Facebook Twitter

საქმე # 330100119002836191

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №5აპ-22 ქ. თბილისი

ბ. ლ. 5აპ-22 22 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ლ. ბ-სა და კ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ლ. ბ-სა და კ. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა, ასევე - თბილისის პროკურატურის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ბ-სა და კ. ვ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ლ. ბ-მა ან კ. ვ-მა შეადგინეს ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და გააყალბეს ხელშეკრულება, უფრო მეტიც, მათ საერთოდ არ იცოდნენ ამის შესახებ. ლ. ბ-მა თავისი კუთვლინი ნაკვეთი დ. ჟ-ს მიჰყიდა როგორც ცარიელი ნაკვეთი, შენობის ღირებულების გარეშე და მიიღო მხოლოდ მიწის ღირებულების საფასური, ხოლო მას შემდეგ, რაც მიწის ნაკვეთი გახდა დ. ჟ-ს საკუთრება, მასთან არანაირი შეხება ლ. ბ-სა და კ. ვ-ს აღარ ჰქონიათ. ასევე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ლ. ბ. და კ. ვ. იცნობდნენ იპოთეკარებს და რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვაში. დ. ჟ-მა დამოუკიდებლად გააყალბა ნახაზი.

- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ლ. ბ-სა და კ. ვ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ მოტივით, რომ შეფარდებულიო სასჯელის ზომა არის ლმობიერი და მათ პიროვნულ მახასიათებლებთან შეუსაბამო. სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებს არ აუნაზღაურებიათ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი.

2. მსჯავრდებულების - ლ. ბ-სა და კ. ვ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით კ. ვ., - დაბადებული .. წელს, -ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 8 000 (რვა ათასი) ლარი.

გაუქმდა კ. ვ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გაუქმდა კ. ვ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ლ. ბ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ...) ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.

ლ. ბ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 8 000 (რვა ათასი) ლარი.

გაუქმდა ლ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გაუქმდა ლ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ლ. ბ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ...) ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.

დ. ჟ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

დ. ჟ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

გაუქმდა დ. ჟ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-მა და კ. ვ-მა ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

ლ. ბ-სა და კ. ვ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2011 წლის 24 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის 2006 წლის 8 აგვისტოს N ოქმის საფუძველზე, ლ. ბ-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა .. მდებარე 6560 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: .. . 2011 წლის 4 აგვისტოს ხსენებული მიწის ნაკვეთიდან გამოიყო .. საკადასტრო კოდის მქონე 2960 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აღირიცხა ლ. ბ-ს სახელზე. 2011 წლის 11 აგვისტოს .. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან გამოიყო .. საკადასტრო კოდის მქონე 1760 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ბ-ს სახელზე. აღნიშნულის შემდეგ, იმ მიზნით, რათა საჯარო რეესტრში აღრიცხულიყო ყალბი ინფორმაცია, 2011 წლის 17 აგვისტოს ლ. ბ-მა და კ. ვ-მა შპს „ “ დაუკვეთეს და მისგანვე შეიძინეს ყალბი მონაცემების შემცველი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომ, თითქოსდა, ლ. ბ-ს საკუთრებაში არსებულ, .. მდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო 232.13 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მაშინ, როდესაც რეალურად მიწის ნაკვეთზე რაიმე შენობა განთავსებული არ ყოფილა. აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლების საშუალებას, რაც წინასწარ შეთანხმებული იყო დ. ჟ-თან. 2011 წლის 18 აგვისტოს ლ. ბ-ს წარმომადგენელმა კ. ვ-მა ხსენებული ყალბი აზომვითი ნახაზი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა .. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან ცალკე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთების გამოყოფა. იმავე დღეს .. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან, ცალკე საკუთრების უფლებით გამოიყო 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: .. , ხოლო ყალბი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სარეგისტრაციო მონაცემებსა და ამონაწერში მიეთითა, რომ მასზე აშენებული იყო 232.13 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. აღნიშნული მონაცემებით უძრავი ქონება 2011 წლის 18 აგვისტოს საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ბ-ს სახელზე. 2011 წლის 19 აგვისტოს ლ. ბ-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ. ჟ-ზე გაასხვისა .. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება, რაც იმავე დღეს აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე. იმავე დღესვე ნ. ს-ს (გ-ს) მეუღლე ო. გ-სა და დ. ჟ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ო. გ-მა დ. ჟ-ს გადასცა 13000 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნული სქემით ლ. ბ., კ. ვ. და დ. ჟ. მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ს-ს (გ-ს) კუთვნილ თანხას, რითაც მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - ლ. ბ-სა და კ. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა, ასევე - თბილისის პროკურატურის პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

- მსჯავრდებულების - ლ. ბ-სა და კ. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ლ. ბ-სა და კ. ვ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ლ. ბ-სა და კ. ვ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ლ. ბ-სა და კ. ვ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. გ-ს ჩვენებით, მოწმეების: რ. გ-ს, ო. გ-ს, მ. ქ-სა და სხვათა ჩვენებებით, ნ. ს-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2014 წლის 3 ივლისის ოქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის 2006 წლის 8 აგვისტოს N ოქმით, ლ. ბ-ს მიერ საჯარო რეეტრში შეტანილი განცხადებებითა და მათზე თანდართული დოკუმენტებით, ლ. ბ-ს მიერ 2011 წლის 8 აგვისტოს კ. ვ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულებით, 2011 წლის 17 აგვისტოს საკადასტრო აზომვითი ნახაზით, გრაფიკული ექსპერტიზის № დასკვნითა და ექსპერტ ს. ო-ს ჩვენებით, გრაფიკული ექსპერტიზის № დასკვნითა და ექსპერტ თ. კ-ს ჩვენებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, 2011 წლის 19 აგვისტოს დ. ჟ-სა და ლ. ბ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, საინჟინრო ექსპერტიზის N დასკვნითა და ექსპერტ ვ. ლ-ს ჩვენებით, დ. ჟ-სა და რ. გ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის შესახებ 2011 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებით, შპს „ “ მიერ დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - ლ. ბ-მა და კ. ვ-მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ადვოკატი საჩივარში არ უთითებს.

10. ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულების - ლ. ბ-სა და კ. ვ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვის შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელების განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულების პიროვნება, წარსული ცხოვრება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ასევე ის გარემოებაც, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და ისე შეუფარდა მათ სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მათ პიროვნებას, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ლ. ბ-სა და კ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი