Facebook Twitter

საქმე # 150100120004018342

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №919აპ-21 ქ. თბილისი

ი. ა., 919აპ-21 8 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ი-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულებმა: შ., ნ. და ა. ი-ბმა სასამართლოში ჩვენება არ მისცეს ა. ი-ს წინააღმდეგ, მაგრამ განმარტეს, რომ ზიანი ანაზღაურებულია და პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც ფაქტობრივად გულისხმობს, რომ დაადასტურეს ა. ი-ს მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი; ამასთან, ა. ი-ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობითაც.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ი-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ა. ი-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის ივნისიდან მოყოლებული, .. მდებარე სახლში, თანაცხოვრების პერიოდში, ა. ი-მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე მეუღლეს - ა. ი-ს, დედას - ნ. ი-სა და მამას - შ. ი-ს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღავდა, აგინებდა და მიმართავდა მათ უშვერი სიტყვებით. უკანასკნელად, 2020 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, .. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ა. ი-მა ოჯახის წევრებს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ა., ნ. და შ. ი-ბმა ა. ი-ს სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა.

- 2020 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლით მთვრალმა ა. ი-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - ა. ი-ს, დედას - ნ. ი-სა და მამას - შ. ი-ს. ამასთან, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრებს, კერძოდ: უთხრა, რომ დახოცავდა მათ, თუ ისინი კვლავ გააგრძელებდნენ მასთან კამათს, ასევე თუ სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ განაცხადებდნენ საგამოძიებო ორგანოში, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისათვის მიმართეს სამართალდამცავ ორგანოს.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით ა. ი., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ა. ი-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

გამართლებულ ა. ი-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. ი-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს გამართლებულ ა. ი-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა, დაზარალებულებმა - ა. ი-მა (ა. ი-ს მეუღლემ), ნ. ი-მა და შ. ი-მა (ა. ი-ს მშობლებმა), პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის - ა. ი-ს წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მოწმეების - ლ. ი-ს, გამომძიებლების- კ. ე-ს, ტ. გ-ს, მ. გ-ს, რ. ვ-ს, ა. ა-ს, ექსპერტ - ვ. მ-ს, თარჯიმან მ. ე-ს ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის შემთხვევის თვითმხილველი პირი და, ამდენად, მათი ჩვენებები არის ირიბი, ისევე როგორც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რის გამოც ვერცერთი ეს მტკიცებულება საფუძვლად ასევე ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ.თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი