Facebook Twitter

საქმე # 820100121004394388

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№909აპ-21 ქ. თბილისი

ტ. ო., 909აპ-21 18 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა; დაზარალებულები - დ. ტ. და ლ. ტ. ადასტურებენ, რომ ო. ტ. მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ, რასაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს, მაგრამ მეუღლესა და შვილზე ფიზიკურად არასდროს უძალადია; უტყუარად ვერ დგინდება მსჯავრდებულის მუქარის რეალურობა, რაც მის ქმედებაში მსჯავრად შეაცხული დანაშაულის შემადგენლობას გამორიცხავს; სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლიობად მიიჩნია დაზარალებულების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დ. ტ-ს აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ მისი წარმომავლობა ვერ დადგინდა; მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა - ტ. ბ-მ აღნიშნა, რომ დ. ტ-ს განმარტებით, ხელი საოჯახო საქმიანობისას დაიზიანა; დაზარალებულებს - დ. ტ-სა და ლ. ტ-ს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რადგან ისინი შერიგდნენ და განაგრძობენ ერთ ოჯახად ცხოვრებას.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით ო. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ო. ტ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ტ-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხტა შემდეგში:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი ო. ტ. 2020 წლის დასაწყისიდან 2021 წლის 8 იანვრამდე, .. თავისივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - ლ. ტ-ს თანდასწრებით, მეუღლეს - დ. ტ-ს სისტემატურად ამცირებდა, აშანტაჟებდა, აგინებდა და ლანძღავდა. ო. ტ. ანალოგიურად, სისტემატურად ამცირებდა, აშანტაჟებდა, აგინებდა და ლანძღავდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს - ლ. ტ-ს. აღნიშნულის გამო დ. ტ. და ლ. ტ. მუდმივად იმყოფებოდნენ სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

3.2. 2020 წლის 14 სექტემბერს .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ო. ტ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელი დაარტყა და მარცხენა მტევნის მეოთხე ნეკის ძვალი მოსტეხა დ. ტ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯამრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლით მთვრალი ო. ტ. 2021 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 16:10 საათზე, .. თავისივე საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობითა და ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლის განადგურებით დაემუქრა დ. ტ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა, ალკოჰოლით მთვრალმა ო. ტ-მ 2021 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 16:10 საათზე, .. თავისივე საცხოვრებელ სახლში, მარცხენა ხელზე ხელის მოჭერითა და სახლის შესასვლელ კარზე შეჯახებით, ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ. ტ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ო. ტ-ს ქმედებას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა, ალკოჰოლით მთვრალმა ო. ტ-მ 2021 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 16:10 საათზე, .. თავისივე საცხოვრებელ სახლში, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ლ. ტ-მ მოუწოდა, შეეწყვიტა დედაზე ძალადობა, აგრესია გადაიტანა ბავშვზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ლ. ტ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-მ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ო. ტ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ არასწორად შეაფასა მსჯავრდებულის ქმედება, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ო. ტ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ტ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელები - სამართლიანი და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა; საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ დაზარალებულები - დ. ტ. და ლ. ტ. მსჯავრდებულის მხრიდან მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიუთითებენ, რადგან თავად დაზარალებულები ცალსახად და დამაჯერებლად ამხელენ ო. ტ-ს, როგორც სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, ასევე - ფიზიკური ძალადობის კონკრეტულ ეპიზოდებში; დაზარალებულების ჩვენებები ო. ტ-ს მხრიდან მეუღლესა და შვილზე ფიზიკურ ძალადობასთან მიმართებით არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ასევე თანხვდენილია ერთმანეთთან და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: დ. ტ-სა და ლ. ტ-ს სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, რომელთა თანახმად, ერთი მხრივ, დ. ტ-ს 2020 წლის 14 სექტემბერს დაუდგინდა მარცხენა მტევნის მეოთხე თითის ძვლის მოტეხილობა, ხოლო, მეორე მხრივ, ლ. ტ-ს 2021 წლის 8 თებერვალს თეძოს მიდამოში, მარჯვნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი; მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამედიცინო დახმარების მიღებისას დაზარალებულმა დ. ტ-მ ექიმს არ გაუმხილა დაზიანების მიღების რეალური მიზეზი, ვერაფრით გახდის საეჭვოს დაზარალებულის მიერ სასამართლოში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულ ჩვენებას, რომელიც მხარეებმა ჯვარედინი დაკითხვით შეამოწმეს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ო. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი