საქმე # 160100120003530369
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1051აპ-21 ქ. თბილისი
ა.ა. 1051აპ-21 24 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა., - დაბადებულს 1.... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 9 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე, მ–ს რაიონის ა-ში, მამის - ი–ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, მის მიერ სახლის საქმეების შეუსრულებლობით გაღიზიანებულმა ა–მ ორჯერ თმის მოქაჩვითა და მარცხენა მუშტის თავის მარჯვენა არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ–ს. ა–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით:
3.1. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით.
3.2. ა. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2020 წლის 9 მარტიდან - 2020 წლის 12 მარტის ჩათვლით), სასჯელი შეუმსუბუქდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 60 საათით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა. ა-ს უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
მსჯავრდებულ ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ო. ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა-ს გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა-ს უდანაშაულოდ ცნობას.
6.1 დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, 2020 წლის 9 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე, მ-ს რაიონის ა-ში, მამის - ი-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, მის მიერ სახლის საქმეების შეუსრულებლობით გაღიზიანებულმა ა-მ ორჯერ თმის მოქაჩვითა და მარცხენა მუშტის თავის მარჯვენა არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ-ს. ა–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019) და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
4. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება მოწმე ი-ს ჩვენებას, 2020 წლის 9 მარტის შეტყობინებას, 2020 წლის 9 მარტის ვიზუალური დათვალიერების ოქმს, 2020 წლის 9 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმს, 2020 წლის 11 მარტს ა-ს მიმართ გამოცემულ N..... შემაკავებელ ორდერსა და სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 14 აპრილის №...... დასკვნას.
5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
6. მოწმე ი-მ მიუთითა, რომ უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია და გადმოცემით იცის დაზარალებულისაგან მომხდარის შესახებ. დაზარალებულ ნ-ს გარეგნულად დათვალიერების დროს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა ტკივილი ჰქონდა თავის არეში. შესაბამისად, მისი ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
7. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
8. საგამოძიებო ექსპერიმენტის(ვითარების აღდგენის) ოქმის თანახმად, ნ-მ მ-ს რაიონის სოფელ ა-ში, მისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სამზარეულოში, ხელის დემონსტრირებით მიუთითა და აჩვენა ის ადგილი, სადაც 2020 წლის 9 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე, მისმა მეუღლემ - ა-მ ორჯერ დაარტყა თავის არეში მუშტი, ასევე, თმაში ორჯერ მოქაჩა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, როდესაც დაზარალებული/მოწმე სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარს ამბობს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20). მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად წარმოადგენს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმებას.
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 14 აპრილის №....... დასკვნის თანახმად, ნ-ს 2020 წლის 10 მარტს ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. 2020 წლის 9 მარტის ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმადაც ნ-ს სხეულის დათვალიერების დროს ვიზუალურად რაიმე სახის ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნებოდა, უჩიოდა თავის ტკივილს, რომლის მიზეზიც მისი განმარტებით, არის მეუღლის - ა-ს მიერ მიყენებული დარტყმა.
10. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ობიექტურად ტკივილის განცდას (არც მოწმეთა ჩვენებები, არც ექსპერტიზის დასკვნა).
11. 2020 წლის 11 მარტს შედგენილი №...... შემაკავებელი ორდერით ა-ს მიმართ დასტურდება 2020 წლის 9 მარტს ა-ს მიერ ნ-ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია ნ-ა და ა-ს მიერ. შემაკავებელი ორდერის მიმდინარეობა, შინაარსი და ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა გამომძიებელმა ი-მ; შემაკავებელი ორდერი ა-ს არ გაუსაჩივრებია და საქმის მასალებში არ არსებობს მითითებული შემაკავებელი ორდერის კანონიერებასა და მასში აღნიშნული ფაქტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი; მხარეებს ჰქონდათ აღნიშნული მტკიცებულების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისა და შედავების შესაძლებლობა (იხ. 2021 წლის 18 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი - დაცვის მხარეს შეკითხვა ან პროტესტი შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით არ ჰქონია); შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და ადასტურებს, რომ „ა-მ ნ-ს ორჯერ თავის არეში დაარტყა მუშტი და ორჯერ მოქაჩა თმებში“ (იხ. ტომი №1; ს.ფ. 78-81). შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას.
12. ამდენად, განსახილველ საქმეში დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე; მოწმე ი. ინფორმაციას ფიზიკური ძალადობის მიზეზის, დროის, ადგილის, ვითარების ან/და დაზიანების შესაძლო მიმყენებელი პირის ვინაობის შესახებ ფლობს დაზარალებულისგან; სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 14 აპრილის №...... დასკვნით ნ-ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება; საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - შემაკავებელი ორდერი, ხოლო სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით კი არ დასტურდება მსჯავრდებულ ა-ს მიერ ფიზიკური ძალადობა ნ-ს. შესაბამისად, ა-ს მსჯავრდების ძირითად და პრაქტიკულად ერთადერთ მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს შემაკავებელი ორდერი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 82-ე და მე-3 მუხლის მე-2 და მე-13 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მტკიცებით სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს ა-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი ა–ს მიმართ;
3. ა-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გამართლებულ ა-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე