საქმე # 330100121004381416
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №52აპ-22 ქ. თბილისი
ც. ა., 52აპ-22 22 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ზ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი არგუმენტებით:
განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმე ა. ტ-ს ჩვენება ეწინააღმდეგება დაზარალებულის მიერ პოლიციაში გაკეთებულ შეტყობინებას, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი მტკიცებულება არის ირიბი, რის გამოც ისინი არ შეიძლება საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს; ამასთან, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადა თავისი მეუღლის - ა. ც-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, არ დგინდება, გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით ა. ც., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
გაუქმდა მსჯავრდებულ ა. ც-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ა. ც-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 11 იანვრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ც-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
ა. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ნასამართლევი ა. ც. 2021 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე, .. არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი. ტ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: უთხრა, რომ არ აცოცხლებდა და ყელს გამოსჭრიდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ზ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ა. ც-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა ი. ტ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა მეუღლის, ა. ც-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულის ჩვენების გარეშე შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი შიშის რეალურობის დადგენა (სუბიექტური კრიტერიუმი), რომლის გარეშეც გამოკვეთილი არ არის მუქარის შემადგენლობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა (ობიექტური კრიტერიუმი), მათ შორის: შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირის, არასრულწლოვანი მოწმის - ა. ტ-ს ჩვენება, რომელმაც გაიგონა, თუ როგორ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ა. ც. დაზარალებულს, რომელსაც შეეშინდა, იგი სახლში არ შეუშვა და თავისი ტელეფონით დარეკა პოლიციაში; მოწმეების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - დ. შ-სა და ს. მ-ს ჩვენებები, რომლებიც მყისიერად გამოცხადდენ შემთხვევის ადგილზე, გაესაუბრნენ დაზარალებულს და ნახეს მისი მდგომარეობა; საპატრულო პოლიციის თანამშროლების სამხრეკამერებით განხორციელებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომლითაც ასევე დგინდება, რომ ა. ც. მოკვლით დაემუქრა დაზარალებულს; დაზარალებულის მიერ დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ა. ც-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი