ა-1258-შ-41-04 30 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: მოლდოვას რესპუბლიკის ორხეის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მოლდოვას რესპუბლიკის ორხეის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ქ.-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ვაჟიშვილის სარჩენად, მისი ყველა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2003წ. 11 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 12 აპრილს.
ბავშვის დედამ, ე. ბ.-მ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ" პუნქტის, აგრეთვე “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს მოლდოვას რესპუბლიკის ორხეის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 62-63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს მოლდოვას რესპუბლიკის ორხეის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
დაეკისროს ჯ. ქ.-ს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ვაჟიშვილის სარჩენად, მისი ხელფასის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2003წ. 11 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.