Facebook Twitter

საქმე # 200100119002900002

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1017აპ-21 ქ. თბილისი

ზ. უ., 1017აპ-21 15 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მანანა თანდაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და უ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მითითებული მუხლის სანქციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ უ. ზ-ს ბრალეულობას; სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლებიც არის ერთმანეთთან სრულად თანხვდენილი, დამაჯერებელი და იდენტური, ხოლო დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები კი - ურთიერთგამომრიცხავია; მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცებულებები და მათ საფუძველზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რაც უკანონოა.

2. გამართლებულ უ. ზ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ბ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, უ. ზ-ს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა უ. ზ-მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი” (მარილი), რომელსაც უკანონოდ ინახავდა. 2019 წლის 13 თებერვალს ქ. თელავში, .. მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებმა გაჩხრიკეს უ. ზ., რა დროსაც ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი” (მარილი), საერთო წონით 0,00625 გრამი.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენით უ. ზ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა უ. ზ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა კანონით დადგენილ ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უ. ზ-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მანანა თანდაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და უ. ზ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა; რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში ამომწურავადაა მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უ. ზ. უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მათ შორის - მოწმე პოლიციელთა ჩვენებების არასანდოობისა და არადამაჯერებლობის შესახებ (პოლიციელთა ჩვენებების საპირისპიროდ, უ. ზ-ს დაკავების შემსწრე პირების, ნეიტრალური მოწმეების: გ. დ-ს, ა. ჭ-ს, მ. ს-სა და გ. გ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ დაკავებულის ჩხრეკა ადგილზე, საავადმყოფოს ეზოში, არ ჩატარებულა), ასევე უ. ზ-ს პირადი ჩხრეკის ოქმის კანონიერებასა (ჩხრეკის ოქმში მითითებულია დაკავების არასწორი დრო და ჩხრეკის ისეთი შედეგი, რომელიც ადგილზე არ მომხდარა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩხრეკისა და დაკავების ოქმები არ შეესაბამება სინამდვილეს და მათში ასახულია არასწორი ინფორმაცია) და ნივთიერი მტკიცებულების - უ. ზ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების არაავთენტურობასთან დაკავშირებით (პოლიციელების ჩვენებებსა და უ. ზ-ს პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ნივთმტკიცების (ნარკოტიკული საშუალების) ფერი განსხვავდება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების ფერისგან), რომლებთან მიმართებითაც ბრალდების მხარეს არ გააჩნია არანაირი საპირისპირო და დამაჯერებელი არგუმენტები, რითაც შეძლებდა დაცვის მხარის ვერსიის - ნივთიერი მტკიცებულების არაავთენტურობის შესახებ - გაბათილებას, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ უ. ზ-ს ნარკოტიკული საშუალება მართლაც არ ჰქონდა.

11. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და, ამასთან, ბრალდების მხარის არგუმენტებს, თუ რატომ არ გაიზიარა მისი მტკიცებულებები და რატომ მიანიჭა უპირატესობა დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ამომწურავი პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი