Facebook Twitter

საქმე # 190100120004059342

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №31აპ-22 ქ. თბილისი

ვ. ს., 31აპ-22 23 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ს. ვ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას, შემდეგი მოტივებით:

ს. ვ-ს არ ჰქონდა მოკვლის განზრახვა და ამის სურვილი, რაც გარდა მისი ჩვენებისა, დასტურდება თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებითაც; მას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დაზარალებულისათვის კვლავ დაერტყა დანა და არც არავინ უშლიდა ხელს, მაგრამ ეს არ გააკეთა; აწ გარდაცვლილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სასამართლო სხდომზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებით დგინდება, რომ მისი გარდაცვალების მიზეზია საავადმყოფოს ექიმების არაპროფესიონალიზმი და - არა ს. ვ-ს მიერ მიყენებული დაზიანება, შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენით ს. ვ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.

ს. ვ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 3 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ვ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის .. ს. ვ-მა, თავის ნათესავს - ი. ვ-სა და ს. ბ-ს შორის არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გამო, ს. ბ-ს შურისძიების მოტივით, საოჯახო დანის გამოყენებით, მუცლის ღრუში მიაყენა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ერთჯერადი დაზიანება, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ს. ვ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. ვ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლომ დეტალურად და საფუძვლიანად დაასაბუთა ს. ვ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებული ს. ვ. განაწყენებული იყო დაზარალებულ ს. ბ-ზე თავის ნათესავ გოგონასთან მეგობრობის გამო, რის გამოც დაიმუქრა კიდეც, რომ მოკლავდა გოგონასაც და ს. ბ-საც. მომხდარი შემთხვევის დღეს, დაზარალებულ ს. ბ-თან შეხვედრამდე, მსჯავრდებული შევიდა თავის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც აიღო დანა და წაიღო თან. ამასთან, მან დანა დამალა, რომ არ დაენახათ თავის მეგობრებს, რომლებიც თან ახლდნენ, რადგან დარწმუნებული იყო, რომ თუ ისინი დანას დაინახავდნენ, წაართმევდნენ. დაზარალებულთან შეხვედრისა და საუბრის დროს კი, ისე, რომ მისგან არ მომდინარეობდა არანაირი საფრთხე და მათ შორის ფიზიკური კონფლიქტიც არ მომხდარა, დაზარალებულმა ასევე არ იცოდა რომ ს. ვ-ს ჰქონდა დანა და არც დარტყმას ელოდა მისგან, მსჯავრდებულმა ხელთ ნაქონი დანა დაზარალებულს მოულოდნელად დაარტყა სიცოცხლისათვის სახიფათო - მუცლის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა, მუცლის აორტის დაზიანებით, რასაც შედეგად მოჰყვა ინტენსიური სისხლდენა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ იმავე დღეს გარდაცვალება. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად გამორიცხავს კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული არ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით.

10. ამასთან, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ თითქოსდა, დაზარალებულის სიკვდილი გამოწვეულია საავადმყოფოს ექიმების არაპროფესიონალიზმით, რაც დასტურდება აწ გარდაცვლილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის - მ. ლ-ს ჩვენებით, ვინაიდან მითითებული ექსპერტიზის დასკვნითა და ასევე, მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით ცალსახად დადგენილია, რომ სწორედ მიყენებულმა ჭრილობამ და არა - ექიმების არაპროფესიონალიზმმა გამოიწვია მუცლის ღრუში მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა მწვავე სისხლნაკლებობა და დაზარალებულის გარდაცვალება და რაც პირდაპირ უკავშირდება დამდგარ შედეგს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი