Facebook Twitter

საქმე # 110100120003633991

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №16აპ-22 ქ. თბილისი

კ. დ., 16აპ-22 23 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატორის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატორის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ. კ-მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგებილი ქმედებები; მართალია, სასამართლო სხდომზე დაზარალებულმა ნ. ჩ-მ უარი თქვა თავისი ახლო ნათესავის - დ. კ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი ქმედება დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევდა, დადასტურებულია ნ. ჩ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. კ-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი).

დ. კ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- ნ. ჩ. 2000 წლიდან დაქორწინებული იყო დ. კ-ზე და ერთად ცხოვრობდნენ .. . 2020 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, .. ყოფნისას, მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, დ. კ-მ მეუღლეს - ნ. ჩ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ორივე ხელით, ცემა მხრების არეში, ხელი დაარტყა თავში, ასევე, ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ფეხებსა და მუხლებში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - თ. კ.

- 2020 წლის 26 თებერვალს (ზუსტი დრო დაუდგენელია), .. მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, დ. კ-მ მეუღლეს - ნ. ჩ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგადაც ფეხი დაარტყა მუხლის არეში, რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ რამდენჯერმე დაარტყა ფეხები ფეხების არეში, ასევე: თმის ძლიერად მოქაჩვით გადმოათრია საწოლიდან, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - თ. კ.

- 2020 წლის 27 თებერვალს, 16:00 საათიდან - 18:00 საათამდე პერიოდში, .. მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, დ. კ-მ მეუღლეს - ნ. ჩ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩუსტი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - თ. კ.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით დ. კ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა დ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა.

გამართლებულ დ. კ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატორის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის შეფარდება, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას დ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული დანაშაულები, კერძოდ:

9. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა, დაზარალებულმა - ნ. ჩ-მ (დ. კ-ს მეუღლემ) და თ. კ-მ (დ. კ-ს შვილმა) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის - დ. კ-ს წინააღმდეგ, რის გამოც სასამართლო მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მოწმე დ. კ-ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი არ არის მეუღლეებს შორის ძალადობის არცერთი ეპიზოდის შემსწრე და დაზარალებულის სხეულზე არც რაიმე სახის დაზიანება შეუნიშნავს, ისევე, როგორც მოწმე პოლიციელები, რომლებიც ასევე არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები და ისინი გადმოსცემენ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რის გამოც მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და, ამდენად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება საქმეში არსებულ კიდევ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულ ნ. ჩ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც, მართალია, დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, მაგრამ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა უარი განაცხადეს დ. კ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას ეს დაზიანებები სწორედ დ. კ-მ მიაყენა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატორის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი