საქმე N 330100118002594589
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე N799აპ.-21 22 თებერვალი, 2022 წელი ვ. გ–ე, 799აპ.-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2012 წლის 8 თებერვალს ვ. გ–ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).
1.2. ვ. გ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- ვ. გ–მ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი ვაზნების გასროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
- 2011 წლის 23 დეკემბერს, როდესაც იგი იმყოფებოდა ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩაზე, აღნიშნული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა დ. ფ–ე, მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, პისტოლეტი კი გადააგდო.
- ვ. გ–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი 9 ცალი ვაზნა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თ–ი, გ–ს გამზირი, კორპ. N.., ბინა N..-ში.
1.3. 2011 წლის 30 დეკემბერს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა გირაო - 20 000 (ოცი ათასი) ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით, რომლის ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 28 დეკემბრის 20:00 საათიდან.
1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით:
- ვ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (საცხოვრებელი ბინის ეპიზოდი) და გამართლდა.
- ვ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), ასევე სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი.
1.5. 2020 წლის 31 ივლისს ვ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სრულად გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
1.6. 2020 წლის 8 აგვისტოს პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ - ჯარიმის შეცვლა თავისუფლების აღკვეთით.
1.7. 2020 წლის 1 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო სააპელაციო საჩივრები და 2021 წლის 28 ივნისს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენი გაუქმდა და მსჯავრდებული ვ. გ–ე სრულად გამართლდა.
1.8. 2021 წლის 27 ივლისს ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ასევე - მკაცრი და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1.სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი კუთხით სწორად არ შეაფასა. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც სააპელაციო პალატის აზრით, არ ქმნიან საკმარის სტანდარტს, რათა დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ ვ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ასევე - საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.
2.2.სააპელაციო პალატამ დაზარალებულ დ. ფ-ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილა თავად ამ უკანასკნელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის ჩვენებაც უდავოდ იქნა ცნობილი დაცვის მხარის მიერ და რომელმაც გამოძიების ეტაპზე არაერთხელ ჩატარებული დაკითხვისას განმარტა, რომ ვერ ამოიცნო მისთვის დაზიანების მიმყენებელი პირი, თუმცა ცალსახად განაცხადა, რომ ის არ იყო მისი მეგობარი ვ. გ–ე.
2.3.სააპელაციო პალატამ ვ. გ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან მიმართებით აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს მხოლოდ ბრალდებულის ჩვენების შემოწმებას და არ შეიცავს სხვა გარემოებებს ან ინფორმაციას, რაც დამახასიათებელია ვითარების აღდგენისთვის. შესაბამისად, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება რაიმე ფორმით გამოქვეყნდეს სასამართლო სხდომაზე და იგი გამოყენებულ იქნეს როგორც მტკიცებულება, თუ ეს უკანასკნელი არ იქნება თანახმა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩვენების შემოწმებისას მითითებული იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილ და არა - განზრახ ქმედებაზე, რითიც წარედგინა ბრალდება ვ. გ–ეს.
2.4.სააპელაციო სასამართლომ პოლიციის თანამშრომლებისა და ექსპერტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და მათთვის უცნობია, თუ როგორ განვითარდა შემთხვევის ადგილზე მოვლენები დანაშაულის ჩადენის დროს; ამდენად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის რელევანტური ვ. გ–ს ბრალეულობის დადგენის ან უარყოფის თვალსაზრისით.
2.5.სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლოზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა, რომ ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებულ ადგილას ვაზნებს ინახავდა სწორედ ვ. გ–ე, ამოღებულ ნივთებთან მას რაიმე შეხება ჰქონდა და ამ უკანასკნელის უშუალო მფლობელობაში იმყოფებოდა.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1.საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან გამართლებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა.
3.2.კასატორს მიაჩნია, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია გამართლებულის მიერ გამოძიების ეტაპზე, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, ნებაყოფლობით მიცემული აღიარებითი ინფორმაცია, რაც დადასტურებულია სხდომაზე დაკითხული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირების ჩვენებებითა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.
3.3.პროკურორი საჩივარში აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული საბრძოლო მასალის კუთვნილება ვ. გ–სადმი დასტურდება ჩხრეკის ოქმით, რომლის დასაშვებობაც წინასასამართლო სხდომაზე შემოწმდა, ხოლო საკასაციო საჩივარს თან ურთავს 2011 წლის 28 დეკემბრის პროკურორის შუამდგომლობას და 2011 წლის 29 დეკემბრის სასამართლოს განჩინებას ბინის ჩხრეკის კანონიერების შემოწმების თაობაზე, რომლებიც საკასაციო საჩივრის წარდგენამდე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა.
3.4.კასატორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არგუმენტად მიიჩნევს სამართლებრივ პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს, ხოლო მოწმეთა ჩვენებები საპირისპიროზე მიუთითებენ.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1.საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის საჭიროა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს აღნიშნული პირის ბრალეულობას. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო, სასამართლოში წარმოედგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ვ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
4.2.საკასაციო საჩივრის ავტორი ძირითად ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ეტაპზე ვ. გ–ს გამოკითხვის ოქმზე, აღნიშნული ოქმის საფუძველზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირების ჩვენებებზე. ვ. გ–ეს სასამართლოში არ მიუცია ჩვენება, შესაბამისად, შეუძლებელია, მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია და მისგან გამომდინარე საგამოძიებო მოქმედებები განხილულ იქნეს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობად, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ეს ინფორმაციები არსებითად შეუსაბამოა მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც სასამართლო განხილვის შესაბამის ეტაპზე მხარეებმა უდავოდ ცნეს.
4.3.კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ვ. გ–ს ბინის ჩხრეკის ოქმზე, რომლის კანონიერება პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით შეაფასა, რადგან პროკურორის მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენამდე სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის კანონიერების საფუძველი (პროკურორის შუმდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ და მოსამართლის განჩინება, მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების თაობაზე). ბრალდების მხარემ აღნიშნული დოკუმენტაცია, სსსკ-ის არსებითი დარღვევით, საკასაციო სასამართლოში საჩივარზე თანდართული სახით წარმოადგინა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ბინის ჩხრეკის კანონიერება და უტყუარობა საფუძველს მოკლებულია და ქმნის ამოღებული საბრძოლო მასალის, როგორც მტკიცებულების, გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ჩადენაში ვ. გ–ს ბრალეულობას გამორიცხავს. დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მასზე მსჯელობა საქმის განხილვის კასაციის ეტაპზე არარელევანტურია.
4.4.რაც შეეხება საჩივრის დასაშვებობის არგუმენტაციას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არანაირ სამართლებრივ პრობლემას არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული წერილობითი ინფორმაცია არ შეესაბამება მტკიცებულებათა სტანდარტს, რომელიც საკმარისია საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მაშინ, როდესაც მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ვ. გ–ს ბრალეულობას.
4.5.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ს 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე