Facebook Twitter

ა-1283-შ-73-03 20 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ო. გ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები, ქ. სანკტ-პეტერბურგის კრონშტადტსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მოქალაქე ს. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი ქალიშვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 13 დეკემბერს ო. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი ქალიშვილის _ ა. გ-ის სარჩენად ს. გ-ისათვის ალიმენტის დაკისრება. როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ იშუამდგომლეს მათი დასწრების გარეშე საქმის განხილვის შესახებ. მოპასუხემ სარჩელი ცნო. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავისი არასრულწლოვანი შვილები, სარჩელი დაკმაყოფილდა.

ქ. სანკტ-პეტერბურგის კრონშტადტსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით ს. გ-ეს ო. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის _ ა. გ-ის სარჩენად, 2000წ. 13 დეკემბრიდან ქალიშვილის სრულწლოვანებამდე, მოპასუხის ყველა სახის შემოსავლის ¼1/4-ის ოდენობით. ასევე, ს.გ-ეს დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 157 რუბლის ოდენობით.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 19 მაისს და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ო. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ. სანკტ-პეტერბურგის კრონშტადტსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 ოქტომბრის განჩინებით ო. გ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები, რუსეთის ფედერაციის ქ. სანკტ-პეტერბურგის კრონშტადტსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ. სანკტ-პეტერბურგის კრონშტადტსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით ს. გ-ეს ო. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის _ ა. გ-ის სარჩენად 2000წ. 13 დეკემბრიდან ქალიშვილის სრულწლოვანებამდე, მოპასუხის ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 19 მაისს და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

პალატა თვლის, რომ «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ. სანკტ-პეტერბურგის კრონშტადტსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ს 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ქ. სანკტ-პეტერბურგის კრონშტადტსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ს. გ-ეს ო. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის _ ა. გ-ის სარჩენად 2000წ. 13 დეკემბრიდან ქალიშვილის სრულწლოვანებამდე, მოპასუხის ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.