საქმე # 330100121004297338
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1052აპ-21 ქ. თბილისი
რ. ვ. 1052აპ-21 18 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. რ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. ვ. რ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის თებერვალში, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თ–ში, ფ–ს ქ. N..-ში, ვ. რ–მ იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღეზე თ. ვ–ზე, კერძოდ, ორივე ხელი წაუჭირა ყელში და ახრჩობდა. ვ. რ–ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა თ. ვ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2020 წლის თებერვალში, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თ–ში, ფ–ს ქუჩა N..-ში, ვ. რ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ. ვ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2020 წლის 20 მაისს, ქ. თ–ში, დ–ი, მე-.. მ/რ-ნი, ..-ე კორპუსი, ბინა N..-ში, ვ. რ–ე ტელეფონით დაუკავშირდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ. ვ–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაეჯახებოდა ავტომობილით და მოკლავდა.
2.4. 2020 წლის ივნისში, ქ. თ-ში, ნ-ს .... პლატო, მე-.. კორპუსი, ბინა N..-ში, ასევე ქ. თ–ში, .......... მე-.. მ/რ-ნი, ..-ე კორპუსი, ბინა N..-ში, ვ. რ–ე სოციალური ქსელებისა და მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ. ვ–ს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ასევე სწერდა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.5. 2020 წლის 6-7 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. თ–ში, კ–ს ქ. N..-ში მდებარე „ ........ის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ვ. რ–მ იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - თ. ვ–ზე, კერძოდ, მოქაჩა თმა, თავი ჩააყოფინა რამდენჯერმე უნიტაზში და ხელი წაუჭირა სახის არეში. ვ. რ–ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულმა თ. ვ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით:
3.1. ვ. რ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. ვ. რ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით(2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3.3. ვ. რ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით(2020 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3.4. ვ. რ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით(2020 წლის ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3.5. ვ. რ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2020 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად ვ. რ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ვ. რ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ვ. რ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულ თ. ვ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა ვ. რ–ს დის ოჯახში, სადაც ბრალდებულს უთხრა, რომ მასთან ურთიერთობა არ სურდა. განუმარტა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შვილთან კომუნიკაციის პრობლემას არ შეუქმნიდა, რამაც ვ. რ–ე გააღიზიანა, იგი გაბრაზდა, წამოხტა და დახრჩობა დაუწყო. მათ შორის ჩადგა ვ. რ–ს და - თ., ასევე ამ უკანასკნელის მამამთილი ნ., რომლებმაც გააშველეს ისინი. ვ. რ–სთან კონფლიქტს სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ერთხელ, როდესაც ვ. რ–მ მისკენ გაიწია საცემად, დედამისი ჩადგა მათ შორის და გააშველა ისინი. 2020 წლის მაისში ვ. რ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ეუბნებოდა, რომ გადაუვლიდა, ყელს გამოჭრიდა, ოჯახის წევრების კუბოებს შემოატარებდა, შვილს წაართმევდა და დარდით მოკლავდა. შემდეგი კონფლიქტი მოხდა ივნისის თვეში, რასაც მოჰყვა სატელეფონო მიმოწერა. ნაქირავები ბინიდან წასვლის შემდეგ ვ. რ–ე აკონტროლებდა, თუ სად დადიოდა. ბოლოს იგი ნახა 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში, საავადმყოფოში, რა დროსაც ვ. რ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ვ. რ–მ ხელი დაარტყა მას, მოქაჩა თმა და ცდილობდა უნიტაზში თავი ჩაეყოფინებინა. აგვისტოში იყო ბოლო კონფლიქტი, რის შემდეგაც ვ. რ–ე გაქრა. ოქტომბერში ვ. რ–მ სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ, რის შემდეგაც მან მიმართა პოლიციას. 20 ნოემბერს გამოიკითხა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც მიუთითა ვ. რ–ს მხოლოდ სიტყვიერ მუქარაზე. 2020 წლის 3 დეკემბერს ადვოკატის დასწრებით მეორედ გამოიკითხა, რა დროსაც მიუთითა ვ. რ–ს ფიზიკურ ძალადობაზე.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ბრალდების მხარემ უარი განაცხადა მოწმეების - ნ. ნ–სა და თ. რ–ს დაკითხვაზე, რომლებიც, დაზარალებულის განმარტებით, იყვნენ შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები; ვ. რ–ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერებში (2020 წლის 28 მარტის N... და 2020 წლის 20 ნოემბრის N....) მითითებული თარიღები განსხვავდება ვ. რ–ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თარიღებისაგან, რაც სანდოობას უკარგავს დაზარალებულის ჩვენებას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების გარდა, არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი, მამხილებელი მტკიცებულება, მათ შორის არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან სამედიცინო შემოწმების დოკუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულისვე განმარტებით, მან მეუღლის ძალადობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა საგამოძიებო ორგანოში, რაც ვ. რ–მ მის მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში.
11. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეების: ი. ფ–ს, ა. გ–სა და გ. გ–ს ჩვენებები ემყარება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ვ. რ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
16. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე