საქმე # 060100120003736090
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№899აპ-21 ქ. თბილისი
ფ. ი., 899აპ-21 24 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, ი. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას; კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ზ. ყ-მ და მოწმეებმა - თ., გ. და გ. ფ-ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეში არსებული სხვა სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ფ-ს მხრიდან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, ხოლო, მეორე მხრივ, ი. ფ-ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, რადგან საქმეში აშკარად გამოკვეთილია მისი მხრიდან სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ფ-ს ბრალად დაედო: გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი ი. ფ. 2019 წლის მარტიდან 2020 წლის 6 მაისის ჩათვლით, არასრულწლოვანი შვილების - თ. და ფ. ფ-ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ზ. ყ-ს, კერძოდ, აგინებდა, ეძახდა ,,ბოზსა“ და სხვა უწმაწურ სიტყვებს, რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
2.2. 2019 წლის მარტიდან 2020 წლის 6 მაისის ჩათვლით ი. ფ. მეუღლეს - ზ. ყ-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, სცემდა მას სხვადასხვა დროსა და ადგილას. დედაზე ძალადობას ესწრებოდნენ ი. ფ-სა და ზ. ყ-ს არასრულწლოვანი შვილები. ი. ფ-ს ქმედებების შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
2.2.1. 2020 წლის 1 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ფ-ს არ მოეწონა მეუღლის - ზ. ყ-ს მოდუღებული ყავა, რის გამოც ესროლა ყავის ჭიქა, შემდგომ კი - ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2.2. 2020 წლის 3 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ფ-მ, იმის გამო, რომ ზ. ყ-მ პროდუქტების შეძენისას გადაიხადა ზედმეტი 40 თეთრი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა მას მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2.3. 2020 წლის 6 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ი. ფ-მ ზ. ყ-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში და მოქაჩა თმა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4. 2020 წლის 6 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხონის შს რაიონულ სამმართველოში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლები - კ. ს. და ბ. მ. მივიდნენ ხონში, .. მდებარე ი. ფ-ს საცხოვრებელ სახლში. ი. ფ. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე გახდა აგრესიული, დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით, ხოლო კ. ს-ს ფიწალი დაარტყა მკლავში.
3. ი. ფ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენით: ი. ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - ჯარიმა - 2500 ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა - ჯარიმა 500 ლარი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ფ-მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა მის მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები.
5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, ი. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან წარდგენილი ბრალდებების ნაწილში ი. ფ-ს უდანაშაულოდ ცნობა არ ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ხოლო მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებით მისი ქმედება სამართლებრივად არასწორად შეფასდა, რადგან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ი. ფ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, მის მიერ ჩადენილი ქმედება მართებულად შეფასდა, როგორც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულებმა - ზ. ყ-მ, თ. და გ. ფ-ებმა, ასევე - მოწმე გ. ფ-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან - მოწმეების: ს. ბ-ს, ლ. ო-ს, ს. ტ-სა და დ. დ-ს ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად ი. ფ-ს მსჯავრდებას, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დაზარალებულ ზ. ყ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, ცალკე აღებული, ვერაფრით გახდება ი. ფ-ს ბრალეულობის მტკიცების უპირობო საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება პირდაპირ არ ადასტურებს, რომ ი. ფ. არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა ზ. ყ-ზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მის მიმართ ძალადობრივ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას შორის. მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, მსჯავრდებულის ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტას, რასაც თან სდევდა ფიზიკური ძალადობა და ასეთი ძალადობის მუქარა, თუ მისი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელის საქმიანობიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რომლებიც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში ცდილობდნენ ვითარების გარკვევას, მაგრამ ი. ფ-ს ქმედებები არ ყოფილა მიზანმიმართული, რათა დაზარალებული პოლიციელის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელეყო მისი ჯანმრთელობა, ვინაიდან დადგენილია, რომ დაზარალებულმა კ. ს-მ დაზიანება მიიღო არა ი. ფ-ს მხრიდან თავდასხმის შედეგად, არამედ პირიქით - მსჯავრდებულისათვის ფიწლის წართმევის მცდელობის დროს, რომლითაც იგი პოლიციელებს ემუქრებოდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის, არამედ - პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიციის მუშაკისათვის ძალადობითა და ძალადობის მუქარით წინააღმდეგობის - დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები და, შესაბამისად, შერაცხული კვალიფიკაციით ი. ფ-ს მსჯავრდება კანონიერია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დარიკო ვადაჭკორიას - საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი