Facebook Twitter

საქმე # 110100120003535129

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1038აპ-21 ქ. თბილისი

თ. ი. 1038აპ-21 16 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგი ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ვ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. ი. თ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.ზ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას, ი. თ–მ მამას - ი. თ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს უკანასკნელი შეეცადა გარიდებოდა კონფლიქტს, რის გამოც გავიდა სახლის ეზოში, თუმცა ი. თ–ი გაჰყვა ეზოში და მამას - ი. თ–ს უკნიდან მარჯვენა ხელი ჰკრა მარჯვენა ბეჭის არეში. ი. თ–ს ძალადობრივი ქმედების შედეგად მამამ - ი. თ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო ი. თ–ს არასრულწლოვანი შვილი ე. ო–ი (დაბ.12.10.2012წ.).

2.2. 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.ზ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას, უმიზეზოდ, ნასვამმა ი. თ–მ მამას - ი. თ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ზურგში, რის გამოც იგი წაიქცა, ი. თ–ი განაგრძობდა მამის მიმართ ძალადობას, რა დროსაც ფეხი ორჯერ დაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, ასევე ორჯერ დაარტყა მუჭი თავში უკნიდან, კონფლიქტში ჩარევას და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა მოძალადე ი. თ–ს მეუღლე გ. ო–ი, რა დროსაც ი. თ–მ გ. ო–ს ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც გ. ო–ი წაიქცა და დაიზიანა მარცხენა ფეხის მუხლი. ი. თ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად მამამ - ი. თ–მ და მეუღლემ - გ. ო–მ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო ი. თ–ს არასრულწლოვანი შვილი - ე. ო–ი (დაბ.12.10.2012წ.).

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ი. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (2020 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

3.2. ი. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 300 საათით.

3.3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (დაკავებული იყო 2020 წლის 16 თებერვლიდან, 2020 წლის 19 თებერვლის ჩათვლით), საბოლოოდ ი. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 280 საათით.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. პროკურორი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ი. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან.

4.2. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და ი. თ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

6.1. პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან.

6.2. მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ვ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. თ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).

8. აღსანიშნავია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს ერთ შემთხვევაში ი. თ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(2020 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით(2020 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლება, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

9. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი. თ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. დაზარალებულებმა - ი. თ–მ და გ. ო–მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის (შესაბამისად - შვილის და მეუღლის) წინააღმდეგ.

11. სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა 2020 წლის 15 თებერვალს ი. თ–ს ძალადობაზე მამის - ი. თ–ს მიმართ.

12. რაც შეეხება კასატორის მითითებას 2020 წლის 15 და 16 თებერვალს ი. თ–ს მიერ ძალადობრივი ქმედებების არასრულწლოვანი შვილის - ე. ო–ს წინაშე ჩადენას, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. არასრულწლოვანმა ე. ო–მ გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით დაკითხვისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მამის - ი. თ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

14. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. თ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედებების(საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) ჩადენა.

16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. თ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მოწმეთა: ზ. ც–ს, დ. ნ–ს, მ. ხ–ს ჩვენებები, 2020 წლის 16 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნა), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ი. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

17. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგი ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ვ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე