Facebook Twitter

საქმე # 080100120003866575

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №900აპ-21 ქ. თბილისი

კ. თ. 900აპ-21 17 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გამართლებულ თ. კ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. კ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის თებერვალში, ზუსტი დრო დაუდგენელია, თ-ში მდებარე სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თ. კ-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადა მეუღლეზე - ნ–ზე (ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2020 წლის 29 აპრილს, ღამის საათებში, ქ-ში მდებარე სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა თ. კ–მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მეუღლეზე - ნ-ზე (ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ასევე ფეხსაცმელიც რამდენჯერმე დაარტყა სახეში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2020 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-ში მდებარე სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ალკოჰოლით მთვრალმა თ. კ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მეუღლეზე - ნ-ზე (ხელი გაარტყა სახეში, ხელი ძლიერად მოუჭირა სახეზე). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2020 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ - ში მდებარე სახლში, თ. კ. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით (უღერებდა იარაღს და შესაშინებლად იარაღიდან ესროლა სკამს, რომელზეც იჯდა ნ.), გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ-ს. რის გამოც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მაისის განაჩენით:

3.1. თ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი).

3.2. თ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 29 აპრილის ეპიზოდი).

3.3. თ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 9 ივლისის ეპიზოდი).

3.4 თ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 9 ივლისის ეპიზოდი).

3.5. თ. კ-ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3.6. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად:

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული აირის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ZORAKI -2--- მჭიდით, ცეცხლსასროლი იარაღი TT-C მჭიდით, ვაზნებით და სანადირო თოფი, სახელმწიფო ნომრით ........., ვაზნებით, რომლებიც ინახება ბ–ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განკარგვის მიზნით, გადაეგზავნება საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს.

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ხის სკამი, რომელიც ინახება ბ–ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გობრონიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ხ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს გამართლებულმა თ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ხ-მ და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება ნივთმტკიცების (იარაღების ჩამორთმევის) ნაწილში და იარაღების უკან დაბრუნება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

3. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, თ. კ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა სრულად, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული აირის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ZORAKI -2--- მჭიდით, ცეცხლსასროლი იარაღი TT-C მჭიდით, ვაზნებით და სანადირო თოფი, სახელმწიფო №..... ვაზნებით, რომლებიც ინახებოდა ბ–ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განკარგვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს.

4. კასატორის მტკიცებით, თ. კ-ს სრულად გამართლების გამო იარაღები უნდა დაუბრუნდეს მას. კასატორი ასევე უთითებს რომ სანადირო თოფი სახელმწიფო ნომრით №...... იყო გამართლებული პირის ბაბუის - თ. კ-ს საკუთრება, ვის სამკვიდროზე მემკვიდრეობა აღდგენილი აქვს მხოლოდ ზ. კ-ს.

5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021წლის 21 მაისის განაჩენის თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე:

„4.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული აირის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ZORAKI -2--- მჭიდით, ცეცხლსასროლი იარაღი TT-C მჭიდით, ვაზნებით და სანადირო თოფი, სახელმწიფო ნომრით №....-, ვაზნებით, რომლებიც ინახება .....ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განკარგვის მიზნით, გადაეგზავნება საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს.

4.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ხის სკამი, რომელიც ინახება .......ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს(იხ. ტ.2.ს.ფ.83)“.

5.2. აღნიშნული ნივთმტკიცებების საკითხი ანალოგიურად არის გადაწყვეტილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენითაც.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი განსაზღრავს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხის გადაწყვეტის წესს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

6.1. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ხის სკამის (რომელიც ინახებოდა ბაღდათის რაიონულ სამმართველოში) კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შესახებ კანონშესაბამისია.

7. თ. კ–ს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 2020 წლის 11 ივლისს, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ამოიღეს აირის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ZORAKI - .. მჭიდით (სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად), ცეცხლსასროლი იარაღი TT-C მჭიდით, ვაზნებით (სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად) და სანადირო თოფი, სახელმწიფო ნომრით №........, ვაზნებით (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 32-36).

8. საქართველოს შსს .......ის, ........სა და ............ის პოლიციის დეპარტამენტის ........ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ გ–ს წერილით ირკვევა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ........ს მომსახურების ცენტრში არსებული კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, აირის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ZORAKI -2--- ნომრით ......., რეგისტრაციის თარიღი 06.07.2015 წელი, მოქმედების ვადა - უვადო, კატეგორია B(შენახვა, ტარება) და ცეცხლსასროლი იარაღი TT-C ნომრით Л..., რეგისტრაციის თარიღი 06.12.2019 წელი, მოქმედების ვადა - უვადო, კატეგორია A(შენახვა), რეგისტრირებულია მოქალაქე თ. კ. (პ..............) სახელზე. სანადირო თოფი, სახელმწიფო ნომრით №.........., ბაზის მიხედვით, რეგისტრირებული არ არის. წერილში დამატებით მითითებულია, რომ სანადირო თოფი 511 კალიბრი 16 რეგისტრირებულია თ. კ.(დაბ. ... წელი) სახელზე, რეგისტრაციის თარიღი 05.09.2006 წელი, მოქმედების ვადა - 5 წელი, კატეგორია B(შენახვა, ტარება)(იხ.: ტ.1, ს.ფ. 113).

9. ამდენად, აირის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის - ZORAKI -2.... - მჭიდით და ცეცხლსასროლი იარაღის - TT-C მჭიდით, ვაზნებით - კანონიერ მესაკუთრეს წარმოადგენს თ. კ. (პ.......).

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოიჩინოს განსაკუთრებული გულმოდგინება გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, მიიღოს საჭირო ზომები, რომელიც საკმარისი იქნება ყველა რისკის თავიდან ასაცილებლად (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტსაც, რომლის თანახმად, „იარაღის ჩამორთმევა ხდება მოძალადისათვის მის მიმართ გამოცემული დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით.

11. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქმეში წარმოდგენილია პატაკი შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 68), თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება აღნიშნული პატაკის საფუძველზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი; ასევე არ დგინდება არც დამცავი ორდერის გამოცემა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

12. თ. კ-ს წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის პირობებში, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები არ წარმოადგენენ არც დანაშაულის იარაღს და არც დანაშაულის საგანს. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული საგნების საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმევის კანონისმიერი საფუძველი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იარაღების ჩამორთმევა მათ შორის ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული არც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით.

13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სანადირო თოფი (სახელმწიფო ნომრით №..... ვაზნებით) საქმეში წარმოდგენილი მასალებით ეკუთვნოდა გამართლებულის ბაბუას და არ არის რეგისტრირებული თ. კ. (პ........) სახელზე. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დგინდება რეგისტრაციის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 5 წლით - 05.09.2006 წლიდან ( იხ. ტ.1, ს.ფ.13)

14. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის თანახმად, სანადირო გლუვლულიანი თოფი წარმოადგენს სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღს. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.

15. კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სანადირო თოფი სახელმწიფო ნომრით №.........., რომელიც იყო მისი ბაბუის - თ. კ. - საკუთრება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია. კასატორის მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით, რომელიც რეგისტრირებულია 2017 წლის 22 თებერვალს, დგინდება, რომ თ. კ. გარდაიცვალა 2013 წლის 2 სექტემბერს და სამკვიდრო ქონება მიიღო მამკვიდრებლის მეუღლემ - ზ. კ-მ ფაქტიური ფლობით (ფაქტიური ფლობა დასტურდება იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობით, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სპეციალურ აღრიცხვაზე მყოფი გლუვლულიანი სანადირო თოფების ფლობას, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. იხ. ტ.2, ს.ფ. 142-145).

16. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იარაღის მესაკუთრეს ავალდებულებს რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, ხოლო ამავე კანონის 28-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი იარაღის ჩამორთმევას ითვალისწინებს მათ შორის „სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა“. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით სამოქალაქო იარაღია, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნების გამოყენებისათვის, ხოლო მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სამოქალაქო იარაღის ერთ-ერთი სახეა სანადირო იარაღი.

17. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.

18. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N240 დადგენილების დანართი N1-ი სხვა შემთხვევებთან ერთად არეგულირებს სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში(თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) იარაღის ჩამორთმევის წესსა და პირობებს(მუხლი 1, პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი). ამავე დადგენილების დანართი N1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისას (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ჩამორთმეული, პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვაზე და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური; ხოლო დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით უფლებამოსილი პირი ჩამორთმეულ იარაღს ინახავს მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენამდე.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის .......ს მომსახურების ცენტრში არსებული კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, სანადირო თოფი სახელმწიფო ნომრით №...... რეგისტრირებული არ არის. ამავე დოკუმენტის თანახმად, სანადირო თოფი 511 კალიბრი 16 რეგისტრირებულია თ-ი კ. (დაბ. ........ წელი) სახელზე, რეგისტრაციის თარიღი 05.09.2006 წელი, მოქმედების ვადა - 5 წელი, კატეგორია B(შენახვა, ტარება) (იხ.: ტ.1, ს.ფ. 113). თ. კ-ს ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მისი მეუღლის - ზ. კ-ს სახელზე გაცემულია 2017 წლის 22 თებერვალს(იხ.: ტ.2, ს.ფ. 142-145), საქართველოს შსს მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N... ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის ჩამორთმევას თუ იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებიდან 7 თვის ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

20. ამდენად, სანადირო თოფის (სახელმწიფო ნომრით №...... ვაზნებით) დაბრუნება საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ ეტაპზე ობიექტურად შეუძლებელია, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება სამკვიდროს მიღებასთან ერთად აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანადირო თოფი (სახელმწიფო ნომრით №...... ვაზნებით) იარაღზე უფლების რეგისტრაციამდე უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ხოლო აირის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ZORAKI -2--- მჭიდით (სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად) და ცეცხლსასროლი იარაღი TT-C მჭიდით, ვაზნებით (სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად) საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს - თ. კ-ს ( პ №...............).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 81-ე მუხლით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გამართლებულ თ. კ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენში თ. კ–ს მიმართ;

3. აირის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ZORAKI -2--- მჭიდით (სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად) და ცეცხლსასროლი იარაღი TT-C მჭიდით, ვაზნებით(სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად) დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს - თ. კ-ს;

4. სანადირო თოფი (სახელმწიფო ნომრით ...... ვაზნებით) შესანახად გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე