Facebook Twitter

საქმე # 330100120004092977

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №836აპ-21 ქ. თბილისი

ლ ი. 836აპ-21 1 8 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე ქ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილისა და მსჯავრდებულ ი. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 29 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ–ში, ბ–ს ხიდის პანდუსზე, ი. ლ–მ, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა ავტომანქანა „ჰონდა ფიტს“, სახ. №..., ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, გადავიდა ხსენებული პანდუსიდან, ამოტრიალდა და გადავარდა ...........ს სახელობის სანაპიროზე.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გ. ტ–ი, ა. ლ–ი, ნ. ჭ–ე და ი. ლ–ა გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც გ. ტ–ი და ა. ლ–ი გარდაიცვალნენ, ხოლო ნ. ჭ–მ მიიღო სხეულის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) ხარისხის დაზიანება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ი. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

ი. ლ–ს 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ი. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 6 ოქტომბრიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით სასჯელის ნაწილში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორმა მოითხოვა სასჯელის დამძიმება, ხოლო ადვოკატმა - მისი შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, სასჯელის დამძიმებას, ხოლო ადვოკატი - სასჯელის შემსუბუქებას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ი. ლ–ს მსჯავრდება არ არის სადავო მხარეებს შორის და საკასაციო საჩივრის დასაბუთებაც არ მიემართება აღნიშნულ დანაშაულში მსჯავრდების საკითხს. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ლ–ს მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) - საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლო ეთანხმება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

9. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ი. ლ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს.

10. იმის გათვალისწინებით, რომ ი. ლ–ა შემთხვევამდე (დაახლოებით ერთი საათით ადრე) ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისთვის ცნობილ იქნა ადმინისტრაციულსამართალდამრღვევად და ჩამოერთვა (შეუჩერდა) მართვის უფლება, რაც მან უგულებელყო - კვლავ დაჯდა საჭესთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასჯელის მინიმუმის ან სხვა შეღავათის გამოყენება.

11. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ი. ლ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე ქ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილისა და მსჯავრდებულ ი. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე