საქმე # 080100118002669717
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №711აპ-21 ქ. თბილისი
მ. ი., 711აპ-21 10 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გობრონიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გობრონიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი. მ-ს მხრიდან პროკურორის შეურაცხყოფის ფაქტი; ამასთან, ბრალდების მხარეს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს განმარტება, რომ თუნდაც დადასტურებულიყო შეფურთხების ფაქტი, აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის არ იქნებოდა საკმარისი, ვინაიდან სასამართლო სხდომა დასრულებული იყო; პროკურორი განმარტავს, რომ სასამართლო სხდომა იყო ახალი დასრულებული, მხარეები, მათ შორის - ბრალდებულიც, ბადრაგის თანამშრომლები და სხდომის მდივანიც სასამართლოში იმყოფებოდნენ, ხოლო შეურაცხყოფის მოტივი კი - გამოტანილი განაჩენი და მკაცრი სასჯელი იყო, რაც ცხადყოფს, რომ მითითებული დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს არა მარტო სხდომის მიმდინარეობისას, არამედ - მისი დასრულებისთანავეც.
2. გამართლებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჩ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. მ-ს ბრალი დაედო სასამართლოს უპატივცემულობაში, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში.
ი. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა ი. მ-ს ბრალდების საქმის არსებითი განხილვის სხდომა. სხდომის დარბაზში დაახლოებით 15:00 საათზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე, ბრალდებულმა ი. მ-მა გამოხატა უპატივცემულება სასამართლოს მიმართ, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილეს, სახელმწიფო ბრალმდებელს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორს, რ. ლ-ს შეაფურთხა.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენით ი. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ი. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გობრონიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დასჯადია - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - იგივე ქმედება, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა, ანუ დამთავრებულია პროცესის მონაწილის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ან ასეთი სიტყვების წარმოთქმისთანავე.
10. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ქმედითი მართლმსაჯულება წარმოუდგენელია სასამართლოს შენობაში სამართალწარმოების ნებისმიერი მონაწილის და მითუფრო - მიმდინარე დავის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფის კვალდაკვალ. სასამართლოში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა ხელს უშლის სასამართლოს წნეხისაგან თავისუფალ გარემოში ფუნქციონირებას, აზიანებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას და ხელყოფს სამართალწარმოების მონაწილის ღირსებას. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების მონაწილეებს, რომლებიც წარსდგებიან სასამართლოს წინაშე, არ შეექმნათ დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი გარემო, რომელიც, ერთი მხრივ, დააკნინებს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების აღმასრულებლის ავტორიტეტს, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს დავების სასამართლო განხილვებს მიღმა მოგვარების ტენდენციას.
11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაული, კერძოდ: ი. მ-ს მიერ პროკურორისათვის შეფურთხების ფაქტი დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რადგან შეფურთხება არ დაუნახავთ სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ არცერთ სხვა მოწმეს - სასამართლო სხდომის მდივანს, სასამართლოს მანდატურებსა, თუ საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთმანეთთან თანხვდენილი და რიგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია. ამასთან, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო შესაძლო პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას ი. მ-ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების არასაკმარისობის თაობაზე და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ი. მ-ს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ეს ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გობრონიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი