საქმე # 330100121004513567
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №949აპ-21 ქ. თბილისი
რ. გ., 949აპ-21 11 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. კ-სა და მ. შ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ა. კ-მ და მ. შ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. რ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ. რ. პირადად ან მესამე პირების დახმარებით უთვალთვალებდა დაზარალებულ ნ. ლ-ს და არც პირადად თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ამყარებდა მასთან ურთიერთობას, მას არ ჩაუდენია არცერთი ისეთი ქმედება, რაც დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვასა და მისი ცხოვრების წესის შეცვლასა თუ მისი შეცვლის საჭიროებას გამოიწვევდა; დაზარალებული ნ. ლ. თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ იგი გ. რ-ს არცერთ სიტყვას არ აღიქვამდა სერიოზულად და არც მისი შეშინებია, ვინაიდან იცოდა, რომ მას უყვარდა, რის გამოც არაფერს ავნებდა და არც მისი ქმედების გამო შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გ. რ. პირადად დაეხმარა ბინის დაქირავებაში; ამასთან, სასამართლო ახდენს მოწმეების - მ. ს-სა და ნ. მ-ს ჩვენებების არასწორ ინტერპრეტაციას, ვინაიდან მათი ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი 2021 წლის 13 თებერვალს პირადად არ შესწრებიან გ. რ-სა და ნ. ლ-ს საუბარს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით გ. რ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა -1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და 2021 წლის 15 მარტის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
გ. რ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 14 თებერვლიდან.
გაუქმდა გ. რ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. რ-მ ჩაიდინა ადევნება, ე.ი პირადად თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი მისამართის დადგენის მცდელობა, რაც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და უქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროებას.
გ. რ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის აგვისტოდან გ. რ. სისტემატურად ახდენდა ყოფილი შეყვარებულის - ნ. ლ-ს თვალთვალს და დევნას, კერძოდ: გ. რ. პირადად და ტელეფონის საშუალებით არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ყოფილ შეყვარებულთან - ნ. ლ-სთან. ასევე სისტემატურად სთხოვდა შეხვედრას და აიძულებდა მასთან ურთიერთობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გ. რ-ს მიერ ჩადენილი სისტემატური მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად, ნ. ლ-მ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი, ასევე სამსახურში შეცვალა სამუშაო საათები. ამის მიუხედავად, გ. რ-მ სისტემატური თვალთვალით დაადგინა ნ. ლ-ს საცხოვრებელი მისამართი. ასევე შეიტყო მისი სამუშაო განრიგი და გააგრძელა მუქარა, მათ შორის - იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით. გ. რ-ს ქმედებით შეშინებულმა ნ. ლ-მ მეორედ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი. 2021 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში, თბილისში, .. გ. რ. მივიდა სუპერმარკეტ „ნ-ში“, სადაც მოლარე-ოპერატორად მუშაობდა ნ. ლ. და კვლავ მოითხოვდა, რომ მას გაეგრძელებინა მასთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი თავისთვის დაებრალებინა, რაც მოუვიდოდა. გ. რ-ს მიერ განხორციელებული სისტემატური თვალთვალისა და მუქარის შედეგად ნ. ლ-მ განიცადა ტანჯვა, ასევე იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, რის გამოც რამდენჯერმე შეიცვალა კიდეც საცხოვრებელი მისამართი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ა. კ-მ და მ. შ-მ. აპელანტებმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. რ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. რ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ ნ. ლ-ს ჩვენება, მოწმეების - ნ. მ-ს, მ. ს-ს, ა. ხ-ს, ლ. კ-ს, შ. მ-ს ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. რ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოსდა, დაზარალებულ ნ. ლ-ს ჩვენებით არ დასტურდება გ. რ-ს დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ თავის ჩვენებაში ცალსახად უთითებს დაზარალებული, რომელმაც განმარტა, რომ გ. რ. სისტემატურად ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას, რა დროსაც სთხოვდა მასთან ურთიერთობის გაგრძელებას, ემუქრებოდა, მათ შორის - იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობითა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იგი განიცდიდა სისტემატურ სტრესსა და შიშს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იძულებული გახდა, რომ არაერთხელ შეეცვალა საცხოვრებელი ადგილიც. გ. რ-ს მხრიდან დაზარალებულის მიმართ სისტემატურ არასასურველ კომუნიკაციის ფაქტს თავიანთ ჩვენებებში ასევე ადასტურებენ მოწმეები - ნ. მ. და მ. ს-ც, რომლებიც მათ შორის - პირადადაც, 2021 წლის 13 თებერვალს შეესწრნენ ერთ-ერთ ასეთ ფაქტს, რა დროსაც როგორც ნ. მ-მ, ისევე მ. ს-მ პირადად გაიგონეს თუ როგორ დაემუქრა გ. რ. დაზარალებულს: „ამას ესე არ შეგარჩენ“, ხოლო მ. ს-მ - გ. რ-ს ნათქვამი: „ნახავ, რა მოგივა, გაიქეცი, გაიქეცი“. მითითებულ მოწმეთა და აგრეთვე მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების - ა. ხ-ს, ლ. კ-სა და კ. ე-ს ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ დაზარალებული ნ. ლ. გ. რ-ს ქმედებების გამო იყო ძლიერ შეშინებული და სტრესულ მდგომარეობაში. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ თითქოსდა, დაზარალებულ ნ. ლ-სა და მოწმეების - ნ. მ-სა და მ. ს-ს ჩვენებებით არ დასტურდება არასასურველი კომუნიკაციის ფაქტები და რომ სასამართლო არასწორად ახდენს მოწმეთა ჩვენებების ინტერპრეტაციას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. კ-სა და მ. შ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი