საქმე # 330100120003738044
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№861აპ-21 ქ. თბილისი
ნ. დ., 861აპ-21 24 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გოგალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და დ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარდგენილი ბრალდების ნაწილში მისი უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე უკანონოა, რადგან წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. ნ-ს მიერ რ. დ-ს ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებას; სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ დაზარალებულ რ. დ-სა და მოწმეების - თ. და ნ. დ-ების ჩვენებები ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიცემულ განმარტებებს, არათანმიმდევრულია და მიზნად ისახავს მსავრდებულის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას; ამასთან, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც დ. ნ-ს ბრალეულობაზე მიუთითებს, თანხვდენილია და დასტურდება სხვა მტკიცებულებებით - ბიოლოგიური (გენეტიკური), სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ნ-ს ბრალად დაედო ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 13:27-დან 13:29 საათამდე პერიოდში, .. მდებარე შპს ,, “ კუთვნილი სუპერმარკეტიდან დ. ნ. ფარულად დაეუფლა ჯამურად - 51 ლარად ღირებულ ორ ,,კარტე ნუარის“ ფირმის ყავას და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რის შედეგადაც შპს ,, “ მიადგა - 51 ლარის ქონებრივი ზიანი.
2.2. 2020 წლის 8 მაისს, დაახლოებით 23:25 საათზე, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ნ-მა რ. დ-ს ურთიერთშელაპარაკების დროს, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, კერძოდ: დ. ნ-მა ბასრი საგნის გამოყენებით რ. დ-ს მარცხენა ბარძაყის არეში მიაყენა ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ასევე - ხელისა და ფეხის დარტყმით დაზიანებები - სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. დ. ნ-ს ქმედების შედეგად დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ასევე - ყოველი დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. დ. ნ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით დ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; დ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 მაისის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და დ. ნ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და, ერთი მხრივ, დ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა დ. ნ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დაზარალებულმა რ. დ-მა გამორიცხა დ. ნ-ს მიერ მისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, ხოლო მოწმეების - ნ., თ. და დ. დ-ების ჩვენებები დ. ნ-ს ბრალეულობის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით არაფრის მთქმელია, ვინაიდან არცერთი მათგანი არ ყოფილა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტის თვითმხილველი და თავის ჩვენებებში ირიბადაც არ მიუთითებენ მის დამნაშავეობაზე; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა რ. დ-მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა, რომ მას დაზიანებები დ. ნ-მა მიაყენა, გამოძიების დროს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაცია ვერაფრით გამოდგება სასამართლოში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების საპირწონედ; კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა სამხილებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ დ. ნ-ს კავშირი ჰქონდა დაჭრილ რ. დ-თან, რომელსაც შინ მისვლაში დაეხმარა, რისი მხედველობაში მიღებითაც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დაზარალებულს დაესვა დიაგნოზი: ბარძაყის ღია ჭრილობა, ასევე - სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები სახის არეში; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, დ. ნ-ს ტანსაცმელზე აღმოჩენილია რ. დ-ს სისხლი და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, დაზარალებულის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ რ. დ-ს დ. ნ-მა მიაყენა სხეულის დაზიანებები.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გოგალაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი