Facebook Twitter

საქმე # 330100119002886050

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1049აპ-21 ქ. თბილისი

ს. ა., 1049აპ-21 14 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გიორგი მუკბანიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ს-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ა. ს-ს ბრალეულობა, კერძოდ, მის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია არსებითად ეწინააღმდეგება გამოძიებაში გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციასა და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

2. გამართლებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. რ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ს-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა სასამართლოში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში, როდესაც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 2 ოქტომბერს ა. ს. გამოიკითხა მოწმის სახით სისხლის სამართლის N საქმეზე, რომელზეც ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გამოკითხვისას ა. ს-მა მიუთითა, რომ ბრალდებულები მ. დ., დ. თ. (ლ. გ.) და თ. ვ. არიან კრიმინალური ავტორიტეტები. ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ მ. დ. დაინიშნა წალკის რაიონის ე.წ. „მაყურებლად“, რის შემდეგ უკვე თავად მ. დ-მ განაცხადა, რომ ე.წ. „ქურდების“ გადაწყვეტილებით, წალკის რაიონის ე.წ. „მაყურებლად“ დანიშნეს. აღნიშნულის შემდეგ შეხვდა თ. ვ-ს, რომელმაც უთხრა, რომ აგროვებდნენ ფულს და ჰკითხა, ხომ ვერ დაეხმარებოდა. შემდგომში 50 ლარი მისცა ბ. რ-ს თ. ვ-სათვის გადასაცემად. მოწმის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სისხლის სამართლის N საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით.

2019 წლის 8 თებერვალს, ა. ს-მა, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხვის დროს სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ, განაცხადა, რომ მ. დ., ლ. გ. და თ. ვ. არ არიან კრიმინალური ავტორიტეტები და ქურდულ სამყაროსთან მათ კავშირზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე განაცხადა, რომ მისთვის არავის წარუდგენია მ. დ., როგორც წალკის რაიონის ე.წ. „მაყურებელი“ და არც თავად მ. დ-ს უთქვამს რაიმე ე.წ „მაყურებლობასთან“ და ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით. მან ასევე განმარტა, რომ თ. ვ-სათვის გადასაცემად თანხა არავისთვის მიუცია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის განაჩენით ა. ს., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ა. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და დამატებითი ვალდებულება. გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

გამართლებულ ა. ს-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. ს-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და ამომწურავად უპასუხა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ა. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), No. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გიორგი მუკბანიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი