საქმე # 180100121004460299
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №796აპ-21 ქ. თბილისი
ლ. ნ. 796აპ-21 16 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ნ. ლ–სა და პ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით;
პ. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
2. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ძმებმა - ნ. და პ. ლ–ებმა გადაწყვიტეს ყაჩაღური თავდასხმის გზით სატრანსპორტო საშუალების გატაცება, რისთვისაც თ–ში, ერთ-ერთ მაღაზიაში, შეიძინეს ელექტროშოკური მოწყობილობა და ხმოვანი პისტოლეტი თავისივე ვაზნებით. 2020 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ში, ბ–ს ქუჩაზე, გააჩერეს თეთრი ფერის ტაქსი - ,,ტოიოტა პრიუსის’’ მარკის ავტომანქანა, სარეგისტრაციო ნომრით ....., რომელსაც მართავდა ზ. კ–ი. ისინი თავდაპირველად მძღოლს შეუთანხმდნენ ა–ში მდებარე მონასტერთან წაყვანაზე, მაგრამ გზაში დააზუსტეს მიმართულება და გზა გააგრძელეს მ–ს რაიონში მდებარე .......ს მონასტრის მიმართულებით. სანამ .......ს მონასტერთან მივიდოდნენ, ზ. კ–ს გააჩერებინეს ავტომანქანა და მოულოდნელად პ. ლ–მ ტაქსის მძღოლს ელექტროშოკის გამომწვევი აპარატი მიადო საფეთქლის მიდამოში, რა დროსაც ზ. კ–მ იგრძნო ელექტრომუხტის მოქმედება, ასევე პ. ლ–მ ავტომანქანის ჩამოწეული შუშიდან, ერთხელ გაისროლა ქარხნული წესით დამზადებული ,,..........“ ხმოვანი პისტოლეტიდან. იმავდროულად, ძმებმა ზ. კ–ს უთხრეს, რომ უნდა გაეტაცებინათ მისი ავტომანქანა და თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, მოკლავდნენ. ნ. ლ–ა გადავიდა ავტომანქანის უკანა სალონიდან და მივიდა მძღოლის მხარეს, ზ. კ–სთან, რომელსაც მკაცრად მოსთხოვა გადასულიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე. ზ. კ–ს შეეშინდა, გადავიდა და დაჯდა ავტომანქანის უკანა სალონში. ნ. ლ–ა დაჯდა საჭესთან, ხოლო პ. ლ–ა, რომელიც შეიარაღებული იყო ელექტროშოკითა და ხმოვანი პისტოლეტით, გვერდით დაუჯდა ზ. კ–ს. ისინი კვლავ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ოჯახის განადგურებით, თუ იგი მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა და გაემგზავრნენ ........ის მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. მ–ს რაიონის სოფელ წ–თან, მაღაზია ,,......ს“ მიმდებარედ, ზ. კ–ი გადასვეს ავტომანქანიდან, ხოლო თვითონ გზა განაგრძეს ........ს მიმართულებით .................ს ავტომაგისტრალზე. ზემოაღნიშნული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით პ. ლ–მ და ნ. ლ–ამ ზ. კ–ს გასტაცეს 9000 ლარად ღირებული ზემოხსენებული ავტომანქანა, რომელშიც იდო ზ. კ–ის ,,Xiaomi-ის“ ფირმის, 80 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს ჯამურად - 9080 ლარის - დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის განაჩენითა და 2021 წლის 6 ივლისის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით ნ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
ნ. ლ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 27 დეკემბრიდან;
პ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
პ. ლ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 26 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯემალ ნათელაშვილმა ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. და პ. ლ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულების ადვოკატმა - გ. თ–მ სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ–სა და პ. ლ–ს ადვოკატმა - გ. თ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ჯემალ ნათელაშვილმა, რომელმაც ითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, უდავოდ გახადეს მტკიცებულებები. ამასთან, დაცვის მხარის პოზიციით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ნ. და პ. ლ–ებს სასჯელი დაუნიშნეს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-3 ნაწილების საფუძველზე, თუმცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ყაჩაღობა ითვალისწინებს თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, შესაძლებელია მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა. გარდა ამისა, დაცვის მხარე უთითებს, რომ ეკონომიკური დანაშაულისათვის მიზანშეუწონელია მკაცრი სასჯელის დანიშვნა (,,სასჯელის მკაცრი ზომა არ არის ვითარების გამოსწორების ალტერნატივა“).
10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულების - ნ. ლ–სა და პ. ლ–ს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: მსჯავრდებულების აღიარება, ასევე დაზარალებულ ზ. კ–ის, მოწმეების - ლ. ყ–ს, შ. გ–ს, გ. გ–ს, თ. ნ–ს, ვ. ლ–ს, მ. ფ–სა და დ. ბ–ს გამოკითხვის ოქმები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ამოცნობის ოქმები, ავტომანქანის ამოღებისა და დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, პირის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ლ–ამ და პ. ლ–მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
12. რაც შეეხება, ნ. ლ–სა და პ. ლ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელებს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე; საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენების მუქარით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას; მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული - ყაჩაღობა ჩაიდინეს იარაღის გამოყენების მუქარით.
13. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ იარაღის გამოყენებით ყაჩაღობის ჩადენა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა მიჩნეულიყო, რადგან, ერთი მხრივ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია მათ შორის იარაღის გამოყენების ან იარაღის გამოყენებით მუქარაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, ხოლო, მეორე მხრივ, ყაჩაღობის ობიექტური მხარე გამოიხატება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი არ უთითებს იარაღზე, როგორც მაკვალიფიცირებელ ნიშანზე და ყაჩაღობა a priori არ მოიცავს იარაღის გამოყენებას ან/და მისი გამოყენების მუქარას; არ გამოირიცხება ყაჩაღობის ჩადენა იარაღის გამოყენების გარეშე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის N789აპ-18 განაჩენი). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა მიჩნეულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად მიუთითეს დამამძიმებელ გარემოებაზე და სწორად განსაზღვრეს სასჯელი - საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
15. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ეკონომიკური დანაშაულისათვის მსუბუქი სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან: მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღობა საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავშია მოქცეული, იგი ორობიექტიანი დანაშაულია და ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე საფრთხეს უქმის მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას და მისი საშიშროება ხელყოფის ხასიათშიც ვლინდება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად გაითვალისწინა მსჯავრდებულების შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, უდავოდ გახადეს მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ასევე ინდივიდუალური მახასიათებლები (მათ შორის ნასამართლობის არ ქონა) და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობა, ასევე გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no. 21447/11, no. 35839/11, §65, 66; 27/02/2020).
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ნ. ლ–სა და პ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე