Facebook Twitter

საქმე # 120100120004225092

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №916აპ-21 ქ. თბილისი

ნ. ბ., 916აპ-21 8 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და ბ. ნ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მითითებით, ბ. ნ. წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, რა დროსაც მის მიმართ გამოყენებული იყო საშეღავათო ღონისძიებები, თუმცა აღნიშნულმა არ გაამართლა და მან კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. ამასთან, მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

2. მსჯავრდებულ ბ. ნ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ჩ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან იგი დასაბუთებული და სამართლიანია.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით ბ. ნ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ბ. ნ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე ბ. ნ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.

გაუქმდა ბ. ნ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ი. თ-ს უნდა დაუბრუნდეს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ შეტანილი ფულადი თანხა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ნ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ბ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 17 ნოემბერს, შუადღისას, .. მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ბ. ნ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - დ. ბ-ს, კერძოდ: მან ერთხელ დაარტყა ხელი ზურგის არეში, რამაც დ. ბ-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. ნ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. ნ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორიციელებას, არ არის ნასამართლევი) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბ. ნ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ბ. ნ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს (წარსულში ნასამართლობა და დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენა), საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სასამართლო სასჯელის შეფარდებისას ვერცერთ მათგანს ვერ მიიღებს მხედველობაში, კერძოდ: ბ. ნ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. რაც შეეხება პროკურორის მითითებას მსჯავრდებულის წარსულ ნასამართლობაზე, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან იკვეთება, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით ბ. ნ. გათავისუფლდა 2011 წლის 11 მარტის განაჩენით მისჯილი ძირითადი და დამატებითი სასჯელების მოხდისგან და ასევე მოეხსნა ნასამართლობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ.სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი