Facebook Twitter

საქმე # 330100120004096268

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №878აპ-21 ქ. თბილისი

ღ. ი. 878აპ-21 16 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ღ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ღ., - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის(სამი ეპიზოდი) ჩადენა.

2. ი. ღ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1 2018 წლის შემოდგომაზე ქ. თ-ში, ბ., თაღლითობისათვის ნასამართლევმა ი. ღ–მ, რომელიც დაკავებული იყო მაკლერის საქმიანობით, ც. მოატყუა, რომ ჰქონდა აღსრულების ბიუროს მოქმედ და ყოფილ გავლენიან თანამშრომლებთან კავშირი, რომელთა დახმარებითაც შეეძლო საბაზრო ფასთან შედარებით დაბალ ფასად მისთვის უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის შეძენა. ამ გზით საცხოვრებელი ბინის შეძენის მიზნით, ც-მ 14 500 აშშ დოლარი გადასცა ი. ღ. ; ი. ღ–მ ც-ს აჩვენა ქ. თ–ში, დ-სა და ი-ს მდებარე აუქციონზე გატანილი ბინები და აუქციონის მიმდინარეობის შესახებ საჯარო ინფორმაცია, რითაც ის დაარწმუნა, რომ შეიძენდა ბინას. მიუხედავად ზეპირსიტყვიერი შეთანხმებისა, ი. ღ-მ არ უზრუნველყო უძრავი ქონების შეძენა, ც-ს მიღებულ თანხას დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის.

ი. ღ-ს ქმედებით ც-ს მიადგა დაახლოებით 38 548 ლარისა და 25 თეთრის - დიდი ოდენობით ზიანი.

2.2. 2019 წლის იანვარსა და თებერვალში რ-მ ც-ს მეშვეობით, აუქციონზე საცხოვრებელი ბინების შეძენის მიზნით, ქ. თ-ში, ბ., 52 000 აშშ დოლარი გადასცა თაღლითობის ფაქტზე ნასამართლევ ი. ღ-ს, რომელიც როგორც ც-ს, ასევე რ-ს ატყუებდა, რომ ჰქონდა აღსრულების ბიუროს მოქმედ და ყოფილ გავლენიან თანამშრომლებთან კავშირი, რომელთა დახმარებითაც შეეძლო საბაზრო ფასთან შედარებით დაბალ ფასად უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის შეძენა. ასევე ი. ღ. რ-ს დასარწმუნებლად დაამზადა ვითომდა აუქციონის სახლ „ტ.....“ მიერ გაცემული ყალბი დოკუმენტები, მიღება-ჩაბარების აქტი და განკარგულება, რითაც დასტურდებოდა, რომ თანხა მიღებული ჰქონდა აუქციონის სახლს და რ–ს ძმის სახელზე ნაყიდი იყო თ–ში, გ-ს არსებული ბინა. ი. ღ-მ არ უზრუნველყო უძრავი ქონების შეძენა, რ-საგან მიღებულ თანხას დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის.

ი. ღ-ს ქმედებით რ-ს მიადგა დაახლოებით 137 384 ლარის - დიდი ოდენობით ზიანი.

2.3. 2019 წლის იანვარში თაღლითობისათვის ნასამართლევმა ი. ღ-მ მოატყუა ზ., რომ თ-ში, ბ. მდებარე ბინას საბაზრო ფასთან შედარებით დაბალ ფასში შეუძენდა აუქციონის გზით, რისთვისაც ეტაპობრივად, ქ. თ., ბ–ში მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-ს და ს-ს გამოართვა 25 000 აშშ დოლარი. ამასთან, ი. ღ-მ ზ-ს დასარწმუნებლად დაამზადა და გადასცა მას ვითომდა აუქციონის სახლ „....“ მიერ გაცემული ყალბი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დასტურდებოდა, რომ ზ-ს კუთვნილი თანხა მიღებული ჰქონდა აუქციონის სახლს. ი. ღ-მ არ უზრუნველყო უძრავი ქონების შეძენა ზ-ათვის, მიღებულ თანხას დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის.

ი. ღ-ს ქმედებით ზ-ს მიადგა დაახლოებით 66 380 ლარის - დიდი ოდენობით ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით:

3.1. ი. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(ც-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. ი. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(რ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. ი.ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(ზ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენები და საბოლოოდ ი. ღ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.5 ი. ღ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 28 სექტემბრიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ღ., რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, ასევე - მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. პ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენის შეცვლას, მსჯავრდებულ ი. ღ-სათვის დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენი ი. ღ-ს მიმართ გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს ი. ღ-სათვის შეფარდებული სასჯელს.

2. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. პ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ი. ღ-სათვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (საქართველოს პრეზიდენტის 2013წლის 25 ნოემბრის N25/10/01 განკარგულებით ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილისგან გათავისუფლების შემდეგ, 2018წლის 17 აგვისტოს, გასამართლებულია ისევ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმის სასამართლოში განხილვისას სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს არასრულწლოვანი შვილები) და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ღ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, დანაშაულის ჩადენის ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით ი. ღ-ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევისათვის მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

4. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ღ. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებისას იყო ნასამართლობის მქონე (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი, ტ.3, ს.ფ. 235-240). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გამოიყენოს ი. ღ-ს მიმართ.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის ბრალდებულ ქალს დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი/ბრალდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია/ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით: ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სსკ-ის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმავე პუნქტში აღნიშნულ მსჯავრდებულ ქალს/ბრალდებულ ქალს შეეცვლება, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

7. საქმის მასალებში წარმოდგენილია ც-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ი. ღ-ს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ(იხ.: ტ. 3, ს.ფ. 341-342), შესაბამისად, ი. ღ. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(ც–ს ეპიზოდი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით სასჯელის სახით განსაზღვრული - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი უნდა შეეცვალოს შინაპატიმრობით (ი. ღ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 28 სექტემბრიდან) – 4 წლით, 7 თვითა და 12 დღით.

8. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი არ არის სისხლის სამართლის საქმეზე სხვა დაზარალებულებისათვის (რ., ზ.) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, სასამართლო ი. ღ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (რ-სა და ზ–ს ეპიზოდები) მიმართ ვერ გამოიყენებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შეღავათებს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, საქართველოს ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ღ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ც-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა - მოუხდელი ნაწილი შეეცვალოს შინაპატიმრობით - 4 წლით, 7 თვითა და 12 დღით;

4. ი. ღ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(რ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ი. ღ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(ზ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ ი. ღ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ი. ღ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2020 წლის 28 სექტემბრიდან;

8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე