საქმე # 330100120003748856
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №837აპ-21 ქ. თბილისი
ბ. გ. 837აპ-21 17 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: გ. ბ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ. ბ. 2020 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, მ-ს ... მ/რ, მე.. კორპუსის მიმდებარედ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასაშლელი დანით შეიარაღებული, თავს დაესხა ტაქსის მძღოლს - მ. ს-ს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის კუთვნილ 110 ლარს.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა გ. ბ-მა 2020 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, მ. ს-ის ტაქსით იმგზავრა ა-დან - ვ-ის ქუჩიდან, მ-ს .. მ/რ, მე--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიამდე, რა დროსაც მას გამოართვა მისი მეგობრისთვის 6 ლარად ღირებული სიგარეტი და თანხა - 3 ლარი, ასევე უნდა გადაეხადა მგზავრობის საფასური - 10 ლარი, რაც არ გადაიხადა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს ჯამურად მიადგა 19 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენით:
2.1. გ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე.
2.2. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით -თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით.
- საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით.
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით.
2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით.
2.6. გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 18 მაისიდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
3.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ. ბ. 2020 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ..... ... მ/რ, მე--- კორპუსის მიმდებარედ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ძალადობის გამოყენების მუქარით, აშკარად დაეუფლა მ. ს-ის კუთვნილ ფულად თანხას - 110 ლარს და დატოვა შემთხვევის ადგილი.
3.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა გ. ბ-მა 2020 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ...... ს-ის ტაქსით იმგზავრა ა-დან - ვ-ის ქუჩიდან, მ-ს .. მ/რ, მე–.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიამდე, რა დროსაც მას გამოართვა მისი მეგობრისთვის 6 ლარად ღირებული სიგარეტი და თანხა - 3 ლარი, ასევე უნდა გადაეხადა მგზავრობის საფასური - 10 ლარი, რაც არ გადაიხადა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს ჯამურად მიადგა 19 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-ამ.
4.1. პროკურორი მარიამ გიგაური სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გ. ბ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებასა და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4.2. ადვოკატი ხ. ხ-ა ითხოვდა გ. ბ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის სრულად გაუქმებასა და მის გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ და მსჯავრდებულმა გ. ბ-მა.
6.1. პროკურორი დავით ხვედელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6.2. მსჯავრდებული გ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ბრალდების მხარე სადავოდ ხდის ქმედების კვალიფიკაციას, კერძოდ, გ. ბ-ს ქმედება - ტაქსის მძღოლ მ. ს-ისაგან 110 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ყაჩაღობად უნდა დაკვალიფიცირდეს, თუ ძარცვად.
3. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული არ არის.
4. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.
5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, დაზარალებულმა როგორ აღიქვა და შეაფასა მის მიმართ განხორციელებული/გამოთქმული მუქარა.
6. დაზარალებულ მ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2016 წლის 7 ივნისს მოემსახურა გ. ბ–ს და მიიყვანა მ–ს .. მ/რ-ის მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანქანის გაჩერების შემდეგ აღნიშნულ პირს მოსთხოვა მომსახურების საფასურის გადახდა, რაზეც მან უთხრა, რომ „რა ფული, ბიჭო, რის ფულიო“, გადავიდა მანქანიდან, გამოაღო მის გვერდით, მარჯვენა წინა კარი, მარცხენა ხელი შეყო მანქანაში და ბარში, რომელშიც ღიად ჩადებული ჰქონდა ფულადი თანხა - 110 ლარი, დასტაცა ხელი, მაგრამ მან ხელი დაუჭირა და უთხრა „რას აკეთებ, სად მიგაქვს ჩემი ფული, ხელი გაუშვიო“. გ. ბ-მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, „კაცურად მოიქეცი, არ ხარ შენ კარგი კაცი, არ მოგექცევი კაცურად და არაფერს მოგცემო“. ღვედი ეკეთა და ვეღარ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა, ამავდროულად, გაიგონა ტკაცუნის ხმა და დაინახა რაღაც საგანი, რომელიც მარჯვენა ხელში ეჭირა, თუმცა ეს ხელი მანქანაში მისკენ არ მიუმართავს, იგი მანქანის გარეთ ჰქონდა მაღლა აწეული. აღნიშნული საგნის დანახვისას იგრძნო შიში. რადგან არ იცოდა ხელში რა ეჭირა, აღიქვა საფრთხედ. თან დაუძახა „ფულს ხელი გაუშვი, თორემ შენს თავს დააბრალეო“. მას შეეშინდა, რომ აღნიშნულ პირს მისთვის არ დაერტყა. მან ხელი გაუშვა, რის შემდეგ გ. ბ. გაიქცა და თან წაიღო მისი კუთვნილი თანხა - 110 ლარი. მოწმის ჩვენებით, იგი გ. ბ-ს დაედევნა, თუმცა ვეღარ დაეწია. გ. ბ-ს მხრიდან ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, შელაპარაკება იყო მხოლოდ. მისთვის დანა კისერზე არ დაუდია, არც უთქვამს, დანა მაქვსო. გ. ბ-ს პირბადე ეკეთა, თუმცა მგზავრობისას ბევრჯერ მოიხსნა. მისი მეგობრის მანქანიდან ჩასვლისას პირბადე არ ეკეთა, შუქი აანთო მანქანაში და შეათვალიერა ორივე.
7. დაზარალებულის ჩვენებით გამოირიცხა ყაჩაღობის შემადგენლობისათვის აუცილებელი ელემენტი - სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალის გამოყენების მუქარა. კერძოდ, მართალია, მ. ს. უთითებს, რომ იმ საგნის დემონსტრირებით, რაც მან დაინახა(რაღაც საგანი), გაუჩნდა გარკვეული შიში, თუმცა მას კონკრეტულად საგნის დასახელება არ შეუძლია - შეეშინდა, რადგან არ იცოდა, რა ეჭირა ხელში, თუმცა ეს ხელი მანქანაში მისკენ არ მიუმართავს, გ. ბ-ს ფიზიკურად არ უძალადია, მხოლოდ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. დაზარალებული თავის უმოქმედობას უკავშირებს არა მხოლოდ იმწუთიერ შიშს, არამედ იმ გარემოებას, რომ ეკეთა ღვედი და წინააღმდეგობა ვერ გაუწია, თუმცა გაქცეულ გ. ბ-ს დაედევნა. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ბ-ს მიერ დანის ტარების ფაქტი, მის სახლში აღმოჩენილ დანაზე კი, 2020 წლის 11 ივლისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ბ-ს თითის ანაბეჭდები არ არის აღმოჩენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ბ-ს ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების თაობაზე.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი დასჯადად აცხადებს ძარცვას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების ანგარებით დაუფლებას თვალნათლივ იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ან სხვა ადამიანისათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნივთის აშკარა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა თანდასწრებით და აუცილებელია მძარცველს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 566აპ-18). დაზარალებულის ჩვენების თანახმად, გ. ბ. გადავიდა მანქანიდან, გამოაღო მის გვერდით, მარჯვენა წინა კარი, მარცხენა ხელი შეყო მანქანაში და ბარში, რომელშიც ღიად ჩადებული ჰქონდა ფულადი თანხა - 110 ლარი, დასტაცა ხელი, მაგრამ მან ხელი დაუჭირა და უთხრა „რას აკეთებ, სად მიგაქვს ჩემი ფული, ხელი გაუშვიო“. გ. ბ-მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, „კაცურად მოიქეცი, არ ხარ შენ კარგი კაცი, არ მოგექცევი კაცურად და არაფერს მოგცემო“ - შესაბამისად, გ. ბ. დაზარალებულის კუთვნილ თანხას დაეუფლა აშკარად, დაზარალებულის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ მ. ს-ის, მოწმეების: ხ. მ-ს, შ. ჯ-----ის, ნ. ბ-ს, გ. ბ-ს, გ. ქ-ის, ი. ტ-ის, ლ. ბ–ის, ლ. თ-ის, გ. გ-ის, კ. კ-ისა და თ. გ-ის ჩვენებებით, 2020 წლის 18 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, 2020 წლის 19 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, 2020 წლის 17 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2020 წლის 18 მაისის ბინისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, 2020 წლის 19 მაისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით, 2020 წლის 11 ივნისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით, 2020 წლის 11 ივნისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) ცალსახად დასტურდება, რომ გ. ბ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, რომლითაც მ. ს-ს მიადგა მატერიალური ზიანი - 110 ლარი, უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
11. ამასთან, მსჯავრდებულ გ. ბ-ს მოთხოვნასთან დაკავშირებით (სასჯელის შემსუბუქების თაობაზე), სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.
13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა გ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას და შეუფარდა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
14. გ. ბ-სათვის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს არაერთგზისობა, სასამართლო დამამძიმებელი გარემოების სახით ვერ გაითვალისწინებს გ. ბ-ის წინა ნასამართლობას.
15. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმის ან თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. ხოლო სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს გ. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული), დანაშაულებრივი ქმედების სახეს და მისი ჩადენის ხერხს (ჩადენილია არაძალადობრივი დანაშაული, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით); ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს; მიყენებული ზიანის სახეს და მოცულობას (ტაქსის მძღოლს გამოართვა თავისი მეგობრისთვის 6 ლარად ღირებული სიგარეტი და თანხა 3 ლარი, ასევე უნდა გადაეხადა მგზავრობის საფასური - 10 ლარი, რაც არ გადაიხადა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს ჯამურად მიადგა 19 ლარის ქონებრივი ზიანი); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მსჯავრდებულის მტკიცე სურვილი, მისწრაფება, დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ თანხას) და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელებიდან ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმა - გამოყენებას. იმავდროულად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, გ. ბ-ს ქონებრივი მდგომარეობის, მისი რესოციალიზაციის, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მიღწევისთვის სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის - 2500 ლარის - გამოყენება იქნება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი პიროვნების შესაბამისი პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
- გ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 2500 ლარი. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. გ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2500 ლარი;
5. გ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით.
9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე