საქმე # 330100119003063863
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1015აპ-21 ქ. თბილისი
ზ. ე., 1015აპ-21 7 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ.
2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის სამხილები ვერ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც შესაძებელია, საფუძვლად დაედოს ე. ზ-ს მსჯავრდებას; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მსჯავრდებულის ჩვენება და სამხილების შეფასებისას წარმოშობლი არაერთი ეჭვი არასწორად გადაწყვიტა მის საწინააღმდეგოდ; ე. ზ-ს დანაშაულის ჩადენაში მხოლოდ დაზარალებულის მეუღლე - მ. ბ. ამხელს, რომელიც, ერთი მხრივ, არ ყოფილა დანაშაულის შემსწრე, მიკერძოებულია და გამოკითხვისას განიცდიდა სამართალდამცველების ზეწოლას, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ჩვენება არ არის თანმიმდევრული და ეწინააღმდეგება როგორც გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მითითებულ არსებით გარემოებებს, ასევე - დაზარალებულ მ. ნ-ს, მოწმეების - მ. და ნ. ბ-ების ჩვენებებსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ე. ზ-ს მისაღები ოთახის იატაკიდან აღებულ ანაწმენდებსა და ბინიდან ამოღებულ არცერთ დანაზე სისხლის კვალი არ აღმოჩენილა; სამედიცინო ექსპერტმა არ გასცა პასუხი შეკითხვაზე - გულმკერდის გარდა, სხვა ლოკალიზაციაზე მიყენებული მსგავსი ჭრილობა შეფასდებოდა თუ არა მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად, მაგრამ დაადასტურა, რომ მ. ნ-ს ჭრილობა შესაძლებელია, განვითარებულიყო მჭრელ საგანზე დაცემის შედეგად; დარღვეულია მსჯავრდებულის დაცვის უფლება, როდესაც მისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელად ითვალისწინებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ე. ზ. ბრალის წარდგენისას არ ყოფილა უზრუნველყოფილი სავალდებულო დაცვით.
3. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ე. ზ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას; კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ ე. ზ-მ დანით მიაყენა ჭრილობა მ. ნ-ს, მაგრამ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭეს, რადგან ე. ზ-ს განზრახული ჰქონდა მ. ნ-ს მკვლელობა და მისი ქმედება მიმართული იყო სწორედ ამ დანაშაულის ჩასადენად. მკვლელობის განზრახვა უნდა შეფასდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი ნებიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: დაზარალებულ მ. ნ-სა და ე. ზ-ს შორის ვალთან დაკავშირებული უთანხმოება, რაც დანაშაულის მოტივზე მიუთითებს; ჩხუბის დაწყებიდან მ. ბ-ს გამოჩენამდე ე. ზ. ობიექტურად ვერ მოახერხებდა დანის რამდენჯერმე დარტყმას, როგორც ეს განაჩენშია მითითებული; მიუხედვად იმისა, რომ დაზარალებულს აქვს ერთი ჭრილობა, დაზიანება მიყენებულია გულის საპროექციოდ და არა სხეულის სხვა რომელიმე არეში; მაშინ, როდესაც მ. ბ. შველას ითხოვდა, ე. ზ. სახლში დაზარალებულის სისხლს წმენდდა და არაფერი მოუმოქმედებია მ. ნ-ს დასახმარებლად.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ზ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, .. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ნასამართლევ ე. ზ-ს შეკამათება მოუვიდა მ. ნ-თან. ე. ზ-მ მოკვლის მიზნით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, გულის საპროექციოდ, დანის ერთხელ დარტყმით მ. ნ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება.
5. ე. ზ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენით ე. ზ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ზ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
7.1. 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, .. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ნასამართლევმა ე. ზ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის ერთხელ მოქნევით მ. ნ-ს გულის საპროექციოდ, გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ე. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია ყანდიაშვილმა, რომელიც ითხოვდა ე. ზ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელია და სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა იმგვარი დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, არ დადგენილა, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დგინდება ე. ზ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავი პასუხები გასცა დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. ნ-სა და მოწმეების - მ., ნ. და მ. ბ-ების ჩვენებებით სარწმუნოდ დადგენილია, რომ ნ. ბ-მ დააზიანა ე. ზ-ს ავტომანქანა, რომლის შესაკეთებელი თანხის გადახდასთან დაკავშირებული საკითხის გასარკვევად შემთხვევის დღეს მივიდა მ. ნ. ე. ზ-ს სახლში; მოწმე მ. ბ-ს ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ იგი თავისი მეუღლისა და ე. ზ-ს კამათის ხმაზე გაიქცა მსჯავრდებულის სახლისკენ და დაინახა, როგორ დაარტყა ე. ზ-მ გულში დანა მ. ნ-ს. აღსანიშნავია, რომ მოწმე მ. ბ-ს ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან, ერთი მხრივ, რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილა მას ე. ზ. არჩადენილ დანაშაულში, საქმის მასალებით არ დადგენილა, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულის მონათხრობი არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ასევე - თანხვდენილია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ. ნ-ს შემთხვევის შემდეგ აღენიშნებოდა სწორედ გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა, რომელიც მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მ. ნ-ს მაისურზე, გულ-მკერდის მიდამოში, მარცხნივ, არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ - მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ე. ზ-ს სახლის იატაკებზე, კარსა და სახლიდან ამოღებულ ნაჭერზე, პირსახოცსა და ბამბაზე აღმოჩენილია მ. ნ-ს სისხლი; მოწმე ნ. ბ-მ დაადასტურა, რომ გაიგონა მამიდამისის - მ. ბ-ს განწირული ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ე. ზ-ს სახლში ნახა სისხლიანი მ. ნ., რომელიც მეუღლემ წამოაყენა და შინ წაიყვანეს; მოწმე მ. ბ-მ დაინახა, როგორ მიჰყავდათ ე. ზ-ს სახლიდან მ. და ნ. ბ-ებს დაჭილი მ. ნ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ, თითქოსდა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ე. ზ-ს ბრალეულობაზე, რადგან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ მოტივებზე, რომელთა გათვალისწინებითაც, ე. ზ-ს ქმედება შეფასდა, როგორც არაერთგზის ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად და მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება; საკასაციო საჩივარში მითითებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მართლაც განმარტა: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8), რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ე. ზ. მ. ნ-ს მოკვლის განზრახვით მოქმედებდა, ვინაიდან განსახილველ საქმეზე კვალიფიკაციის დადგენისას დაზიანების ლოკალიზაციასთან ერთად, რაზეც ჰქონდა ძირითადი აქცენტი ბრალდების მხარეს, ასევე გაითვალისწინა, რომ ე. ზ-მ მ. ნ-სათვის ერთი ჭრილობის მიყენების შემდეგ შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როდესაც ხელს ობიექტურად არაფერი უშლიდა, რაც ერთობლივად შეფასებისას, გამორიცხავს მის ქმედებაში მ. ნ-ს მოკვლის სურვილის არსებობას.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე