Facebook Twitter

საქმე # 330100114557451

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №881აპ-19 ქ. თბილისი

თ.ს. 881აპ-19 25 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. თ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. ს. თ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 4 მაისს შპს ,,კ–ს“ (ს/ნ ...........) დირექტორ ს. თ–სა და ი/მ ,,ზ. ხ–ს“ (ს/ნ ........) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თ–ს ქუჩების ხის აივნების, ვიტრაჟებისა და კარ-ფანჯრების დამზადება დამონტაჟებაზე. ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და შესაბამისად, დაზუსტებული ჯამური ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო სამუშაოების დასრულებისას ფაქტობრივი ანაზომის მიხედვით, რომელიც დადასტურდებოდა მხარეებს შორის გაფორმებული შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. დადგენილია, რომ ი/მ ,,ზ. ხ–ს“ მიერ ქ. თ–ში ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 1 014 853.76 ლარი, საიდანაც შპს ,,კ–მ“ აუნაზღაურა მხოლოდ 910 291 ლარი. ს. თ–მ განიზრახა დაემზადებინა ყალბი ხელშეკრულებები, სადაც აჩვენებდა, რომ თითქოს ი/მ ,,ზ. ხ–ს“ მიერ განხორციელებული 251.2 კვ.მ ხის აივნის დამზადებისა და ასევე სხვა ხის ნაკეთობებზე არსებული ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები შესრულებული იყო შპს ,,კ–ს“ მიერ და აღნიშნულის გამოყენებით ი/მ ,,ზ. ხ–სთვის“ მოტყუებით მიეყენებინა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შპს ,,კ–ს“ დირექტორმა ს. თ–მ 2012 წლის დეკემბერში დაამზადა 2012 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული ორი ყალბი ხელშეკრულება და 2012 წლის 21 დეკემბრით დათარიღებული ხელფასის უწყისი, ასევე 2012 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 10 ერთეული, 2012 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული ყალბი შრომითი ხელშეკრულება და ხელფასის უწყისები, რომლებითაც აჩვენა, რომ თითქოს, გ. ა–მ, მ. ტ–მ, ე. ხ–მა, ი. ხ–მა, ს. წ–მა, ნ. მ–მ, ი. მ–მ, გ. გ–მა და დ. ყ–მა, შპს ,,კ–ს“ დაკვეთით აწარმოეს ი/მ ,,ზ. ხ–ს“ მიერ შესრულებული 251.2 კვ.მ ხის აივნის დამზადებისა და ასევე სხვა ხის ნაკეთობებზე არსებული ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები. სინამდვილეში კი მითითებულ პირებს შპს ,,კ–ს“ დაკვეთით ხელშეკრულებაში დასახელებული სამუშაოები არ შეუსრულებიათ და, შესაბამისად, არც ანაზღაურება მიუღიათ. მათ მოტყუებით მოაწერინეს ხელი მითითებულ დოკუმენტებზე.

ზემოხსენებული ყალბი ხელშეკრულებებისა და სახელფასო უწყისების გამოყენებით, შპს ,,კ–ს“ დირექტორმა ს. თ–მ ი/მ ,,ზ. ხ–ს“ მოტყუებით მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით ს. თ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. თ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ს. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ს. თ–ს გამართლება განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას ს. თ–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ს. თ–ს ქმედებაში არ იკვეთება დაზარალებულ ი/მ „ზ. ხ–ს“ მოტყუების განზრახვა, რომელიც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.

10. შპს „კ–სა“(დამკვეთი) და ი/მ „ზ. ხ–ს“ შორის 2012 წლის 4 მაისს დადებული N.. ხელშეკრულების თანახმად:

- ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევა ქ. თ–ში, ,,.......ს მოედნისა და ჩ–ს ქუჩების, ........ს ქუჩების სახლებზე“.

-მომსახურება გულისხმობს ქ. თ–ში ხის აივნების, ვიტრაჟების, კარ-ფანჯრების, ალაყაფის დამზადებას (შემსრულებელი სამუშაოებს შეასრულებს საკუთარი მასალებითა და მუშა-პერსონალით), ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სავარაუდო ღირებულება, წინასწარი ხარჯთაღრიცხვის თანახმად (რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს), შეადგენს 400 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

- შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და, შესაბამისად, დაზუსტებული ჯამური ღირებულება განისაზღვრება სამუშაოების დასრულებისას ფაქტობრივი ანაზომის მიხედვით, რომელიც დადასტურდება მხარეებს შორის გაფორმებული შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით.

- დამკვეთი შემსრულებელს ავანსის სახით გადაუხდის საკონტრაქტო ფასის 40%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას კი გადაიხდის ეტაპობრივად, მომწოდებელთან შეთანხმებით.

- მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება კი განხორციელდება წარდგენილი მიღება-ჩაბარებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. ასეთი დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში.

- მომწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე.

- დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას, კეთილსინდისიერად და დროულად გადაუხადოს მომწოდებელს სამუშაოს ღირებულება.

- შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო.

- სამუშაოთა ხარისხისა და ვადების კონტროლის მიზნით, დამკვეთს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ დამკვეთი - შპს ,,კ–ს“ დირექტორი ს. თ–ა და შემსრულებელი - ი/მ ,,ზ–ი“ ზ. ხ–ი.

11. შესრულებული სამუშაოს ღირებულების დასადგენად ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულია საინჟინრო ექსპერტიზა(იხ.: დასკვნა N.....) და საბუღალტრო ექსპერტიზა (იხ.: დასკვნა N....). სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას საინჟინრო ექსპერტიზის შემდგენმა ექსპერტმა -კ. კ–მ განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას მან მექანიკური შეცდომა დაუშვა, ექსელის ფაილში გამორჩა გარკვეული ინფორმაცია, რომელმაც განაპირობა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში ცვლილება და საბოლოოდ მიუთითა, რომ ი/მ ზ. ხ–ს მიერ ქ. თ–ში, შენობათა რეაბილიტაციაზე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 100 608.76 ლარი, ნაცვლად - 1 208 460, 16 ლარისა. ამასთან, საბუღალტრო ექსპერტიზის N.... დასკვნაში გამოყენებულია საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით მიღებული თანხა - 1 208 460, 16 ლარი, შესაბამისად, სასამართლო მოცემული ექსპერტიზის დასკვნას ვერ გაიზიარებს.

12. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის N.... დასკვნით დასტურდება, რომ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის N.. დანართში მოცემულ ი/მ ,,ზ. ხ–ს“ მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობები გაფასებულ იქნა N.. ხელშეკრულების N.. დანართში მოცემული სახარჯთაღრიცხვო ფასებით, რომელიც ხელმოწერილია და დადასტურებულია ორივე მხარის საფირმო ბეჭდებით, მაგრამ ვინაიდან N.. დანართში მოცემული ყველა სახის სამუშაოზე სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ არის მოცემული, ექსპერტმა ფასები აიღო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ფორმა N..-ებიდან, რის მიხედვითაც, ი/მ ,,ზ. ხ–ს“ მიერ ქ. თ–ში, შენობებზე ფაქტობრივად ჩატარებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 1 074 571.86 ლარი. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის N.. დანართში მოცემული ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობები ასევე გაფასებულ იქნა ფორმა N..-ში მოცემული ფასებით, რის მიხედვითაც, შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 094 576.06 ლარი. წარდგენილი შპს ,,კ–ს“ ....... ბანკის სათავო ბანკში გახსნილ N....... ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხების მოძრაობის საბანკო ამონაწერიდან და ასევე შპს ,,კ–ს“ საგადასახადო დავალებებიდან დგინდება: შპს ,,კ–ს“ მიერ ი/მ “ზ. ხ–ს” სს ,,..... ბანკში“ გახსნილ N...... ანგარიშსწორების ანგარიშსა და სს ,,....... ბანკის“ სათავო ბანკში გახსნილ N........... ანგარიშსწორების ანგარიშზე 2012 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით ჩარიცხულია 916 100 ლარი.

13. სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაზე დართული მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ს. თ–მ ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი თანხის უმეტესი წილი გადაიხადა შესაბამის დროს, ყველა სახის დაბრკოლების გარეშე. ს. თ–სა და რ. თ–ს ჩვენებებთან, შპს „კ–ს“ დირექტორის - ს. თ–ს შეტყობინებასთან ერთად, თავად ზ. ხ–ს ჩვენებითაც დგინდება, რომ კონფლიქტი მასა და ს. თ–ს შორის დაიწყო საბოლოო ანაზღაურების მოთხოვნის შემდეგ, რადგან ს. თ–მ მიუთითა სამუშაოს შესრულების დროს დაშვებულ ხარვეზებზე და მოითხოვა მათი გამოსწორება.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას შემოსავლების სამსახურის გვერდზე ატვირთულ ანგარიშფაქტურებში შესწორებების შეტანით სამუშაოს ღირებულების შემცირების შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. შპს „კ–ს“ ბუღალტერმა - გ. მ–მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას მხოლოდ ზ. ხ–ს თანხმობით ჰქონდა წვდომა ი/მ „ზ. ხ–ს“ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდზე. ზ. ხ–ი უკავშირდებოდა და ელექტრონული ფორმით ტვირთავდა ზედნადებებს და ფაქტურებს, მისივე მითითებით ასწორებდა გარკვეულ მონაცემებს. მოწმემ გამორიცხა ს. თ–ს მითითებით ზ. ხ–ს გვერდზე, ზ. ხ–ს თანხმობის გარეშე, მონაცემების დაკორექტირება. მიუთითა, რომ ზ. ხ–ს გარეშე მის გვერდზე არაფერი დაუკორექტირებია, რადგან მან პაროლიც კი არ იცოდა. ზ. ხ–ი ყოველ ჯერზე უკავშირდებოდა, პაროლს ეუბნებოდა და ისე შედიოდა. ი/მ „ზ. ხ–ს“ ბუღალტერმა - თ. ხ–მც დაადასტურა, რომ ზ. ხ–ი შპს „კ–ს“ წარმომადგენელსაც - ბუღალტერ გ. გ–ს ატვირთინებდა ინფორმაციას ღამის საათებში(რის მიზეზადაც თ. ხ–მ მიუთითა, რომ ზ. ხ–ს ღამით მისი შეწუხება არ უნდოდა, თავად ზ. ხ–მ კი მიზეზად მიუთითა, რომ ღამის საათებში მის ბუღალტერს ინტერნეტთან არ ჰქონდა წვდომა). ანგარიშფაქტურების ატვირთვასა და დაკორექტირებასთან დაკავშირებით სრულად თანხვდენილია გ. მ–ს და ს. თ–ს ჩვენებები. შესაბამისად, სხვა მტკიცებულებების არარსებებობის პირობებში სასამართლო ვერ გაიზიარებს ზ. ხ–სა და თ. ხ–ს ჩვენებებს იმ ნაწილში, სადაც მითითებულია, რომ გ. მ–მ ზ. ხ–სთან შეთანხმების გარეშე დააკორექტირა რაიმე სახის ინფორმაცია ი/მ „ზ. ხ–ს“ შემოსავლების გვერდზე.

15. სადავო საკითხი მხარეებს შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, როდესაც, ერთი მხრივ, ი/მ „ზ. ხ–მ“ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (შესრულებული სამუშაო უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო) და, მეორე მხრივ, როდესაც ს. თ–მ მას არ გადაუხადა დარჩენილი თანხა (რადგან ს. თ–ა ხარვეზებით შესრულებული სამუშაოს გამო დაჯარიმდა გენერალური დამკვეთისაგან - შპს „...“). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ს. თ–ს ხარვეზების აღმოსაფხვრელად დასჭირდა დამატებითი თანხები და რესურსი, რის საფუძველზეც მიიჩნია, რომ ი/მ „ზ. ხ–სათვის“ დამატებით თანხა გადასახდელი არ ჰქონდა.

16. სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას ს. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2012 წლის დეკემბერში 2012 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული ორი ყალბი ხელშეკრულებისა და 2012 წლის 21 დეკემბრით დათარიღებული ხელფასის უწყისის, ასევე 2012 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 10 ერთეული 2012 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული ყალბი შრომითი ხელშეკრულებისა და ხელფასის უწყისების დამზადების) ჩადენის შესახებ და მიუთითებს, რომ გრაფიკული ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, ხელშეკრულებები ს. თ–ს ხელმოწერის კუთხით რაიმე სიყალბეს არ შეიცავს. ზ. ყ–სთან და ე. ხ–სთან 2013 წლის 3 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებებზე და 2021 წლის 21 დეკემბრით დათარიღებულ ხელფასის უწყისზე ხელმოწერები ნამდვილია. 2012 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ნ. მ–სთან, გ. გ–თან, გ. ა–თან, მ. ტ–თან, ი. მ–თან, ს. წ–თან დადებულ ხელშეკრულებებში დადასტურდა მათი ხელმოწერის ნამდვილობა. ხელფასის დარიცხვის უწყისებზე დადასტურდა ასევე ე. ხ–ს, ი.მ–ის და ს. წ–ს (სამი უწყისი) ხელმოწერა. ხოლო ი. ხ–თან, ე. ხ–სთან და დ. ყ–თან დადებულ ხელშეკრულებებში მითითებული ხელმოწერები არ არის შესრულებული მათ მიერ (ი. ხ–ისა და ე. ხ–ს ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი პირის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, დ. ყ–ს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ასევე არც ს. თ–ს). თუმცა სასამართლო ითვალისწინებს მოცემულ მოწმეთა: ე. ხ–სა და დ. ყ–ს ჩვენებებს, სადაც უთითებდნენ, რომ ისინი მუშაობდნენ ს. წ–თან, მათ საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდათ „.......თან“ და არ იცნობდნენ ს. თ–ს. ხელშეკრულების გასაფორმებლად პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს ს. წ–ს, მოგვიანებით კი ხელი მოაწერეს ს. წ–ს მიერ წარდგენილ ხელშეკრულებებზე. ი.ხ-მ კი განმარტა, რომ მართალია მონაწილეობა მიიღო სარეაბილიტაციო სამუშაოებში, მაგრამ ს. თ–სთან ხელშეკრულება არასოდეს დაუდია. ხელშეკრულებების შპს „..........დან“ ს. წ–ს მიერ წაღების, თ–ში ჩატანისა და ხელმოწერილი ხელშეკრულებების ს. წ–ს მიერ ჩამოტანის ფაქტი დაადასტურა ასევე შპს „კ–ს“ ბუღალტერმა - გ. მ–მ, რომელმაც ასევე მიუთითა, რომ სწორედ ს. წ–ი აწვდიდა ინფორმაციას, ვისზე უნდა გაცემულიყო სახელფასო უწყისი. ს. წ–ს მიერ შპს „.......დან“ ხელშეკრულებათა წაღების ფაქტი ასევე დასტურდება თავად ს. წ–სა და რ. თ–ს ჩვენებებით.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს თავად ს. წ–ს ჩვენებაში არსებულ წინააღმდეგობებს, სადაც მოწმე უთითებს, რომ 2012 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე ასახული ხელმოწერა მას ეკუთვნის, თუმცა დეკემბრის თვეში „კ–ს“ დაკვეთით არავითარი სამუშაოები არ შეუსრულებია. ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოები მან და მისმა ჯგუფმა შეასრულეს უფრო ადრე - სექტემბერში. მეორე მხრივ კი უთითებს, რომ დაახლოებით დეკემბრის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, წავიდნენ თ–ში, თავიდან გალაქვაზე საუბარი არ იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ხელახლა უნდა შეეღებათ 1000 კვადრატი. შპს „კ–მ“ დარეკა „კ–ში“, ის წავიდა, მასალები წამოიღო, თანხა კი გადაიხადა „კ–მ“.

18. ამასთან, ნ. მ–ს, გ. გ–ს, მ. ტ–ს, გ. ა–ისა და ი. მ–ს ხელშეკრულებებზე ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია, თუმცა მოწმის სახით დაკითხვისას მათ მიუთითეს, რომ ხელშეკრულების შინაარსს არ იცნობდნენ და ისე მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებებში გაწერილია მხარეთა უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობა, შრომის ანაზღაურების წესი და პირობა, რასაც მხარები ხელმოწერით ადასტურებენ, სახელფასო უწყისებშიც ასევე მითითებულია თანხის ოდენობები, რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს. იმ პირობებში, როდესაც მოცემული წერილობითი მტკიცებულებების უარსაყოფად ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მითითებულ მოწმეთა ჩვენებები.

19. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით(მოწმეთა ჩვენებებითა და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით) არ დასტურდება ს. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

20. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).

22. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი