საქმე # 330100121004458909
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №931აპ-21 ქ. თბილისი
ჯ. ი., 931აპ-21 18 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ი. ჯ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, რადგან მიიჩნევს, რომ საქმეში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები: მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული, არ გაუწევია წინააღმდეგობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია და მას პრეტენზია არ გააჩნია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენით ი. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა წინა განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ი. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ჯ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ი. ჯ-მა, კარის გაღების გზით შეაღწია .. კორპუსის წინ მდებარე, შპს ,, “ პრესის ჯიხურში, სადაც დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ჯიხურის გამყიდველს - ნ. ჩ-ს და დაეუფლა თანხის შესანახ ყუთში მოთავსებულ - 120 ლარს. ჯ-ს ქმდებით ნ. ჩ-ს მიადგა მორალური, ხოლო შპს ,, “ - 120 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ი. ჯ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ი. ჯ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, რადგან საქმეში გამოკვეთილი იყო სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის წინაპირობები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული; ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; ზიანი ანაზღაურებულია; დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი განუსაზღვრა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი მაკვალიფიცირებელი გარემოებების სიმრავლის გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ი. ჯ-მა დანაშაული ჩაიდინა პირობით მსჯავრდებულმა, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებისათვის არ არის მიზანშეწონილი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი