საქმე # 020100121004307220
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1039აპ-21 ქ. თბილისი
ჭ. ა., 1039აპ-21 14 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ჭ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ, ძირითად მოტივებზე მითითებით: მას შემდეგ რაც ბანკის თანამშრომელმა ა. ჭ-ს განუმარტა, რომ სესხის გასაცემად აუცილებელი იყო ავტომანქანის მის საკუთრებად რეგისტრირება, ავტომანქანა 2019 წლის 10 აპრილს თავდაპირველად დარეგისტრირდა მ. შ-ს სახელზე, ხოლო იმავე წლის 12 აპრილს - ა. ჭ-ს სახელზე. ასეთ მცირე დროში ავტომანქანის რეგისტრაცია კი პირდაპირ მიუთითებს ა. ჭ-ს განზრახვაზე, მოეტყუებინა ბანკი საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც მან საბოლოოდ მოახერხა და რის შედეგადაც დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას; გარდა ამისა, ა. ჭ-მ ბანკს ასევე მიაწოდა ცრუ ინფორმაცია მის საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, ცხოვრობდა .. . მართალია, ბანკისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ა. ჭ. რეგისტრირებული იყო გალის რაიონში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე აღმასრულებელი მიუთითებდნენ, რომ ა. ჭ-ს მოძიებას ცდილობდნენ .. ვინაიდან, მათი ინფორმაციით, იგი ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ჭ-ს ბრალი დაედო თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 აპრილს ქ.ზუგდიდში ა. ჭ-მ, იმ მიზნით, რომ მოტყუებით დაუფლებოდა სს „ვითიბი ბანკის“ კუთვნილ თანხას, შსს მომსახურების სააგენტოში თავის სახელზე გადაიფორმა ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,ტოიოტა კამრი“, სახ. ნომრით (გამოშვების წელი 2013), საიდენტიფიკაციო ნომრით “ ”, რის შემდეგაც, იმავე დღეს მივიდა სს „ვითიბი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ: წარუდგინა აღნიშნული ავტომანქანა და მოატყუა, რომ იგი იყო მისი საკუთრება და სურდა ავტომანქანის გირავნობის საფუძველზე სესხად მიეღო თანხა. სს „ვითიბი ბანკსა“ და ა. ჭ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე - გირავნობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც ა. ჭ. ქ.ზუგდიდში მოტყუებით დაეუფლა სს „ვითიბი ბანკის“ კუთვნილ თანხას - 13 188 ლარს. მან არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ასევე მოთხოვნისას არ წარადგინა გირავნობის საგანი. ა. ჭ-ს ქმედებით სს „ვითიბი ბანკს“ მიადგა 13 188 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განაჩენით ა. ჭ., -დაბადებული .. წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ა. ჭ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
გაუქმდა ა. ჭ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ლევან ფიფიამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. ჭ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ ა. ჭ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2019 წლის 12 აპრილს, სს ,,ვითიბი ბანკთან’’ საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების დადებისას, ა. ჭ-მ მოატყუა ბანკის წარმომადგენელი, რაც თაღლითობის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, კერძოდ:
9. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ა. ჭ-მ ვითომდა ფიქციურად, შემდგომში სესხის თაღლითურად მოპოვების მიზნით თავის სახელზე გაიფორმა „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანა, რითაც მოატყუა ბანკის წარმომადგენელი, ვინაიდან როგორც განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრე - 2019 წლის 12 აპრილიდან დღემდე არის სწორედ ა. ჭ., რომლის საპირისპირო მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. საქმეში მოთავსებული, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ადმინისტრირების განყოფილებიდან გადმოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კამრის’’ მარკის ავტომობილის, სანომრე ნიშნით .., სტატუსი აქტიურია და 2019 წლის 12 აპრილიდან მისი მესაკუთრეა ა. ჭ. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ № და № ცნობების თანახმად, .. სახელმწიფო ნომრის მქონე „ტოიოტა კამრის’’ მარკის ავტომანქანის მესაკუთრეა ა. ჭ.
10. სრულიად უსაფუძვლოა აგრეთვე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ა. ჭ-მ ბანკის წარმომადგენელს ასევე ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მის საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებითაც, რომ თითქოსდა, ცხოვრობდა .. ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით არც ამ ნაწილში იკვეთება ა. ჭ-ს მხრიდან მოტყუების ფაქტი, კერძოდ: საქმის მასალებში მოთავსებულ, სს ,,ვითიბი ბანკთან’’ ა. ჭ-ს მიერ ხელმოწერილ ყველა დოკუმენტში: სწრაფი ავტოსესხის განაცხადის ფორმაში, გირავნობისა და საკრედიტო ხელშეკრულებებში ა. ჭ-ს საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სწორედ - .. რის შესაბამისად, დგინდება, რომ, ერთი მხრივ, ა. ჭ-ს სს ,,ვითიბი ბანკისათვის’’ არ მიუწოდებია ცრუ ინფორმაცია .. ცხოვრების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, ბანკისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ა. ჭ-ს საცხოვრებელი მისამართი - .. და სწორედ ამ მითითებული მისამართით გაფორმდა მასთან გირავნობისა და საკრედიტო ხელშეკრულებები. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ა. ჭ-ს საერთოდ არ ედავება თაღლითობის ჩადენას მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არც ამ ნაწილში არ არის გამოკვეთილი ა. ჭ-ს მხრიდან ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მოტყუების ფაქტი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება, რომ ა. ჭ-მ გადამალა გირავნობის საგანი, ვინაიდან ბანკის თანამშრომლები და აღმასრულებელი მის მოძიებას ცდილობდნენ არა ა. ჭ-ს მიერ ოფიციალურ საბანკო დოკუმენტაციაში (რომელთა საფუძველზეც გაიცა სესხი) მითითებულ მისამართზე - .. არამედ - .. . ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას ა. ჭ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი