სამუშაოდან გათავისუფლდება შვებულებაში ყოფნის პერიოდში
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1413-988(კ-05) 20 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 4 ოქტომბერს თ. ა.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ...-ის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ...-ის რაიონის გამგეობის მიმართY სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1995 წლიდან მუშაობდა ...-ის რაიონული გაზეთის _ «...-ის» რედაქტორად, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად და უანგაროდ. სარედაქციო კოლეგია ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
მოსარჩელის მითითებით, 2004წ. 29 ივლისს, მან განცხადებით მიმართა ...-ის რაიონის გამგებელს კუთვნილი შვებულების თაობაზე. ამასთან, განცხადებაში მიუთითა, რომ შვებულების პერიოდში თუ გადაწყვიტავდა სხვაგან შრომითი მოწყობის საკითხს, მაშინ სამსახურში აღარ დაბრუნდებოდა. მისი განმარტებით, იგი აღნიშნული განცხადებით არ მოითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას და მას და ადმინისტრაციას შორის არსებული შრომითი კონტრაქტის (ხელშეკრულების) შეწყვეტას.
...-ის რაიონის გამგებლის სპეციალური განკარგულების საფუძველზე, მოსარჩელე 1 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გავიდა კუთვნილ შვებულებაში, მაგრამ მისი შვებულებიდან დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, 2004წ. 14 სექტემბრის ¹333 განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან. მოსარჩელის მითითებით, ...-ის რაიონის გამგებელმა ჩათვალა, რომ იგი არ ბრუნდებოდა კუთვნილი შვებულებიდან და გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. მოპასუხემ არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამსახურში შვებულებიდან გამოსვლა ეკუთვნოდა 15 სექტემბრიდან და მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება‚ ერთი დღით ადრე გამოეცა განკარგულება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ითვლებოდა საჯარო მოხელედ და მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო საჯარო სამართლებრივი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხის მიერ არასწორად იქნა განმარტებული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ თითქოს იგი ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას საკუთარი ინიციატივით. მოსარჩელის მტკიცებით, მის განცხადებაში არ ეწერა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისად, მას ეკუთვნოდა შვებულება 45 კალენდარული დღის ხანგრძლივობით, რაც შეადგენდა 1 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით არსებულ პერიოდს. სამუშაოზე გამოსვლის ვალდებულება ეკუთვნოდა 15 სექტემბრამდე. მოსარჩელის მითითებით, იგი მოპასუხემ ვადაზე ადრე დააბრუნა შვებულებიდან და შვებულების 45-ე დღეს გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. მითითებული კანონის 89-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდა, მისი შვებულებაში ყოფნის გამო. ამავე კანონის 111-ე მუხლის მიხედვით კი მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან მანამდე, სანამ შეჩერებულია მისი სამსახურებრივი საქმიანობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ...-ის რაიონის გამგებლის 2004წ. 14 სექტემბრის ¹333 განკარგულების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას.
მოპასუხე _ ...-ის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, ვინაიდან განმცხადებელს შვებულების ხანგრძლივობა განცხადებაში მითითებული არ ჰქონდა, გამგეობა არ იყო ვალდებული, განესაზღვრა ასეთი ვადა და უფლებამოსილი იყო, ნებისმიერ დროს გამოეცა განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, განმცხადებელმა თავისი ნება გამოხატა, როდესაც განცხადებაში მიუთითა, რომ აღარ აპირებდა სამუშაოზე დაბრუნებას და შვებულების განმავლობაში გადაწყვეტდა შრომითი მოწყობის საკითხს.
...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ა.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ...-ის რაიონის გამგეობის 2004წ. 14 სექტემბრის ¹333 განკარგულება და თ. ა.-ე 2004წ. 26 ოქტომბრიდან აღდგენილ იქნა ...-ის რაიონული გაზეთის _ «...-ის» რედაქტორის თანამდებობაზე. ...-ის რაიონის გამგეობას თ. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ 97,93 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 2004წ. 29 ივნისს მოსარჩელე თ. ა.-ის მიერ ...-ის რაიონის გამგეობის სახელზე შედგენილი განცხადების მოთხოვნას წარმოადგენდა მისთვის კუთვნილი შვებულების მიცემა 2004წ. 1 აგვისტოდან, რაც ...-ის რაიონის გამგეობამ დააკმაყოფილა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ, სასამართლოს მოსაზრებით, ამავე განცხადებაში მითითებული ფრაზა «გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ აღარ ვაპირებ სამსახურში დაბრუნებას» არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოსამსახურის ნების გამოხატვად, ვინაიდან აღნიშნული მოიცავდა ცნობის სახით სავარაუდო პირობას და არ შეესაბამებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის მოთხოვნას _ პირის ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ...-ის რაიონის გამგეობამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას სრული უფლება ჰქონდა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა მოსარჩელე თ. ა.-ე, ვინაიდან მან 2004წ. განცხადებაში მიუთითა, რომ ის აღარ აპირებდა სამუშაოზე დაბრუნებას, შემდგომ, შვებულების პერიოდში კი მას არ მიუმართავს გამგეობისთვის იმის თაობაზე, რომ გადაიფიქრა და აპირებდა სამუშაოზე გამოსვლას.
აპელანტის მითითებით, შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველია მუშაკის ინიციატივა. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, მუშაკს უფლება აქვს, მოითხოვოს ადმინისტრაციისაგან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, მუშაკისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით შრომის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს ვადის გასვლამდეც.
აპელანტის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არის საჯარო მოხელე და ეკუთვნის შვებულება 45 დღე, არ არის მართებული, ვინაიდან ...-ის რაიონული გამგობის მიერ Dდღემდე საბოლოოდ არ არის რეგლამენტირებული მის დაფინანსებაზე არსებული ...-ის რაიონული რედაქციის იურიდიული ბუნება.
ამასთან, ...-ის რაიონის გამგეობა ითვალისწინებს რა მოსარჩელის ადრინდელ მუშაობას, მას სთავაზობს სხვა სამუშაოზე დასაქმებას, რაზეც მოსარჩელე თ. ა.-ე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტმა, ...-ის რაიონის გამგეობამ, შეცვალა მისი მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
აჭარის ა/რ უმალესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინებით ...-ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დეტალურად არ გამოიკვლია, თუ რამდენდღიანი შვებულება ეკუთვნოდა მოსარჩელე თ. ა.-ეს და მართლა იყო თუ არა იგი გათავისუფლებული შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკავებული თანამდებობიდან, ასევე‚ სასამართლომ არ გაარკვია თ. ა.-ის განცხადების შინაარსი და იქ კატეგორიულად მითითებული ფრაზა იმის შესახებ, რომ იგი აღარ აპირებდა სამსახურში დაბრუნებას და შვებულების დროს გადაწყვიტავდა მისი შრომის მოწყობის საკითხს, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ ნიშნავს იმას, რომ შრომითი მოწყობა იყო თ. ა.-ის სამუშაოზე დაბრუნება არდაბრუნების საკითხის აუცილებელი პირობა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა.-ის წარმომადგენელმა გ. ფუტკარაძემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებით თ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივლისის განჩინებით ...-ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111-ე მუხლის შესაბამისად, მოხელის გათავისუფლება სამუშაოდან არ შეიძლება, როდესაც ამავე კანონის 89-ე მუხლის «ბ» და «ი» პუნქტების საფუძველზე შეჩერებულია მისი სამსახურებრივი საქმიანობა. შესაბამისად, ამავე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, შვებულებაში ყოფნის დროს თ. ა.-ის სამსახურებრივი საქმიანობა შეჩერებული იყო და ...-ის რაიონის გამგეობას მის სამსახურში გამოსვლამდე არ ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინა იგი დაკავებული თანამდებობიდან.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ...-ის რაიონის გამგეობამ.
კასატორი ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივლისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით თ. ა.-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...-ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
კასატორის ...-ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ეფუძნება ერთადერთ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწინააღმდეგე მხარის _ თ. ა.-ის 2004წ. 29 ივლისის განცხადებას კუთვნილი შვებულების მიცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და თვლის, რომ პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
კასატორი სადავოდ არ ხდის მოწინააღმდეგე მხარის მიმართ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის გამოყენების მართებულებას, ამდენად, უდავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ თ. ა.-ე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 89-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე, მოხელეს სამსახურებრივი ურთიერთობა უჩერდება შვებულებაში ყოფნის პერიოდში.
კასატორი ასევე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თ. ა.-ს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 41.3 მუხლის საფუძველზე ეკუთვნოდა შვებულება 45 კალენდარული დღის ოდენობით, შესაბამისად, კუთვნილი ყოველწლიური შვებულებიდან დაბრუნებისა და სამსახურში გამოცხადების ვალდებულება თ. ა.-ეს წარმოეშვა 2004წ. 15 სექტემბერს, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას 2004წ. 14 სექტემბრის ¹333 განკარგულების კანონშესაბამისობის თაობაზე.
აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა საფუძველს დაედგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მიმართა კასატორს განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას და ადასტურებს, რომ კასატორი არ იყო უფლებამოსილი‚ 2004წ. 29 ივლისის განცხადება მიეჩნია სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად და აღნიშნულზე დაყრდნობით გამოეცა სადავო ბრძანება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით დადგენილი შეზღუდვა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა მოხელე სამსახურიდან დათხოვნილია შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული ურთიერთობა ვერ მოექცევა აღნიშნული მუხლის რეგულირების ფარგლებში. აქვე საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დავა არსებითად სწორადაა გადაწყვეტილი და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური აუცილებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ...-ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.