მოხვდა მ. ბ–ის მიერ, თითქოსდა, თოფიდან შემთხვევით გასროლილი საფანტის მარცვლები, ვინაიდან ჯ. ბ–ს გვამზე არ აღმოჩნდა გამომავალი ჭრილობა, სავარძელი ვერ დაზიანდებოდა და მის უკან საფანტის დეფორმირებული მარცვლები არ აღმოჩნდებოდა.
5. შესაგებელი:
5.1. ადვოკატმა ფატმან არზიკიანმა პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ მ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6.2. განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა დანაშაულის ამსრულებელ მ. ბ–ს ჩადენილი ქმედების მიმართ, კერძოდ იმას, მან შედეგი გაცნობიერებულად და სურვილით გამოიწვია, თუ - მისგან მოსალოდნელი წინდახედულობის უგულებელყოფის შედეგად.
6.3. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მ. ბ–მ გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე მამას - ჯ. ბ–ს, კერძოდ: როგორც თავად მ. ბ–ის ჩვენების, ისე მოწმეების - ჯ. კ–სა და ლ. ს–ს ჩვენებების შინაარსი ადასტურებს, რომ მ. ბ–მ ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, არამედ - ჯ. ბ–ს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მ. ბ–ს სურდა მამის - ჯ. ბ–ს მოკვლა, ანდა შეგნებულად უშვებდა მის სიკვდილს ან გულგრილად ეკიდებოდა ასეთ შედეგს.
6.4. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები, რომ ალკოჰოლის ხშირი მოხმარებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მთვრალმა მ. ბ–მ, განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განიზრახა მამის - ჯ. ბ–ს მოკვლა, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული მ. ბ–ი და მამამისი - ჯ. ბ–ი ერთად ცხოვრობდნენ თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში. ჯ. ბ–ს ამპუტირებული ჰქონდა ფეხი და მასზე ზრუნავდა მ. ბ–ი, მათ შორის რაიმე სერიოზული კონფლიქტის ან ჩხუბის შესახებ არც შემთხვევის დღეს და არც მანამდე გაუგია ვინმეს. ჯ. ბ–სა და მ. ბ–ს შორის კარგ მამაშვილურ ურთიერთობას თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ როგორც თავად მსჯავრდებული მ. ბ–ი, ასევე მისი და - დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ბ–ი და მეზობლად მცხოვრები პირები - გ. კ–ე, გ. კ–ე, ა. კ–ე, ზ. ნ–ე, შ. ნ–ე და ი. ნ–ე.
6.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. ბ–ის მიერ მამის, ჯ. ბ–ს მიმართ განზრახ მოკვლის მიზნით სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლის ფაქტი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია ბრალდების მხარის ეს არგუმენტი.
6.6. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებისას პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მსჯავრდებულმა მ. ბ–მ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიუთითა ღუმელთან მდგარ მუყაოს ყუთზე, სადაც მისივე განმარტებით ჩააგდო გასროლის შემდეგ სანადირო თოფიდან ამოღებული მასრა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად მუყაოს ყუთიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს სტანდარტულ 16 კალიბრიან, სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი, მათ შორის ,,იჟ-18 ემ“ მოდელის იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს და იგი ნასრილია ,,იჟ-18 ემ“ მოდელის №... თოფიდან. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა მხოლოდ ერთი ცალი მასრა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მ. ბ–ის მიერ მამის, ჯ. ბ–ს მიმართ განზრახ მოკვლის მიზნით სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლის ფაქტი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს, რაც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
6.7. ამდენად საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დასტურდება მ. ბ–ის ქმედებაში გაუფრთხილებელი დანაშაულის ნიშნების არსებობა.
6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
6.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე